ძიება

ლექციები დეტალურად / მერი ვოლსტონკრაფტის შესახებ / ნაწილი III

<15400

ნაწილი III

უნდა ითქვას, რომ რუსო ზოგადად დიდი ავტორიტეტი იყო ვოლსტონკრაფტისთვის და იზიარებდა მის თეორიას განათლების შესახებ, ასევე მის შეხედულებებს თანამედროვე საზოგადოების კრიტიკის თვალსაზრისით , მაგრამ სწორედ რუსოს თვალსაზრისით ქალებისათვის სპეციფიკური განათლების საჭიროების შესახებ არის ის, რასაც განსაკუთრებულ აღშფოთებას და უთანხმოებას იწვევს ვოლსტონკრაფტის მხრიდან. როგორც ვთქვით, რუსოს იდეა იყო, რომ ქალებს არ სჭირდებათ რაციონალური განათლება და ,ამასთანავე , არც ეხერხებათ იგი. ქალები მხოლოდ ემოციურ და კაცის სიამოვნებაზე ორიენტირებულ არსებებად უნდა აღიზარდონ.
არგუმენტები რუსოს წინააღმდეგ ვოლსტონკრაფტის ტექსტში შეიძლება პირობითად დაიყოს რამდენიმე ჯგუფად. შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი მიმართულება: ერთი არის მისი არგუმენტები, რომლებიც ემყარება ზოგადად მის გაგებას ადამიანის არსისა და დანიშნულების შესახებ. ის ამბობს, რომ გონება არის ის, რაც ადამიანს გამოარჩევს სხვა ცოცხალი არსებისაგან, გონება არის, ის, რაც ყველა სქესის ადამიანში უმთავრესია და ფიქრი, რომ კაცობრიობის მხოლოდ ნახევარს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ განივითარონ გონებისა და აზროვნების უნარი ვოლსტონკრაფტისთვის წარმოუდგენელია. ვოლსტონკრაფტის აზრით, თუ ჩვენ ასეთ რამეს ვამბობთ უნდა ვგულისხმობდეთ , რომ ქალები არ არიან ადამიანები და თუ ვგულისხმობთ , რომ ქალები ადამიანები არიან მაშინ მისთვის წარმოუდგენელია , რით შეიძლება გავამართლოთ აზრი, რომ ქალებს მათში ის, რაც ადამიანური და საუკეთესოა იმის განვითარების შესაძლებლობა არ მივცეთ .


ვოლსტონკრააფტი არაერთხელ იმეორებს ასეთ აზრს , რომ სულს სქესი არ აქვს . და გონება და სულია ის, რაც ადამიანობას და ადამიანურობას განსაზღვრავს.
მეორე ხაზი პრაგმატული არგუმენტებისა არის მიმართული იმის ჩვენებაზე, რომ აღზრდის ეს სისტემა ქალებისათვის , რომელსაც რუსო გვთავაზობს და , რომელიც იმ დროს პოპულარული იყო ,არ არის ეფექტური თუნდაც იმ როლის მოსარგებად, რომლისთვისაც ქალები არიან ჩაფიქრებულნი. აქ ვოლსტონკრაფტი რამდენიმე დეტალურ შემთხვევას განიხილავს და საკმაოდ ხატოვნად აღგვიწერს, იმ შესაძლო შედეგებს ასე აღზრდილი ქალის ცხოვრებაში . ის ამბობს, რომ საუკეთესო შემთხვევაც რომ წარმოვიდგინოთ , რომ ქალს ,მართლაც, შეხვდა ისეთი გონიერი ქმარი , ცხოვრების მეგზური, რომლის გვერდითაც მას საკუთარი გონების გამოყენება არ დასჭირდება ამ შემთხვევაშიც კი რას ემსგავსება ასეთი ქალი. ვოლსტონკრაფტი ამბობს, რომ ან როგორ დედობას გასწევს ის, ან მეორე მხრივ რამდენად იქნება ის თუნდაც კარგი ცოლი , როგორც რუსოს ჰქონდა წარმოდგენილი .ის არ იქნება საინტერესო პარტნიორი მეუღლისათვის და, როგორც კი ვნებები ჩაქრება, მათ ურთიერთობას საფუძველი გამოეცლება. ხოლო მეორე მხრივ, ქალს, რომელსაც მხოლოდ ემოციური მხარე განუვითარეს არ იქნება კარგი დედა. მაგრამ ეს არის საუკეთესო შემთხვევა და ვოლსტონკრაფტისთვის უფრო რეალისტური შემთხვევა არის , როცა ქალს საერთოდ არ შეხვდა ასეთი გონიერი მეუღლე ან დაქვრივდა, ან საერთოდ არ გათხოვდა. საინტერესოა, რა ხვედრისათვის გასწირავს ასეთი აღზრდა ქალებს ? ის ამბობს, რომ ქალის აღზრდა მხოლოდ მამაკაცის საამებლად საბოლოო ჯამში ქალს გასწირავს ყველაზე უარესი ხვედრისათვის, ერთი მხრივ , იმისათვის, რომ ისინი დამოკიდებულნი იყვნენ სხვებზე და , მეორე მხრივ, მათ ვერც კი შასრულონ ის დანიშნულება , რასაც მათ ასეთი ხედვა აკისრებს.
ვოლსტონკრაფტი ფაქტიურად გვეუბნება, რომ გენდერული როლების ის განაწილება , რაც არსებობს იმ საზოგადოებაში და , რომელზეც მორგებულია აღზრდის ეს სისტემა, ტყუილს ეფუძნება. და ჰპირდება, რომ ყველა ქალს შეხვდება ის ხვედრი, რომელიც იდეალურია მისთვის,თუმცა ვოლსტონკრაფტისთვის თვითონ ეს როლიც არ არის იდეალური.


ამრიგად, ვოლსტონკრაფტის სტრიქონებში შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ როლი, რომლისთვისაც საზოგადოება ქალს ამზადებს არის ისეთი, რომელიც ძალიან ცოტას ამზადებს ისე, რომ ეს როლი შესასრულებელი გაუხდეს. მეორე საკითხია, რომ ეს როლი სრულიადაც არ არის მისთვის იდეალური.
ვოლსტონკრაფტის ტექსტი რომ შევაჯამოთ, ეს არის ქალების რაციონალური აღზრდის, ქალებში გონების განვითარების სასარგებლოდ გამოთქმული იდეა და რუსოს აზრის კრიტიკა. ვოლსტონკრაფტი უპირისპირდება რუსოს ქალების ფიზიკური აღზრდის საკითხში. ვოლსტონკრაფტის სერიოზული მოთხოვნაა ის , რომ გოგონებს ისევე უნდა შეეძლოთ ფიზიკური უნარების განვითარება, როგორც ბიჭებს. რუსომ, გოგონებს ქარგვა და თოჯინებით თამაში მიუსაჯა , ხოლო ბიჭებს მისცა შესაძლებლობა ეზოში ლაღად თამაშისა.


ვოლსტონკრაფტი ამბობს, რომ მან ბევრად უკეთ იცის, რა ეხერხებათ და უყვართ გოგონებს . გოგონებსა და ბიჭებს შორის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის სანამ საზოგადოება არ ჩაუნერგავს მათ სპეციფიკურ , განსაკუთრებულ ინტერესებს . სანამ საზოგადოება ასეთ ზემოქმედებებს მოახდენს გოგონებზე,მათ ისევე უხარიათ ეზოში ლაღად თამაში და ფიზიკური ვარჯიში, როგორც ბიჭებს. ეს არგუმენტი შეიძლება ასე შევაჯამოთ, რომ ფიზიკური განვითარება ქალის მოთხოვნილებებშიც ისევე შედის და ის აუცილებელია ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის. და კიდევ უფრო საინტერესო ამ კრიტიკაში არის ამოკითხვადი აზრები , რომელთაც პირობითად შეიძლება დავარქვათ გენდერული ნორმების სოციალურად კონსტრუირებადი თეზისი. ვოლსტონკრაფტი გვიყვება, თუ როგორ აყალიბებს საზოგადოება და სპეციფიკური აღზრდა ქალებსა და მამაკაცებს სპეციფიკურ არსებებად, როგორ უვითარდებათ მათ გემოვნება, მიდრეკილებები, მოთხოვნები. ქალურობა და მამაკაცურობა არის არა ბუნებრივი მოცემულობები განსაზღვრული ბიოლოგიური სქესობრივი განსხვავებებით, არამედ საზოგადოების მიერ შექმნილი და ადამიანისათვის თავს მოხვეული ნორმები.


ბევრად უფრო გვიან 1969 წელს დაწერა სიმონ დებოვუარმა წიგნი „მეორე სქესი“ , რომლის ყველაზე ცნობილი ფრაზაა „ ქალად არ იბადებიან, ქალად იქცევიან „ და სწორედ ამ აზრის ამოკითხვა შეიძლება ვოლსტონკრაფტთან, როდესაც ის ამტკიცებს, რომ ქალები როგორსაც მათ იცნობს საზოგადოება არიან არა სქესის ბუნებრივი თავისებურებებით განსაზღვრული , არამედ საზოგადოების მოთხოვნების მიხედვით ჩამოყალიბებული არსებები.
მეორე არის ვოლტონკრაფტის მტკიცება , რომ ქალები განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან და ზარალდებიან ფემინურობის ამ ნორმებით. ტექსტის წაკითხვისას იქმნება შთაბეჭდილება , რომ მას ძალიან არ მოსწონს ქალები ისეთი , როგორადაც მას თანამედროვე საზოგადოება აყალიბებს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძალიან კრიტიკულია ვოლსტონკრაფტი ქალების მიმართ, მაგრამ ამ კრიტიკის უკან აუცილებლად უნდა დავინახოთ მისი ის თვალსაზრისი, რომ კრიტიკის ობიექტები არ არიან ქალები, რომლებიც ისინი ბუნებრივად არიან. არამედ ის აკრიტიკებს ქალებს, როგორადაც მათ საზოგადოება აყალიბებს. ეს არის მისი კრიტიკა ფემინურობისა.


საინტერესოა მივაქციოთ ყურადღება მის მსჯელობას , თუ რა არის მაინცდამაინც ქალებსა და მამაკაცებს შორის პრინციპული განსხვავება. ერთადერთი ხელმოსაჭიდი განსხვავება , რომელიც შეიძლება მოვძებნოთ სქესებს შორის არის განსხვავება ფიზიკური ძალის თვალსაზრისით, მაგრამ, არ შეიძლება ადამიანის, გონებრივი განვითარების შესაძლებლობა დავამყაროთ ფიზიკურ ძალაში. ის ამბობს, რომ ბუნებამ ისე მოაწყო , ბიოლოგიურად ქალი და მამაკაცი, რომ მათ შორის კუნთების ძალაში გვაქვს განსხვავება , მაგრამ ამ განსხვავებას კულტურა კიდევ უფრო ზრდის იმით, რომ ქალებს მიუსჯის ოთახში ჯდომას, აუკრძალავს ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს, ხოლო მეორე მხრივ , ბიჭებს წაახალისებს. ის , რაშიც ბუნებამ შეიძლება მართლა შექმნა განსხვავება საზოგადოების მიერ იქცევა უფსკრულად, რადიკალურ და პოლარულ განსხვავებად. და თუნდაც დავუშვათ, რომ ქალები ბუნებით სუსტები არიან, საზოგადოება ისე მუშაობს , რომ კიდევ უფრო დაასუსტოს ისინი. ამ ყველაფრის დაკავშირება შეიძლება თანამედროვე ფემინისტურ კრიტიკასთანაც სილამაზის სტანდარტების ნორმებზე, რომელზეც ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ შემოღებული სილამაზის სტანდარტების შედეგია ანორექსიის შემთხვევები.


მეორე პასაჟი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, გენდერული ნორმების სოციალურ-კონსტრუირებულობის ანუ არაბუნებრიობის შესახებ არის მისი ტექსტი, სადაც ის მსჯელობს თუ როგორ სხვადასხვანაირად აფასებს საზოგადოება ქალსა და კაცს. ის განიხილავს მის დროს გავრცელებულ შეხედულებას , რომ ქალებისა და მამაკაცების მომწიფება სხვადასხვა ასაკში ხდება, რომ ქალები უფრო ადრე მწიფდებიან ვიდრე მამაკაცები. და საინტერესო ანალიზს აყოლებს ამ შეხედულებას ვოლსტონკრაფტი , რომ საზოგადოება სხვადასხვა რამეს აფასებს ქალებსა და მამაკაცში და ამიტომ გვეჩვენება, რომ ისინი სხვადასხვა დროს აღწევენ სიმწიფის ასაკს. ქალის შემთხვევაში საზოგადოება აფასებს მხოლოდ მის გარეგნობას, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში - გონებას. ჩვენ თუ შევხედავთ ქალებიც და მამაკაცებიც დაახლოებით ერთ ასაკში ასე ოცი წლისა არიან მშვენიერები გარეგნულად, ხოლო გონებრივად ორივე სქესის წარმომადგენლები უფრო ჩამოყალიბებულნი დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკში ხდებიან. მაგრამ იმიტომ , რომ საზოგადოება ქალს, მხოლოდ გარეგნობას სთხოვს, და კაცს - გონებას , ამის შედეგია ცრურწმენა მათი სხვადასხვა ასაკში მომწიფების შესახებ. ეს სტანდარტი ისეთია , რომ ქალში აფასებს სწორედ იმას, რაც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი მისი ცხოვრებისათვის, ხოლო მამაკაცში აფასებს, იმას რაც არის ღირებული როგორც ადამიანში, როგორც პროვნებაში და, რისი განვითარებაც მას ცხოვრების უკეთესად გავლაში მოეხმარებოდა.


საინტერესოა თუ რა არის ვოლსტონკრაფტის იდეების და ტექსტის მნიშვნელობა დღევანდელი გადმოსახედიდან. უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც ეს ტექსტი დაიწერა , რა თქმა უნდა, უდიდესია ამ ტექსტის ისტორიული მნიშველობა, მაგრამ ბევრი პასაჟი ტექსტისა შეიცავს რესურსს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გენდერული ურთიერთობების ანალიზისათვის. მკვლევარები ხშირად სვამენ კითხვას შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მერი ფემინისტად, იმიტომ რომ მისი აზრები კონფლიქტში მოდის თანამედროვე ფემინისტურ თვალსაზრისებთან , ერთი მხრივ , ის უპირობოდ იღებს იმას , რომ ქალისათვის განხორციელების ძირითადი სფერო არის ოჯახი, ხოლო მამაკაცისათვის - საქმიანი სფერო. მეორე მხრივ, ცოტა გულუპრყვილოა ვოლსტონკრაფტის მიერ ძალაუფლებრივი ურთიერთობების ანალიზი, თუნდაც ხედვა . ის თითქოს გულისხმობს , რომ ქალებს მეტი ძალაუფლება აქვთ ვიდრე მამაკაცებს, როდესაც ის ტირანებს ადარებს მათ და მისი ძირითადი გულისტკივილი ის არის, რომ ამ დროს ქალები თავიანთ ადამიანობას კარგავენ და არა ის, რომ ისინი დაქვემდებარებულები აღმოჩნდებიან მამაკაცებზე . ბევრი ფემინისტი არ დაეთანხმება ამ შეხედულებას და ის ქალებიც კი, რომლებსაც ტირანებს ადარებს, სინამვილეში ძალიან ბევრს გაიღებენ მსხვერპლად, არა მხოლოდ თავიანთი ადამიანობისთვის , არამედ იერარქიებში თავიანთი პოზიციების თვალსაზრისითაც. ეს არის შეზღუდულებები ვოლსტონკრაფტის ტექსტისა და ასევე ბევრი ფემინისტი აკრიტიკებს იმის გამო, რომ მისი ყურადღება ძირითადად მიმართულია იმდროინდელ საშუალო კლასის ქალებზე და ღარიბი ფენის წარმომადგენლები არ არიან ნახსენები და ესეც არის ,რა თქმა უნდა, გარკვეული სახის შეზღუდვა . ზოგიერთი ფემინისტი ამბობს იმასაც, რომ როდესაც ვოლსტონკრაფტი წერდა, ქალებს არ ჰქონდათ მემკვიდრეობის,ქონების, პოლიტიკური და სხვა სახის უფლებები. და ამ დროს მხოლოდ განათლებაზე ყურადღების გამახვილება შეიძლება ვიფიქროთ, რომ არ არის საკმარისად რადიკალური. თუმცა ზუსტად იმავე ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ და ეპოქის თავისებურებებს განვიხილავთ შეიძლება ვთქვათ, რომ ვოლსტონკრაფტის ტექსტი თავის დროში საკმაოდ თამამი იყო და უპირისპირდებოდა გაბატონებულ კონცეფციებს, რომლებსაც ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle