ძიება

ლექციები დეტალურად / ილია ჭავჭავაძის შესახებ / ნაწილი I

<9172

ნაწილი I

ილია ჭავჭავაძე ყველაზე ფართოდ ხსენებადი სახელია დღეს საქართველოში. ფაქტობრივად, ეს არის ის პიროვნება, ის ავტორიტეტი, რომელსაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე იზიარებს საქართველოს ყველა სოციალური თუ ინტელექტუალური ფენა. სინამდვილეში, ილია ჭავჭავაძის სახელს ესაკუთრება არა მხოლოდ დღევანდელი თანამედროვე საქართველო, არამედ მას საბჭოთა საქართველოშიც თავისი სოციალური როლი ჰქონდა მინიჭებული, როგორც კულტურულ ფიგურას, როგორც ნაციონალურ ფიგურას. ასევე ნიშანდობლივია, რომ ილია ჭავჭავაძის სახელი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ადრეულ საბჭოთა პერიოდში იყო ტაბუდადებული, მაგრამ მისი გააქტიურება სწორედ 30-იანი წლების ბოლოდან მოხდა ქართულ სააზროვნო სივრცეში. თუმცა, ილია ჭავჭავაძის ფიგურა და როლი დღეს, თანამედროვე საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია.
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საქართველო, 21-ე საუკუნის პოსტსაბჭოთა, პოსტკოლონიური ეპოქის საქართველო, არის სწორედ ის ქვეყანა, რომლისთვისაც კვლავაც ყველაზე მეტად არის საჭირო ილია ჭავჭავაძის ნააზრევი. ამიტომ, ჩვენი კურსი - „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ - ითვალისწინებს არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის, როგორც კულტურული ფიგურის და როგორც მწერლისა და პროზაიკოსის, პოეტის, როლის გაცნობიერებას, არამედ, პირველ რიგში, როგორც მოაზროვნის როლის გაცნობიერებას იმ სააზროვნო სივრცის შემოსაზღვრაში, რომელმაც სინამდვილეში შექმნა ქართველი ერი მისი დღევანდელი სახით.
სწორედ ილია ჭავჭავაძეს მიეწერება თანამედროვე ქართული ნაციონალური სივრცის, თანამედროვე ქართული ნაციონალური იდენტობის შექმნა და თანამედროვე ქართველი ერის, როგორც ასეთის, ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, დღესაც ილია ჭავჭავაძეს მოიხსენიებენ როგორც პიროვნებას, ვინც შექმნა თანამედროვე ქართველი ერი, და სამეცნიერო ნაშრომების კრებული სწორედ ასეც არის დასათაურებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული: „ქართველი ერის დაბადება“. ეს არის ის როლი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს უდავოდ აქვს მინიჭებული დღევანდელ საქართველოში.
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ილია ჭავჭავაძე მნიშვნელოვანია რამდენიმე ნიშნით. ეს არის პიროვნება, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნა ერთიანი ნაციონალური სააზროვნო სივრცე და ნაციონალური კუთვნილების გარემო. მანამდე, ცხადია, საქართველოშია არსებობდა რეალობა, რომელთან გამკლავებაც ილია ჭავჭავაძისთვის საქართველოს იმდროინდელი ვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ყველაზე აქტუალური ამოცანაა - ეს არის კოლონიური რეალობა. საქართველო მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1801 წელს, ისე, რომ, როგორც ჩანს, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა არისტოკრატიამაც ეს ნათლად ვერ გააცნობიერა, აღმოჩნდა კოლონიზებული; ის აღმოჩნდა უცხო სახელმწიფოს - რუსეთის შემადგენლობაში და ასეთი ცნება, როგორიც არის „ერთიანი საქართველო“, რეალურად აღარც არსებულა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, მანამ, სანამ 1863 წელს ილია ჭავჭავაძემ ის ხელახლა არ აღადგინა ქართულ ნაციონალურ ენაში. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ იმას, ეს სიტყვა დაბრუნდა მიმოქცევაში იმდროინდელ ქართულ ბეჭდურ მედიაში, არამედ ის დაბრუნდა სააზროვნო გარემოში, როგორც ერთიანი საქართველოს მახასიათებელი. შეიძლება ითქვას, რომ მანამდე „საქართველო“, როგორც ცნება, არ იყო კონკრეტული გეოგრაფიული ფაქტორი, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით იყო შესული - ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ილია ჭავჭავაძისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაბრუნებულიყო ეს ცნება, პირველ რიგში, ქართველთა ნაციონალურ თვითშეგნებაში.
საერთოდ, ითვლება კიდეც, რომ ილია ჭავჭავაძემ შექმნა ახალი ნაციონალური თვითშეგნება. მართლაც, თუკი იმდროინდელ ევროპის სინამდვილეს შევხედავთ, დღეს მკვლევრები აღიარებენ, რომ ნაციონალიზმი და ნაციონალური იდენტობა, დღევანდელი გაგებით, ეს არის მე-19 საუკუნის პროდუქტი ევროპის ქვეყნებშიაც. მანამდე არსებობდა სხვადასხვა ფეოდალური ერთეულის იდენტობანი, ფეოდალური იდენტობა, როგორც ასეთი, ხოლო სწორედ მე-19 საუკუნეს მიეწერება ის დრო, როდესაც ევროპაში იქმნება ერი-სახელმწიფოები; ნიშანდობლივია, რომ ილია თავის პუბლიცისტიკაში სწორედ ერი-სახელმწიფოების ფორმირების პროცესს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს; ყველასთვის ცნობილია ის ტექსტები, რომლებითაც ილია მიეგება ერთა თვითგამორკვევის პროცესს ევროპაში. „მესმის, მესმის სანატრელი“, რომელიც ყველამ იცის, რომ ჯუზეპე გარიბალდის ბრძოლასთან დაკავშირებით არის შექმნილი - 1860-იანი წლების ევროპულ სიტუაციასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ის, რომ ევროპაში იქმნება იტალია, როგორც ერი, და იტალიელები, როგორც ერი, ფორმირდება; გერმანელები, როგორც ერი, ფორმირდება; საფრანგეთის, როგორც თანამედროვე იდეებით გაერთიანებული სახელმწიფოს, ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და, გარდა ამისა, სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ერები ახდენენ თვითგამორკვევას, ილიასთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.
ის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნის 60-იანი წლებისთვის საქართველოს სჭირდება ერთიანი სააზროვნო ცნობიერების გათანამედროვება და ახალ სინამდვილესთან ადაპტაცია, ილიასთვის სრულიად უდავოა. ასევე, ის თვლის, რომ საქართველოს სჭირდება ფეოდალური იდენტობის შეცვლა ახალი, თანამედროვე, იმ დროისთვის თანადროული ქართული ნაციონალური იდენტობით, რომელიც თანადროულია დღესაც, 21-ე საუკუნეში.
ილია ძალიან მნიშვნელოვან წერილს წერს - „ზოგიერთი რამ“, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავებს, მაგრამ ამ წერილის დაწერის თარიღი არის 1866 წელი (უშუალო პერიოდი, როდესაც ილიამ დაიწყო ამ წერილზე მუშაობა), და სწორედ ამ პუბლიცისტურ წერილში ის ძალიან ნათლად, ძალიან გამოკვეთილად მიუთითებს ერთ პრობლემაზე, რომ: „...ის შემკრებლობითი დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენი გონებიდან ამოშრა. და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელი-ღა გახდა და არა საერთო, საყოველთაო მთელის იმ ხალხისა, რომელიც ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე უღელი ჭირში თუ ლხინში, ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით - თუ არაფერს აკეთებს - თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა“.
ცხადია, ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძისა გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი ენა, რომელიც თანამედროვე სინამდვილეს აღიარებს, და ამ ენაში თვითიდენტიფიკაციის პროცესი უნდა იყოს საერთოდ ერთიანი. შესაბამისად, ქართველები თვითიდენტიფიკაციას უნდა ეწეოდნენ არა როგორც იმერელი, გურული, მეგრელი, ქართლელი თუ კახელი, არამედ სწორედ როგორც ქართველები. ამ ერთიანი იდენტობის ცნების შექმნაში ილია, ამავე ციტატიდან დავინახეთ, რომ რამდენიმე პრინციპულ მახასიათებელს უსვამს ხაზს. ეს არის: საერთო ისტორიის გამოვლა, საერთო ისტორიის მძიმე უღელი და ჭირი და ლხინი, გლოვა თუ მხიარულება, რომელიც დღესაც მოძმეებს უნდა აერთიანებდეს ერთმანეთთან.
ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით ჩვენ მართლაც გვესაუბრება ახალი, თანამედროვე ქართული იდენტობის შემქმნელი. თუკი იდენტობის თეორიებს, როგორადაც ისინი უკვე 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ვითარდება, ილია ჭავჭავაძის ნააზრევს მივუსადაგებთ, ვნახავთ, რომ ილია ძალიან გამიზნულად ასრულებს ქართველი ერის თვითიდენტიფიკაციის ამოცანას.
იდენტობა ილიასათვის არის ისეთი პრობლემა, ისეთი პრინციპი, რომელიც, ცხადია, ვითარდება კოლონიურ გარემოში, კოლონიურ სინამდვილეში. საქართველო აცნობიერებს, რომ ჩვენ აღარ ვართ სუვერენული ერი, ეს აღარ არის ის ერი, რომელსაც აქვს თვითგანკარგვის, თვითგამორკვევის უფლება თანამედროვე მსოფლიოში, მაგრამ ილია ამ ამოცანას ახორციელებს სააზროვნო სივრცეში თავისი პუბლიცისტური წერილებით, თავისი საჟურნალო და საგაზეთო მოღვაწეობით. ყველამ იცის, რომ 1870-იან, 1880-იან, 1890-იან წლებში ილია თითქმის ყოველდღიურად ქმნის პუბლიცისტურ ტექსტებს, რომლებშიც ის, ერთი მხრივ, ეხმიანება საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ მეორე მხრივ, ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას - საქართველოს ლოკაციას თანამედროვე დასავლურ მსოფლიოში, თანამედროვე ევროპაში.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამიზნული ამოცანა. ილია ფაქტობრივად საქართველოს რე-ლოკაციას რუსული იმპერიის საზღვრებიდან და საქართველოს გადაადგილებას ცნობიერ და კულტურულ სივრცეში - იმ გარემოში, როგორადაც იმ დროს მას ესახება ევროპა. სწორედ ამიტომ, გამუდმებით ევროპული სამყარო ილიას ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზის საგანი ხდება. ეს არის ის გარემო, რომელიც ანალიზდება ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილებში, მაგრამ რომელთან იდენტიფიკაციას ილია ცდილობს თავისი მხატვრული შემოქმედებითაც, ცხადია, პოეტური, ესტეთიკური შემოქმედებითაც. ილია ჭავჭავაძე წერს ჯერ კიდევ 1861 წელს თავის საპროგრამო მოთხრობას - „მგზავრის წერილები“, რომელშიც ის ახორციელებს ოპოზიციას რუსულ იმპერიულ რეალობასა და ევროპას შორის. ყველას გვახსოვს ეს პერსონაჟები. ეს არის რუსის იამშჩიკი, რომელიც დანჯღრეული ეტლით მიაქანებს საქართველოს გაურკვეველი მომავლისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ახალგაცნობილი ფრანციელი, რომელიც დასცინის ამ სატრანსპორტო საშუალებას და ამბობს, „მთელი რუსეთი თუ მაგით დადის, იმიტომაც არის შორს წასული“. ცხადია, ასეთი ოპოზიციის დამყარება ილიასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ის ფაქტობრივად ამით ცვლის იმდროინდელ საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისიდანვე გაბატონებულ მოდელს, რომლის მიხედვითაც რუსული იმპერიული ცენტრი მიიჩნეოდა პროგრესის სივრცედ, რომელთან გაიგივებაც საქართველოსთვის მხოლოდ და მხოლოდ წინსვლის მომტანი შეიძლება ყოფილიყო.
ფაქტობრივად, ილია ამბობს, რომ საქართველოს კვლავ და კვლავ უდგას ევროპეიზაციის ამოცანა, მაგრამ ეს არის ისეთი ამოცანა, რომელიც მხოლოდ რუსული მოდელით არ უნდა განვითარდეს და საქართველომ სწორება უნდა აიღოს უშუალოდ ევროპულ სინამდვილეზე, ევროპულ რეალობაზე. ამ მიზნით ის თავის პუბლიცისტურ წერილებში, რომლებსაც ევროპისა და აღმოსავლეთის საკითხებს უძღვნის, გამუდმებით აანალიზებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ერის, სხვადასხვა სოციუმის ცხოვრების პრაქტიკას და ცხოვრების წესს. პირველ რიგში, ის უპირობოდ მიიჩნევს, რომ პროგრესის ცნება, პროგრესის იდეა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თანადროულ მსოფლიოში დაკავშირებულია ევროპულ სინამდვილესთან - განვითარების იმ მოდელთან, რაც აირჩია ევროპამ. ვნახოთ, რას წერს ის ძალიან მნიშვნელოვან წერილში - „აზია წინათ და ახლა“, რომელიც 1889 წლით თარიღდება:
„ისტორია და წარმატება - მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისაგან, რომელსაც ხან იქით უბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდა მიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგანაც ამისათვის ბარიც ხელში აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხვალის უკეთესობისა და მწვავი უკმარობა დღევანდელობისა“.
ეს არის ის წყურვილი, რომელიც, ილიას პრინციპულად უნდა, რომ გააღვივოს საქართველოში; ეს არის არა თვითკმაყოფილი მდგომარეობა, როგორსაც ის ძალიან სასტიკად და სარკასტულად ასახავს „კაცია-ადამიანში?!“, არამედ ხვალის უკეთესობისკენ მისწრაფება, მცდელობა, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. ცხადია, ილია ჭავჭავაძე ძალიან კონკრეტულად ასახელებს ინსტრუმენტებსაც, რომლითაც ხვალის უკეთესობა უნდა მიიღწეოდეს. ეს არის მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი - ანუ ეს არის მოქმედება, მაგრამ, ამასთანავე, ცოდნა. ფაქტობრივად, ილია გამოყოფს ორ ტოტს ცხოვრებისას. ეს არის აზროვნება და ქმედება და სწორედ ილია ჭავჭავაძე არის ის პიროვნება, რომელიც ორივე ტოტს თავის თავში აერთიანებს. ამიტომ ითვლება ილია დღესაც საქართველოში ერთ-ერთ მძლავრ და სინთეზურ ფიგურად, რომლისთვისაც არა მხოლოდ სააზროვნო და კრეატიული შემოქმედებითი საქმიანობა იყო მნიშვნელოვანი, არამედ უშუალო ყოფით გარემოში და სოციალურ-საზოგადოებრივ გარემოში ქმედებები; გარდა ამისა - იმ საზოგადოებების დაარსება, რომლითაც ილიამ შეცვალა საქართველოში სოციალური სინამდვილე. ესენია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საადგილმამულო ბანკი, დრამატული საზოგადოება - ანუ ის სივრცეები, რომლებშიც ადამიანებს ეძლეოდათ სამოქალაქო აქტივობის საშუალება.
სამოქალაქო აქტივობა და საკუთარი სინამდვილის თავადვე შეცვლა ილიასათვის ეს არის ის პრინციპი, რომელიც სწორედ ევროპული სივრციდან უნდა გადაიღონ ქართველებმა. ილია თავის წერილებში არაერთხელ ახსენებს, განიხილავს და აანალიზებს განვითარების იმ მოდელებს, რასაც მისი თანადროული ევროპული ერები ირჩევენ. იქნება ეს გერმანია და პრუსია, იქნება ეს საფრანგეთი, იქნება ეს პორტუგალია თუ ინგლისი და ირლანდია. ცხადია, ამ ქვეყნების განვითარების მოდელების ანალიზი - ის, თუ როგორ ვითარდება იქ თვითმმართველობა; ის, თუ როგორ ვითარდება იქ საგანმანათლებლო პროცესები; ის, თუ რამდენად მილიტარიზებულია იმდროინდელი ევროპა და რამდენად სჯობნის იმდროინდელი ამერიკა ევროპას იმით, რომ არ არის ორიენტირებული მილიტარისტულ ამოცანებზე და, პირიქით, განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ინდუსტრიაზე და ასევე, ცოდნის და მეცნიერების გაფართოებაზე იღებს ორიენტაციას. ანუ ასეთი ფაქტორების ანალიზით ილია ამბობს, რომ ერთადერთი გზა თანამედროვე მსოფლიოში არის ცოდნის, მეცნიერების, ასევე, წარმოების და ერთა ერთსულოვნების გზა, რომლითაც შეიძლება მხოლოდ საქართველოშიც არსებობდეს პროგრესის იმედი, პროგრესის განცდა.
ამ შემთხვევაში, ცხადია, ილია სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას, ცოდნას და ის თავის პუბლიცისტურ წერილებშიც, ისევე, როგორც, ცხადია, თავის მხატვრულ შემოქმედებაში, არაერთხელ საუბრობს იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოში დღეს განათლება; თუ რა ფუნქცია, რა მისია უნდა ჰქონდეს განათლების პროცესს. ძალიან კონკრეტული არგუმენტებით საუბრობს იგი.
„ამბობენ, ღარიბნი ვართო და წელი არ მოგვდევს, სწავლა-განათლებისათვის გამოვიღოთ რამეო. ჯერ ამას ვიტყვით, რომ ღარიბნი თუ ვართ, სწავლა-განათლების უქონლობის მიზეზია. სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა. მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდამ სიმდიდრის წყარო მოვადინოთ“.
ცხადია, ასეთი დამოკიდებულებით საგანმანათლებლო პროცესისადმი ილია ცდილობს საქართველოში ერთიანი სეკულარული და ასევე მასობრივი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს მისადაგებული თანამედროვე საზოგადოების განვითარების პრინციპებთან, რომელიც ილიასთვის უკავშირდება, რა თქმა უნდა, არა ელიტარულ განათლებას, არამედ იმ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების თითოეული წევრისათვის. ცხადია, ილია ძალიან ნათლად საუბრობს იმაზე, თუ რა ფუნქცია აქვს წერა-კითხვის გავრცელებას საქართველოში; აანალიზებს, ფაქტობრივად, სტატისტიკურად თავის წერილში - „ისევ განათლების საკითხებზე“ (რომელიც 1889 წელს მიეკუთვნება), თუ როგორ უნდა მოხდეს თვითონ ქართველი ხალხის მიერ განათლებაზე ორიენტაციის აღება. ის ამბობს, რომ საერო განათლება და სკოლების გამართვა, შესაძლოა, საქართველოში არ არის იმპერიული მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროცესი, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომლისთვისაც თვითონ ხალხმა უნდა გამოიღოს ხელი; ძალიან კონკრეტულად ასახელებს ციფრებს, თუ ქართველების რა პროცენტი დადის სკოლაში თუნდაც თბილისში და ამბობს, რომ მხოლოდ 1/3-ია საქართველოში წერა-კითხვის მცოდნე, მაშინ, როდესაც საქართველოში იმ დროს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ერები - გერმანელები თუ პოლონელები ბევრად უფრო ორიენტირებულები არიან განათლებაზე და ყოველ ოთხ გერმანელში სამია წერა-კითხვის მცოდნე, ხოლო ყოველ სამ პოლონელში ორია წერა-კითხვის მცოდნე; შემდეგ არიან რუსები, მხოლოდ ამის შემდეგ არიან ქართველები და სომხები. თბილისის მცხოვრებლების ასეთი სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით, ილია, ფაქტობრივად, ქართველებს აჩვენებს, რომ წერა-კითხვა და განათლება და ცოდნაზე ორიენტაცია იმ დროის საქართველოსთვის თუკი არ არის პრიორიტეტი, ის პრიორიტეტი მომავალში მაინც აუცილებლად უნდა გახდეს. ის ძალიან კონკრეტული, შთამბეჭდავი მოწოდებით მიმართავს ქართველებს:
„ტანთ მოიკელ, ფეხთ მოიკელ, მშიერ-მწყურვალი იარე და ნუ ჩასდგები-კი ჯერ შვილისა და მერე ქვეყნის ცოდვაში - აი რა უნდა ეწეროს გულის ფიცარზედ იმ წმინდა საქმეს, რომელსაც მამაშვილობას ეძახიან“.
რას ნიშნავს „შვილის ცოდვაში ჩადგომა“, შემდგომ კი „ქვეყნის ცოდვაში ჩადგომა“? ცხადია, ილია აქ თითოეულ ქართველს მოუწოდებს, თავი იგრძნოს ერთიანი ეროვნული სხეულის ნაწილად, რომლისთვისაც არსებობს ერთიანი ეროვნული ნაციონალური ამოცანები და ამ ნაციონალური ამოცანების გადაჭრით შეიძლება საქართველოს ფარული, მაგრამ სამომავლო ოცნების ასრულება, როგორიც არის ქართველთა მიერ ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ის, რომ საქართველოში ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბება დღეს, 21-ე საუკუნეში არის რეალური ფაქტი, ჩვენ სწორედ ილია ჭავჭავაძის სახელთან უნდა დავაკავშიროთ.

ბოლოს დამატებული
echo php tittle