ძიება

ლექციები დეტალურად / მერი ვოლსტონკრაფტის შესახებ / ნაწილი II

<15404

ნაწილი II

„ქალის უფლებების დაცვა“ , რომელიც უკვე აღვნიშნეთ, რომ გამოიცა 1792 წელს ეს იყო უშუალო რეაქცია საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე. ტალეირანმა , ასეთი პოლიტიკოსი იყო საფრანგეთში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას წარუდგინა პროექტი განათლების სისტემის შესახებ, რომელშიც ის იდეას სთავაზობდა ეროვნულ ასამბლეას , რომ ბიჭებისათვის უნდა ყოფილიყო განათლება საზოგადოებრივ ინსტიტუტში , ხოლო გოგონების განათლება ,მისი აზრით , ოჯახში უნდა მომხდარიყო. აი ამ იდეაზე იყო უშუალო რეაქცია ვოლსტონკრაფტისა, როცა მან ქალის უფლებებზე წერა დაიწყო, თუმცა უფრო ფართო კონტექსტი არის ზოგადად მისი ფიქრი ქალების აღზრდის საკითხებზე , რაც გრძელდება საფრანგეთის რევოლუციურ მოვლენებზე, მაგრამ , აღსანიშნავია, ასევე ფიქრები თანამედროვე საზოგადოებაში ქალისა და კაცის მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ ეს წიგნი გასაგები იყოს , საჭიროა რამდენიმე ასპექტის გამოკვეთა ინტელექტუალური და სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტით.


ერთი ისაა, რომ ეს წიგნი საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში იწერება და ამ მოვლენების გააზრებაში მომწიფდა ნაშრომის იდეებიც, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციაც უფრო ფართო განმანათლებლობის მქონე კონტექსტში უნდა გავიგოთ. გასახსენებელია, განმანათლებლებისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული რწმენა გონებაში, აზროვნებაში რაციონალურობაში. ამ რწმენას სულ მცირე ორი ასპექტი აქვს , რომელიც ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია . ერთი მხრივ ის იდეა , რომ სოციალური წესრიგი უნდა ყოფილიყო რაციონალურად გამართლებადი, ეს უკვე ლოკის იდეაა ბუნებრივი სამართლისა და ,მეორე მხრივ, გონების, როგორც ადამიანის სრულყოფის, ადამიანის გაუმჯობესების უნარისა და გონების, როგორც სოციალური პროგრესისა და სოციალური სრულყოფის გაგება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც გასდევს ვოლსტონკრაფტის მსჯელობას ტექსტში. მეორე არის ვოლსტონკრაფტის რწმენა, რომელიც ისევე გონებას უკავშირდება და ზოგჯერ რელიგიური ელფერიც აქვს მის ფორმულირებებს. მისთვის, ის, რაც ადამიანში საუკეთესოა არის აზროვნება და გონების ის ნაწილი , რომელიც ადამიანს საერთო აქვს ღმერთთან. და ეს, რა თქმა უნდა, ვოლსტონკრაფტისთვის ეხება, როგორც ქალებს ისე კაცებს.


გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი განმანათლებლობისა და შემდეგ საფრანგეთის რევოლუციისა, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვეპაროს არის ადამიანთა თანასწორობის იდეა. ბევრისთვის საფრანგეთის რევოლუცია სწორედ იყო ამ თანასწორობის იდეის განხორციელება ან განხორციელების მცდელობა. და ყურადღებამისაქცევია, რომ ქალების მდგომარეობაზე, ქალისა და კაცის თანასწორობაზე ფიქრი წარმოუდგენელია დაწყებულიყო, რომ არა აღიარება იმისა , რომ თანასწორობა არის რაღაცა სახით იდეალი. ამ კონტექსტში უკვე გასაგებია, რომ ვოლსტონკრაფტი და ვოლსტონკრაფტამდე უკვე სხვა ავტორებიც იწყებენ უკვე ფიქრს არიან თუ არა საზოგადოებაში ქალი და მამაკაცი თანასწორები. ქალის მდგომარეობაზე საზოგადოებაში ინგლისში წინა საუკუნის ბოლოდან წერდა აფრაბენი , ასევე ქეთრინ მაკოლეი . საფრანგეთში კონდორსე ამტკიცებდა , რომ ქალებს აუცილებლად უნდა მიეცეთ პოლიტიკური უფლებები. ანუ ვოლსტონკრაფტი არ არის პირველი ადამიანი, ვინც ქალების მოდგომარეობას მიაქცია ყურადღება ევროპულ საზოგადოებაში.


საინტერესოა ვახსენოთ, ოლემპ დე გუჟი , რომელიც იყო ფრანგი დრამატურგი და , რომელიც ისტორიას შემორჩა თავისი დეკლარაციით „ქალისა და ქალი მოქალაქის უფლებების“ შესახებ. ეს ტექსტი მან 1791 წელს დაწერა, როგორც პასუხი 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის მიერ მიღებულ დეკლარაციაზე კაცისა და მამაკაცის უფლებების შესახებ. გუჟმა ამით ხაზი გაუსვა სწორედ იმას , რომ თვით საფრანგეთის რევოლუციის თანასწორობის იდეალშიც ქალები იყვნენ გამოტოვებულნი, ქალებს არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლება და ქალები , მართლაც, არ მოიაზრებოდნენ მოქალაქეში და პოლიტიკურ სუბიექტში, რომელიც, ერთი შეხედვით, გენდერულად ნეიტრალური ცნება იყო. გუჟის დეკლარაციიდან ცნობილია ფრაზა „ თუ ქალს აქვს ეშაფოტზე ასვლის უფლება, მაშინ მას ტრიბუნაზე ასვლის უფლებაც უნდა ჰქონდეს“, რაც ცუდად შემოუბრუნდა და გუჟი გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს 1793 წელს, როგორც ჟირონდისტების ერთ-ერთი მხარდამჭერი.


ამით ჩვენი სათქმელია , რომ ვოლსტონკრაფტის ტექსტის შექმნის დროს ქალების მდგომარეობაზე უკვე მიდის აზროვნება და ფიქრი. ასევე ერთ-ერთი ასპექტი ამ დროს სოციალური და პოლიტიკური ყოფისა , რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის ის სფეციფიკური გაგება სქესთა შორის განსხვავებისა, რომელიც დამახასიათებელია ამ პერიოდის ევროპისთვის , ინგლისშიც, საფრანგეთშიც, ზოგიერთი მკვლევარი ამ თავისებურების ასახსნელად გვთავაზობს თეორიას, რომ ანტიკურ პერიოდში და შუა საუკუნეებში სქესთა შორის განსხვავება გაიგებოდა ერთსქესიანი მოდელით. ერთსქესიან მოდელში გულისხმობენ წარმოდგენას, რომ ქალიც და მამაკაციც ითვლებოდა ადამიანად, ოღონდ უბრალოდ სხვადასხვა ხარისხისა და სრულყოფილების ადამიანად.სრულყოფილება რაციონალურობად ითვლებოდა და ითვლებოდა , რომ ქალი არის უფრო ნაკლებად რაციონალური ვიდრე მამაკაცი. ახალ დროში ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად გვეუბნებიან, რომ სქესებს შორის განსხვავების გაგების მთავარი პარადიგმა გახდა ორსქესიანი მოდელი. ამ მოდელში ქალსა და კაცზე ფიქრი დაიწყეს, როგორც ორ სრულიად სხვადასხვა არსებაზე. საუბრობდნენ იმაზე, რომ ქალისთვის დამახასიათებელია ემოცია, კაცისთვის - რაციონალურობა , ქალი უნდა იყოს სუსტი , კაცი-ძლიერი და მათ აქვთ სხვადასხვა როლები. წერდნენ , რომ თითქოს ქალი და კაცი ორი პოლუსია , რომელთა ერთობაც ქმნის სრულყოფილებას. ამ პერიოდის ტექსტებს თუ გავაანალიზებთ, არა მარტო სოციალურსა და პოლიტიკურს ნაშრომებს, ვნახავთ, როგორ განხსვავდება ქალისა და მამაკაცის გაგება ახალ დროში ანტიკურისა და შუა საუკუნეების გაგებისაგან.


ზუსტად ვოლსტონკრაფტი, რასაც აკრიტიკებს იმაში ადვილი ამოსაცნობია ეს ორსქესიანი მოდელი. ამ განსხვავების ასე მოაზრებას თავისი ასპექტები და სხვა გაგებებიც ჰქონდა. საინტერესოა ამ პერიოდის საზოგადოებას როდესაც ახასიათებენ განსხვავება, რომელიც ფაქტიურად ბურჟუაზიული საზოგადოების მაორგანიზებელი პრინციპი გახდა , განსხვავება პირადსა და საზოგადო ცხოვრებას შორის. ესეთი რადიკალური განსხვავება, მაგალითად შუა საუკუნეების ფეოდალურ საზოგადოებაში არ გვხვდება. ცხოვრება და მუშაობა არ არის ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნული. ხოლო ბურჟუაზიულ საზოგადოებაში პირადი და საზოგადო მოიაზრება , როგორც ორი სულ სხვადასხვა ამბავი. განსხვავებას თან მოჰყვა განსხვავება ქალებისა და კაცების საქმიანობაშიც. ქალი აღმოჩნდა ჩაკეტილი ოჯახის სფეროში და საქმიანობის მთავარ არეალად მოაზრებული იქნა ოჯახი , ხოლო მამაკაცი წარმოიდგინება , როგორც საზოგადოებრივი არსება , თუმცა მას პირადშიც რჩება საკუთარი ადგილი. ამ პერიოდში სქესთა განსხვავებების მოაზრების გაგრძელებაა, როგორც ქალისა და მამაკაცის პოლუსების დაყოფა და ქალის, როგორც დედის როლში გაგება , ქალის მთავარ უნარად დედობა და ბავშვების გაზრდა მოიაზრება. იმ დროს როდესაც ვოლსტონკრაფტი წერს ყველაფერი მიიჩნევა ეჭვშეუტანელ ჭეშმარიტებად. ამაზევეა მიბმული კონკრეტული ნორმები და შეზღუდვები ქალის სექსუალური ქცევის , სათნოებისა და მოკრძალების, თავშეკავებულობის გამოცხადებად.


სქესთა შორის განსხვავების ამ კონცეფციის ძალიან პარადიგმული და თითქმის გროტექსკული გამოხატულება არის ჟან ჟაკ რუსოს ის ტექსტი, რომელსაც ვოლსტონკრაფტი აკრიტიკებს. ვოლსტონკრაფტის ტექსტში ხშირია რუსოს ციტატები და ის არის მერის თავდასხმის ერთ-ერთი საგანი.
რუსო იყო ჟენეველი მოაზროვნე, ძალიან გავლენიანი განმანათლებელი. მისი იდეები უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საფრანგეთის რევოლუციის მომწიფებისათვის. ვოლსტონკრაფტი ძალიან პატივს სცემდა რუსოს ბევრ იდეას, და , განსაკუთრებით , რუსოს მიაწერენ იდეას, ადამიანის გაგებას, როგორც კეთილშობილი არსებისა. და იმის შესახებ, რომ ცივილიზაცია რყვნის ადამიანს, რომელიც ბუნებრივად კეთილშობილია. ეს ყველაფერი მერის მოსწონს , მაგრამ რუსოს აქვს დაწერილი 1762 წელს გამოქვეყნებული ტექსტი „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ და ეს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგიკის ისტორიაში. რუსო აკრიტიკებს განათლების ტრადიციულ სისტემას და იცავს იდეას, რომ განათლება მორგებული უნდა იყოს ადამიანის ბუნებრივ განვითარებაზე. ბუნებრივი იმპულსები კი არ უნდა ჩაკლას, არამედ უნდა იყოს მასში საუკეთესოს გაღვიძების ინსტრუმენტი. თვითონ რუსოს ტექსტის სიუჟეტი , რომლის ფონზეც ამ ყველაფერს გვიყვება არის მისი აღსაზრდელი ემილი, რომლის ჩვილი ასაკიდან ზრდასრულობამდე აღზრდას გვიყვება ავტორი „ემილის“ ოთხ თავში, ხოლო მეხუთეში რუსო უცებ გვიყვება სოფიას აღზრდის შესახებ , ეს არის ქალის აღზრდის სისტემა . რუსოს სოფია წარმოდგენილი ჰყავს, როგორც ემილის მომავალი ცოლი და გვიყვება , თუ როგორ უნდა აღიზარდოს იდეალური ცოლი. ზუსტად ამ იდეებს ეკვეთება ვოლსტონკრაფტი განსაკუთრებული პათოსით.


საინტერესოა, რუსოს ნათქვამი, რომელსაც ვოლსტონკრაფტი აციტირებს ქალისა და მამაკაცის პოლარული გაგებისა და , კონკრეტულად განათლებაში როგორ აისახება ეს ყველაფერი რუსოსთვის. „ აბსტრაქტულ და სპეკულაციურ ჭეშმარიტებათა , პრინციპთა და აქსიომათა გამოკვლევა არ არის ქალების შესაფერისი საქმიანობა. მათი აღზრდა პრაქტიკულ საკითხებს უნდა ეხებოდეს. მათი საქმეა კაცების მიერ აღმოჩენილი პრინციპების გამოყენება, მათი როლი კი - დაკვირვება . ქალები ყველა იდეა, რომელიც უშუალოდ არ ეხება მოვალეობის საკითხებს მიმართული უნდა იყოს კაცების შესწავლისა და მათთვის სასიამოვნო ღირსებათა მოპოვებისაკენ, ვინაიდან გენიალური ნაშრომების შექმნა მათ შესაძლებლობებს აღემატება. მათ არ გააჩნიათ არც საკმარისად მკაფიო აზროვნება და არც ყურადღების ძალა, რათა წარმატება მიაღწიონ მეცნიერებებში“ , „ ქალმა , რომელიც ბუნებრივად სუსტია და საკუთარ იდეებს დიდად არ უღრმავდება , იცის , როგორ განსაჯოს და შეაფასოს სწორად ის მოვლენები , რომელთაც თავად იწვევს თავისი სისუსტის შედეგების შესამსუბუქებლად“ ანუ ქალი არის სუსტი, მაგრამ გონიერმა ქალმა იცის, რომ სუსტია და იცის რა გააკეთოს , რომ თავისი სისუსტის შედეგები შეამსუბუქოს. „ ხოლო ეს მოვლენები კაცების ვნებას უკავშირდება. მექანიზმები, რომელთაც იგი იყენებს ბევრად უფრო ძლიერია , ვიდრე ჩვენი, რადგან ყველა მისი ბერკეტი ადამიანის გული შეძვრაზეა მიმართული. ქალი დაოსტატებული უნდა იყოს იმაში, რომ გაგვაკეთებინოს ყველაფერი ის, რასაც ის თავისი სქესის გამო თვითონ ვერ გააკეთებს. და, რაც აუცილებელი ან სასიამოვნოა მისთვის. ამიტომ მან ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს მამაკაცის გონება, არა კაცის გონება ზოგადად განყენებულად, არამედ იმ მამაკაცთა მიდრეკილებები, რომელთაც ის ექვემდებარება თავისი ქვეყნის კანონების ან ადათ-წესების კანონების ძალით. ქალმა უნდა ისწავლოს მამაკაცთან ნამდვილი გრძნობების ამოცნობა, მათი საუბრის ქმედებების, ჟესტების მიხედვით უნდა ფლობდეს ხელოვნებას საკუთაი საუბრით, ქმედებით და ჟესტებით გადასცეს მამაკაცისთვის სასიამოვნო გრძნობები ისე, რომ თავისი განზრახვა არ გაამჟღავნოს“. ასევე საინტერესოა ასეთი პასაჟიც სანამ ვოლსტონკრაფტის კრიტიკაზე გადავალთ : „ თუ ქალი იმისთვის არის შექმნილი, რომ სიამოვნება მიანიჭოს და დაემორჩილოს კაცს, მაშინ უეჭველია, მისი საქმეა იქცეს მამაკაცისთვის სასიამოვნოდ. მამაკაცის სურვილების ძლიერება დამოკიდებულია ქალის მომხიბლაობაზე. სწორედ მისი საშუალებით უნდა უბიძგოს ქალმა მამაკაცს ამ ძალის გამოყენებისაკენ, რომელიც მამაკაცს ბუნებამ მიანიჭა. მათი აგზნების ყველაზე კარგი ხერხია , რომ ქალმა წინააღმდეგობის გაწევით აუცილებელი გახადოს ამ ძალის გამოყენება, რადგან ამ შემთხვევაში სურვილს საკუთარი თავის სიყვარული ემატება და ეს ტრიუმფი ზეიმობს გამარჯვებით, რომლის მოპოვებაც მეორის ვალდებულებაა.აქედან წარმოდგება სქესთა შორის თავდასხმისა და თავდაცვის სხვადასხვა ხერხი. ერთი სქესის სითამამე, მერე სქესის მორცხვობა და ასე შემდეგ“.. ეს და ბევრი სხვა პასაჟი ვოლსტონკრაფტს აღაშფოთებს და ამბობს, რომ ეს არის ერთი მხრივ ავხორცობის ფილოსოფია, მაგრამ მნიშვნელოვანია არ გავიგოთ მერის კრიტიკა როგორც მორალიზმი რუსოს წინააღმდეგ. მისი კრიტიკა არის იმ სქესობრივი გაგებისა , რომელიც რუსოს ამ ტრაქტატში არის განხილული. რუსო გვეუბნება, რომ ქალებს არ ვასწავლოთ მეცნიერება, მათ ეს არ სჭირდებათ, ზოგადი იდეები მათ არ აინტერესებთ. მეტიც, ფიზიკური განვითარებაც ქალებს არ აინტერესებთ , კაცები არიან ბუნებრივად ცნობისმოყვარეები ხოლო ქალებს პრანჭვა მოსწონთ . ზოგიერთი ციტატა აქვს მოყვანილი ვოლსტონკრაფტს, სადაც რუსო ამბობს , როგორ ნახა თავისი თვალით გოგონა , რომელმაც უარი თქვა ერთ-ერთი ასოს წერაზე, რადგან სარკეში დაინახა , რომ ამ ასოს წერისას დაძაბულ პოზაში უწევდა თურმე ჯდომა. ხოლო მის ძმასაც არ მოსწოდა წერა-კითხვა , მაგრამ იმიტომ , რომ ლაღად თამაში მოსწონდა და არა იმიტომ , რომ ადარდებდა ის თუ, როგორ გამოიყურებოდა. ვოლსტონკრაფტი ამბობს, რომ ეს ხომ ნამდვილად მოიგონა ამ ადამიანმა, რადგან ზუსტად ვიცი , რომ გოგონებსაც ზუსტად ისევე უყვართ ეზოში ლაღად თამაში, როგორც ბიჭებს. და არც ერთ გოგონას არ ანაღვლებს ის თუ როგორ გამოიყურება სანამ მას ეს არ ჩაუნერგეს ძალიან პატარა ასაკშივე არასწორი აღზრდის შედეგად.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle