ძიება

ლექციები დეტალურად / მერი ვოლსტონკრაფტის შესახებ / ნაწილი I

<5109

ნაწილი I

მერი ვოლტონკრაფტის ტექსტი არის ქალის უფლებების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 1792 წელს. მერი ინგლისელი მოაზროვნე, ესეისტი და ფილოსოფოსია, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი პირველი ევროპელი მოაზროვნე, რომელმაც დასავლეთ ევროპული აზროვნების ისტორიაში ყურადღება მიაქცია ქალის უფლების მდგომარეობასა და ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობას შორის პრობლემებს.
ვოლსტონკრაფტი დაიბადა 1759 წლის 27 აპრილს ლონდონში საშუალო შესაძლებლობის მქონე ოჯახში. თუმცა მამამისმა მალევე გაანიავა ქონება და ოჯახს საკმაოდ ხელმომჭირნედ მოუწია ცხოვრება. ისიცაა საინტერესო, რომ ის სახსრები, რაც ჰქონდათ მხოლოდ ოჯახის უფროსი ვაჯის განათლებისათვის ეყოთ. მერი და მისი დები თვითნასწავლნი იყვნენ.


ამ პერიოდის ქალების უმრავლესობას, მითუმეტეს თუ ისინი ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდნენ, განათლების არანაირი რესურსი არ ჰქონდათ და თვითგანათლება, ან ზოგიერთ შემთხვევაში სოფლის მღვდელი იყო მათი ერთადერთი საგანმანათლებლო წყარო. ვოლსტონკრაფტმა ადრევე დატოვა მამის ოჯახი და თავის რჩენა დაიწყო სადღაც 19 წლის ასალში . ერთი პერიოდი გუვერნანტად მუშაობდ,ა გარკვეული პერიოდი მდიდარი არისტოკრატი ქალის კომპანიონად, ასევე აღსანიშნავია, რომ დააარსა სკოლა თავის დებთან და მეგობრებთან ერთად, თუმცა 1787 წელს გადაწყვიტა, რომ ასეთ წამოწყებებზე უარი ეთქვა და დასახლდა ლონდონში, სადაც დაიწყო მწერლობით თავის რჩენა.


ის თავის პირად წერილში თავის მეგობარს წერდა , რომ „მე ჩემს სახეობაში პირველი წევრი ვიქნები, პირველი ქალი, ვინც ინტელექტუალური მუშაობით ,სახელდობრ წერით ირჩენს თავს“. ამ საქმეში ვოლსტონკრაფტს ძალიან დაეხმარა ჯოზეპ ჯონსონი, ინგლისელი ძალიან ცნობილი გამომცემელი და მეცენატი. და, რომ არა მისი მხარდაჭერა, ალბათ მერის ნაშრომები ამ რაოდენობით არ გამოქვეყნდებოდა.
თავიდან თავს ირჩენდა მხატვრული ლიტერატურის რეცენზიების დაწერით და თარგმნიდა გერმანულიდან ფილოსოფიურ და პოლიტიკურ ნარკვევებს. საკუთარი ტექსტი, რომელიც გამოაქვეყნა იყო „ფიქრები ქალიშვილების აღზრდის შესახებ“, რომელიც დიდაქტიკური ტრაქტატია და შეიცავს გარკვეულ მოსაზრებებს იმის შესახებ თუ , როგორ არის უკეთესი საშუალო კლასის ქალიშვილების აღზრდა. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი „მერი- გამოგონილი ამბავი“ და ასევე დიდაქტიკური საბავშვო წიგნი „ ნამდვილი ამბები რეალური ცხოვრებიდან“ .


პირველად ინტელექტუალური რეპუტაცია ვოლსტონკრაფტის შეიქმნა მაშინ , როდესაც მან დაწერა და 1790 წელს გამოაქვეყნა თავისი ტექსტი „ადამიანთა უფლებების დაცვა:, ზოგჯერ ამას თარგმნიან, როგორც კაცის უფლებების დაცვას, რადგან ინგლისურად მენ იწერება და ითარგმენა , როგორც მამაკაცი ან ადამიანი. ეს წერილი იყო პასუხი იმ პერიოდში გამოქვეყენებულ ძალიან გავლენიან ტექსტზე. ედმუნდ ბურკი იყო ასეთი ფილოსოფოსი და პოლიტიკის თეორეტიკოსი. ამ დროს საფრანგეთის რევოლუცია ხდებოდა. საფრანგეთის რევოლუციაზე რეაქციის სახით 1790 წელს დაწერა ბურკმა სწორედ რევოლუციის კრიტიკა. და ამ პოლიტიკურმა კრიტიკამ გამოიწვია ძალიან დიდი კასკადი საპასუხო წერილებისა, უმრავლესობა ამართლებდა ინგლისში საფრანგეთის რევოლუციას და ზოგიერთი ბურკის კრიტიკას ავითარებდა . აი, ამ კასკადში ვოლსტონკრაფტი პირველი იყო , ვინც გამოაქვეყნა წერილი ჯონსონის ხელშეწყობით ადამიანის უფლებების დაცვაში. ის იცავს რევოლუციას და უფრო კონკრეტულად აგრძელებს განმანათლებლობის იდეების დაცვას. მემკვიდრეობითა და არისტოკრატიით მიღებული პრივილეგიების კრიტიკა იყო მისი ძირითადი თემა და სწორედ რევოლუციას იცავს, როგორც ამ კრიტიკის ხორცშესხმას. ერთი საინტერესო დეტალი ამ ტექსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არის, რომ პირველი გამოცემა ამ ტექსტის გამოვიდა ანონიმურად ამ პერიოდში და ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, დადებითი რეცენზიები შეხვდა, ბევრი ციტირებდა, როგორც ძალიან საინტერესო ტექსტს და მალევე გაიყიდა პირველივე ტირაჟი. შემდეგ გამოიცა მეორე გამოცემა უკვე სახელით ყდაზე და გაირკვა, რომ ავტორი ყოფილა ქალი სახელად მერი ვოლსტონკრაფტი და უცებ გამოჩნდა ამ ტექსტის ძალიან ბევრი კრიტიკოსი, იმათმაც კი, ვინც თავიდან იწონებდა ნაშრომს, უცებ უკან წაიღეს თავიანთი სიტყვები . ეს შემთხვევითი არ არის და თავისთავად ქალის ინტელექტუალური პროდუქციის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული დამოკიდებულება ახასიათებდა და დღემდე ახასიათებს ინტელექტუალურ სამყაროს, მაგრამ ,გარდა ზოგადად ქალის პროდუქციისა აქ ძალიან საინტერესო იყო, რომ ვოლსტონკრაფტმა გაბედა დაეწერა, რაღაც პოლიტიკაზე. ამ დროს ქალები უკვე წერდნენ რაღაცებს აქვეყნებდნენ რომანებს, პოეზიის ნიმუშებს, მემუარებს, მაგრამ პოლიტიკა ითვლებოდა თემად, რომელშიც ქალს არაფერი ესაქმებოდა . ვოლსტონკრაფტი ნამდვილად პირველი ავტორი იყო, რომელმაც პოლიტიკური ტრაქტატი დაწერა ბურკის კრიტიკის მიმართ. წერილს შემდეგ უკვე მოჰყვა ძალიან ბევრი სხვა ტრაქტატიც .


შემდეგი მისი ტექსტი არის სწორედ ის ნაშრომი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ და ეს არის 1792 წელს გამოცემული მისი ყველაზე სახელგანთქმული ნაშრომი „ქალის უფლებების დაცვა“ , რომელიც ითვლება რომ თავისებური გაგრძელებაა „ ადამიანის უფლებების დაცვისა“ . ამ წიგნის გამოცემიდან მალევე 1792 წლის დეკემბერში ვოლსტონკრაფტი გაემგზავრა პარიზში, როგორც კორესპოდენტი ჯონსონის გამომცემლობიდან. ამ დროს პარიზში ხდება საოცარი ამბები. 1789 წლიდან დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია და 1799 წლამდე ითვლება, რომ ეს არის დიდი ძვრებისა და ორომტრიალის პერიოდი საფრანგეთში. 1792 წელი კი, როდესაც ვოლსტონკრაფტი ჩავიდა იყო განსაკუთრებით გარდამტეხი მომენტი, ამ დროს მეფე უკვე დაპატიმრებულია და ვოლსტონკრაფტის ჩასვლიდან, სადღაც ერთ თვეში ჰკვეთენ თავს ლუი მე-16-ს გილიოტინაზე და ამას კი მოჰყვება მალევე ის, რომ ინგლისი საფრანგეთს გამოუცხადებს ომს. და ვოლსტონკრაფტი აღმოჩნდა პარიზში, სადაც იყო მტერი სახელმწიფოს მოქალაქე , ინგლისის რამდენიმე მოქალაქე დააპატიმრა კიდეც ამ დროს რევოლუციონერმა მთავრობამ და ვოლსტონკრაფტსაც უკან დაბრუნების შანსი ამ დროს აღარ ჰქონდა. და ალბათ ბევრად უარესი რამ ელოდებოდა ვიდრე წილად ჰხვდა, რომ არა ა მის ცხოვრებაში გილბერტ იმლეი- ამერიკელი ბიზნესმენი და ავტორი. დღეს ბიბლიოგრაფები ფიქრობენ , რომ სავარაუდოდ იმლეი იყო ვაშინგტონის ჯაშუში პარიზში, ამერიკა ამ დროს საფრანგეთის მოკავშირე იყო და ამერიკელ მოქალაქეებს უკეთესად ეპყრობოდნენ რევოლუციურ პარიზში და იმლეიმ დააფიქსირა ვოლსტონკრაფტი ამერიკის საელჩოში, როგორც თავისი მეუღლე და ამან გადაარჩინა ვოლსტონკრაფტი საფრანგეთის რევოლუციური მთავრობისგან რაიმე ტიპის დევნას.

ამ ვიზიტის შემდეგ დაახლოებით 1794 წელს გამოაქვეყნა ვოლსტონკრაფტმა თავისი ტექსტი „ფიქრები საფრანგეთის რევოლუციის შესახებ“ რომელშიც ის ისტორიულ დეტალებს აღწერს და თავის ანალიზსაც აკეთებს. იმლეიმ, რომ ცოლად დააფიქსირა ეს შემთხვევითი არ იყო , ისინი არასოდეს დაქორწინებულან , მაგრამ იყვნენ შეყვარებულები . ამ პერიოდში გაიცნო ვოლსტონკრაფტმა იმლეი და მალევე გაუჩდა მას შვილი ფანი იმლეი. და მისივე წერილებიდან ირკვევა , რომ ვოლსტონკრაფტს თავდავიწყებით უყვარდა, თუმცა იმლეიმ არ მოინდომა მისი ცოლად შერთვა..ეს შეფასებები ძალიან ორაზროვანია , ბევრი ფიქრობს , რომ ძალიან სწორად მოიქცა , დაიცვა , წაიყვანა და აარიდა რაღაც პერიოდში პარიზს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მიატოვა დედა-შვილი და მომდევნო რამდენიმე წელი ვოლსტონკრაფტის ცხოვრებაში არის გილბერტ იმლეის დევნის წლები . ის ცდილობს წერილებითა და პირადი შეხვედრებით დაიბრუნოს და აღადგინოს იმლეისთან ურთიერთობა,მიემგზავრება სკანდინავიის ქვეყნებში, ნორვეგიაში , დანიაში ისევ იმ იმედით , რომ ურთიერთობას დაიბრუნებს და გაათბობს იმლეის გულს, თუმცა ამისგან არაფერი გამოვა . ნორვეგიიდან დაბრუნებულმა ვოლსტონკრაფტმა სცადა თავის მოკვლა (აღსანიშნავია, რომ თავის მოკვლა საფრანგეთში ყოფნის პერიოდშიც სცადა) და ტემზაში ჩახტა, საიდანაც გონდაკარგული ამოიყვანა შემთხვევითმა გამვლელმა და გადაარჩინა.


ვოლსტონკრაფტის მოგზაურობა სხვამხრივ აღმოჩნდა ნაყოფიერი და უშედეგოდ არ ჩაუვლია მას. თავისი მოგზაურობის მემუარები ვოლსტონკრაფტმა გამოაქვეყნა ასეთ წიგნში- „წერილები მოგზაურობის დროს“ აქ ჩამოთვლილია ქვეყნების სახელები, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა იმდროინდელ ინგლისურ საზოგადოებაში. ეს არის ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოები . მოგზაურობის შესახებ რომანები იყო ამ პერიოდში ერთ-ერთი გავრცელებული ჟანრი რომანებისა და, ორივე მხრივ, ვოლსტონკრაფტის ეს ტექსტი ითვლება ძალიან საინტერესო ნიმუშად .


1796 წლიდან ის უკვე დაუბრუნდა ლონდონის ინტელექტუალურ ცხოვრებას , ისევ ჯონსონის ხელშეწყობით ეს მემუარები და წერილები გამოაქვეყნა და აქ მან გაიცნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი თავის ცხოვრებაში. ეს იყო უილიამ გოდვინი. უილიამ გოდვინი იყო ინგლისელი ფილოსოფოსი , პოლიტიკის თეორეტიკოსი . ის თავის თანამედროვეობაშიც ძალიან ცნობილი ფილოსოფოსი და ინტელექტუალური ავტორიტეტი იყო. ითვლება ანარქისტული პოლიტიკის მიმართულების ერთ-ერთ წინამორბედად . აღსანიშნავია, რომ გოდვინსა და ვოლსტონკრაფტს შორის რომანი გაიბა.ასევე საინტერესოა , რომ გოდვინი ერთ-ერთ თავის წერილში წერს, რომ მას შეუყვარდა ვოლსტონკრაფტი მისი წერილების წაკითვის შემდეგ და ის ამბობს, რომ ეს იყო წიგნი, რომელიც ქალმა დაწერა იმისათვის , რომ ყველა კაცისთვის თავი შეეყვარებინა. ისინი ადრეც შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ მანამდე შეხვედრა ორმხრივი ანტიპათიით დამთავრდა , თუმცა 1796 წლიდან მათ შორის სერიოზული ურთიერთობა დამყარდა. და 1797 წლის მარტში მათ ფარულად იქორწინეს. თუ რატომ იქორწინეს ფარულად ამის ორნაირი აზრი არსებობს, ერთი ის, რომ ვოლსტონკრაფტი უკვე იყო ფეხმძიმედ და აგვისტოს ბოლოს იმშობიარა კიდეც, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. გოდვინი თვითონ იყო ანარქისტი და მისი ფილოსოფიურ -პოლიტიკური შეხედულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მისი კრიტიკა ოჯახის მიმართ, როგორც კერძო საკუთრების ინსტიტუტისა. შეიძლება ამიტომ გოდვინსაც დიდად არ სდომებოდა გაეხმაურებინა, რომ მან თავისი თეორიული მოსაზრებები დაარღვია და დაქორწინდა .


ვოლსტონკრაფტისა და გოდვინის ძალიან საინტერესო მიმოწერა არის შემორჩენილი . ისინი გვერდიგვერდ სახლებში ცხოვრობდნენ და დღეში ძალიან ბევრ წერილს უგზავნიდნენ ერთმანეთს , რომელიც დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ვოლსტონკრაფტისა და გოდვინის ბიოგრაფიებისა. ამ მიმოწერამ ძალიან ცოტა ხანს გასტანა 1797 წლის 30 აგვისტოს ვოლსტონკრაფტმა იმშობიარა და 10 სექტემბერს მშობიარობის გართულებით გარდაიცვალა . ფიქრობენ, რომ რაღაც სეფსისი დაემართა და, რაღაც ტიპის ინფექცია შეეყარა მშობიარობის დროს. ამ დროს არაფერი იცოდნენ ბაქტერიებისა და მიკრობების შესახებ მედიცინაში და ,შესაბამისად არც ექიმები და არც პაციენტები არ იღებდნენ სანიტარულ ზომებს. და ასე სამწუხაროდ დამთავრდა ვოლსტონკრაფტის ცხოვრება.


ვოლსტონკრაფტის მეორე ქალიშვილი ანუ მერი ვოლსტონკრაფტ-გოდვინი , ნაცნობია მერი შელის სახელით , ის ცოლად გაჰყყვა ინგლისური რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს , ბერსიბისი შელის და ის ასევე დამოუკიდებლადაც არის ცნობილი , როგორც ავტორი „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთესი „. ეს ცნობილი გოთიკური რომანი არის სწორედ მერი შელის მიერ დაწერილი. კიდევ აღსანიშნავია , რომ ვოლსტონკრაფტის სიკვდილის შემდეგ დაახლოებით 2 წლის მერე გოდვინმა გამოაქვეყნა „ მემუარები ქალის უფლებათა დაცვის ავტორის შესახებ“ და აქ მან თავიანთი პირადი მიმოწერაც და მერი ვოლსტონკრაფტის ბიოგრაფიის დეტალებიც გამოაქვეყნა. ამ წიგნს ჰქონდა ძალიან ცუდი გავლენა ვოლსტონკრაფტის იდეების მიღებაზე საზოგადოებაში . ამ წიგნის შემდეგ ვოლსტონკრაფტი ადამიანების თვალში წარმოჩნდა, როგორც ვნებიანი ქალი, რომელიც დიდად არ აფასებდა დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. მეორე მხრივ, მისი ტექსტების დიდი ნაწილი არის სწორედ კეთილგონიერებაზე , სექსუალობის მიმართ უფრო ეჭვიანი დამოკიდებულებებით გაჟღენთილი. მოკლედ ამ წიგნმა ვოლსტონკრაფტის რეპუტაცია ძალიან შელახა, იმდენად, რომ ზოგჯერ მის სახელს ხმარობდნენ ზოგიერთ კრიტიკულ თავდასხმაში, როგორც, ფარისევლობის სიმბოლოს და დიდი ხნის განმავლობაში ის და მისი იდეების მნიშვნელობაც დაიჩრდილა . სანამ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ უფრო ფემინისტური მოძრაობა და ქალის უფლებებისათვის ბრძოლა არ დაიწყო, და ფემინიზმი არ გაფორმდა ძლიერ სოციალურ და პოლიტიკურ ძალად, მანამდე ვოლსტონკრაფტის იდეებთან აღარ დაბრუნებულან.

ბოლოს დამატებული
echo php tittle