library-icon შთა

თომას ჰობსის შესახებ

3 ლექცია, ხანგრძლივობა: 44 წუთი 43 წამი
eye

1,902

1 /

კურსის შესახებ: გია ნოდია , გია ნოდია თომას ჰობსის შესახებ (ნაწ. II)

3 ლექცია, ხანგრძლივობა: 44 წუთი 43 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ ადამიანთა არსებობა ბუნებით მდგომარეობაში, სადაც ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც უნდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს საჭიროებები, მოთხოვნილებები, უნდა საჭმელ-სასმელი, უნდა საპირისპირო სქესთან ურთიერთობა... მაგრამ ამ პირობებში ადამიანები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში, ადამიანებს ამოძრავებთ, ერთი მხრივ, შეჯიბრი (ორ ადამიანს ან რამდენიმე ადამიანს შეიძლება ერთი და იგივე რაღაც მოუნდეთ, ერთი და იგივე ქალი მოუნდეთ, ვთქვათ), ამავე დროს მათ აქვთ ერთმანეთის შიში, ერთმანეთის შიში და უნდობლობა ამოძრავებთ და, გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ პატივმოყვარეობა - თითოეულ ადამიანს უნდა რაღაცით გამოირჩეს და სხვას აჯობოს. ამის გამო ადამიანები ერთმანეთთან კონკურენციაში და ბრძოლაში აღმოჩნდებიან და აი, ამ მუდმივ ქიშპს, მუდმივ ბრძოლას ჰობსი ახასიათებს თავისი ყველაზე ცნობილი გამოთქმით „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“. იმის გამო, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია და თანასწორია (დღეს ძალიან კარგად ჟღერს ეს სიტყვები), თუ ადამიანებს არაფერი არ ზღუდავს და მათ თავისუფლებასა და თანასწორობას არაფერი არ არეგულირებს, ამის შედეგად ისინი აღმოჩნდებიან ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ყველა ადამიანი არის ყველა ადამიანის მტერი და ყველა არის ყველასთან ომის მდგომარეობაში. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომის მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ყველას ყოველთვის ებრძვის, ყველა მოცემულ მომენტში, მაგრამ ეს ნიშნავს უნდობლობას და ერთმანეთის მტრად ხედვას. მშვიდობა არის ისეთი მდგომარეობა ომისგან განსხვავებით, როდესაც მე უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, დაცულად და არაფრის არ მეშინია, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთისა მუდამ ეშინიათ, ისინი ერთმანეთს მუდამ არ ენდობიან, თუმცა შეიძლება მოცემულ მომენტში ერთმანეთს არ ებრძვიან ან შეიძლება დროებით პირი შეკრან ვიღაც მესამის წინააღმდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი არსებითად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. აი, ასეთ ომის ვითარებაში, რა თქმა უნდა, ადამიანი მთავარი სურვილი - გნებავთ, ინსტინქტი დაარქვით, გნებავთ მიზანი - არის საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება; მისი მთავარი ემოცია არის სიკვდილის შიში. ამ შემთხვევაში ადამიანი არაფრით არ არის შეზღუდული ამოცანის შესრულებაში, რომ გადარჩეს და დაიცვას თავისი სიცოცხლე. ეს არის ადამიანის ბუნებითი უფლება. როგორც ჰობსი იტყოდა - მას შემოაქვს ეს მნიშვნელოვანი ცნება ბუნებითი უფლებისა, რომელიც შემდგომ ადამიანის უფლებების ცნების პროტოტიპია და საფუძველია - ყველა ადამიანს აქვს ბუნებისგან მონიჭებული უფლება, დაიცვას თავი და აი ამ თავდაცვაში მას არაფერი არ ზღუდავს. შესაბამისად, არანაირი მორალური შეზღუდვები იმ თვალსაზრისით, რომ სხვის წინააღმდეგ ადამიანმა აგრესია განახორციელოს, არ არსებობს, არ არის აუცილებელი, ვთქვათ, რომ ვიღაცა დამესხას თავს, რომ მე ამით გავამართლო სხვაზე თავდასხმა, შეიძლება მე დავასწრო მას და ისე დავესხა თავს. რატომ? იმიტომ, რომ მე მას არ ვენდობი, მას ხომ ჩაფიქრებული აქვს ჩემს საწინააღმდეგოდ ცუდი. ასე რომ, არანაირი გარანტია არა მაქვს, რომ ის არ დამესხმება თავს, ამიტომ მე შემიძლია მას დავასწრო და ამით ვაჯობო. ანუ წინმსწრები თავდასხმის უფლება მაქვს და ეს არანაირად არ შეიძლება იყოს დაგმობის საგანი, იმიტომ, რომ ბუნებით მდგომარეობაში არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს კანონები და არ არსებობს არც მორალი. შეიძლება ეს ბევრ ადამიანს საკამათოდ მოეჩვენოს, იმიტომ, რომ მორალის საფუძველი შეიძლება იყოს რელიგია ან ადამიანის სინდისი, მაგრამ ჰობსი მაქსიმალურად ამარტივებს სიტუაციას - ის თვლის, რომ სადაც არ არის რაიმე რეალური ძალა, რომელიც მიცავს მე, დაიცავს ჩემს სიცოცხლეს და, საკუთარი თავის გარდა, მე არავის იმედი არ შეიძლება მქონდეს, იქ პრინციპი „არა კაც ჰკლა“ არ შეიძლება მუშაობდეს, მე ყველაფრის უფლება მაქვს. ასევე მე მაქვს უფლება სხვა მოვკლა, მაქვს უფლება, სხვა დავიმონო - იმიტომ, რომ ამითაც საკუთარ თავს ვიცავ, საკუთარ უსაფრთხოებას ვზრდი - და ნებისმიერი მოქმედება ჩავიდინო სხვა ადამიანის მიმართ, იმდენად, რამდენადაც ეს ჩემს უსაფრთხოებას გაზრდის. მაგრამ რაც გინდა ფიზიკურად ძლიერი ან ეშმაკი ან გამჭრიახი იყოს ადამიანი და შეძლოს სხვა ადამიანების მიმართ ძალადობის განხორციელება, მაინც შეუძლებელია, რომ ადამიანმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ბუნებით მდგომარეობაში. ყოველთვის იქნებიან სხვები, რომლებიც არანაკლებ შეშინებულები არიან, ვთქვათ, ჩემით და, შეიძლება შეეცადონ, როდესაც მე მძინავს ან სადღაც ვიხედები, მომეპარონ და მეც ასევე დამესხან თავს.
ასე რომ, კარგი და დაცული ადამიანის ცხოვრება არასდროს არ იქნება. ასევე, ბუნებით ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ, შეუძლებელია, დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, განვითარდეს ეკონომიკა, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, რაღაც დათესო, იმიტომ, რომ არანაირი გარანტია არ გაქვს იმისა, რომ მოესწრები მოსავლის აღებას, ან თუნდაც თუ მოესწარი მოსავლის აღებას, შემდეგ ეს მოსავალი შენ შეგრჩება და სხვა არ წაგართმევს. მით უმეტეს, არანაირი განვითარება არ იქნება მეცნიერების, განათლების და ა.შ. იმიტომ, რომ ზოგადად ასეთ ვითარებაში ადამიანი შორსმჭვრეტელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ამწუთიერი ინტერესებით არის დაკავებული და ის არ ჩადებს არაფერში ინვესტიციას (არც შრომაში, არც ცოდნაში, არც განათლებაში, არც მოსავლის დათესვაში ან რაღაცის მშენებლობაში და ა. შ.).
ასე რომ, ჰობსი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრება ბუნებით მდგომარეობაში არის ძალიან ცუდი, საშინელი, ეული, ღარიბი, მწარე, ცხოველური და მოკლე - ეს არის მისი სიტყვები და, აქედან გამომდინარე, ადამიანს არ შეიძლება უნდოდეს ასე ცხოვრების გაგრძელება. ბუნებრივია, მას უნდა უნდოდეს რაღაც სხვანაირი ცხოვრება. ასეთ ვითარებაში მცხოვრები ადამიანი პრაქტიკულად არ განსხვავდება ცხოველისგან, მაგრამ მას აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც მას ცხოველისგან განასხვავებს - ეს არის გონება. თუ ცხოველები მხოლოდ ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ, ადამიანს შეუძლია გაიაზროს თავისი ვითარება მთლიანობაში, დაისახოს გრძელვადიანი სტრატეგია, დაფიქრდეს და არა მხოლოდ ამწუთიერ გამოსავალზე იფიქროს, როგორ აჯობოს სხვა ადამიანს და დაამარცხოს იგი, არამედ საერთოდ, როგორ შექმნას უკეთესი სიტუაცია. გონების გამოყენება სწორედ არის ის, რითაც ადამიანს შეუძლია თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ეს არსებითი გაუმჯობესება არის სწორედ გადასვლა ბუნებითი მდგომარეობიდან სახელმწიფო მდგომარეობაში.
სახელმწიფო მდგომარეობაში ადამიანები გაცილებით უფრო დაცულნი არიან. რატომ? იმიტომ, რომ იქ არსებობს ერთი ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალის გამოყენების უფლება სხვა ადამიანების მიმართ, მაგრამ მხოლოდ მას აქვს ეს უფლება. საუკუნეების შემდეგ გერმანელი სოციოლოგი, მაქს ვებერი იტყვის, რომ სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი არის მონოპოლია ძალის ლეგიტიმურ გამოყენებაზე, ანუ ძალადობის, ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს; ნებისმიერმა სხვა ადამიანმა რომ გამოიყენოს ძალა ეს დანაშაულია; სახელმწიფოს კი ეს შეუძლია და ეს არის კარგი ადამიანებისათვის, იმიტომ, რომ მათ სხვა ადამიანებისაგან საფრთხე აღარ ემუქრებათ, რადგან სხვა ადამიანებს ეშინიათ სახელმწიფოსი და ამიტომ მე თავს აღარ დამესხმიან, ხოლო სახელმწიფოსაც არა აქვს მოტივი, უმიზეზოდ თავს დაესხას რიგით ადამიანს, იმიტომ , რომ ერთი ადამიანისგან მას საფრთხე არ ემუქრება. ეს, რა თქმა უნდა, გარანტიას არ იძლევა იმისა, რომ თუნდაც სახელმწიფოში ყველანი უსაფრთხოდ ვიქნებით და ცუდმა მეფემ არ მოინდომოს ჩემი უმიზეზოდ ჩაგვრა, შეურაცხყოფის მოყენება ან ჩემზე შეტევა, მაგრამ ეს გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ბუნებითი მდგომარეობა იყო, სადაც მე ყოველდღიურ, ყოველწამიერ პრობლემას ვაწყდები და მუდამ მეშინია იმისა, რომ ვიღაც ჩემ წინააღმდეგ ძალადობას გამოიყენებს.
როგორ უნდა გადავიდეთ ბუნებრივი მდგომარეობიდან სახელმწიფო მდგომარეობაზე? აქ შემოდის ორი მნიშვნელოვანი ცნება. ჰობსისთვის ეს არის ბუნებითი კანონი და საზოგადოებრივი ხელშეკრულება. ბუნებით უფლებაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ანუ ბუნებითი უფლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ბუნების ძალით აქვს უფლება, საკუთარი თავი დაიცვას, მაგრამ ბუნებითი კანონი ნიშნავს არა იმ კანონს, რომელსაც ვიღაც იღებს და შენ გაიძულებს, რომ ეს შეასრულო, იმიტომ, რომ ”ვიღაც სხვა” უბრალოდ არ არსებობს. არსებობენ სხვადასხვა ადამიანები, ჩემნაირი ადამიანები, ვერავინ მე სხვა კანონს ვერ დამიწესებს. ბუნებითი კანონი - ეს არის გონების კანონი, გონივრულობის კანონი. როგორც ვთქვით, ადამიანს ცხოველებისგან განასხვავებს ის, რომ მას აქვს გონება და ეს ნიშნავს იმას, რომ გონება მას რაღაცას კარნახობს; ამ გონების მეშვეობით ის თვალნათლივ და აშკარად ხედავს, რომ რაღაცნაირი ქცევა იქნება სწორი, და ისე იქცევა, როგორც მას გონება კარნახობს. აი, ბუნების კანონი, რომელსაც აყალიბებს ჰობსი (რამდენიმე ბუნების კანონს აყალიბებს, ჩვენ მხოლოდ სამ ძირითადზე ვისაუბრებთ), სწორედ არის გონების მოთხოვნები.
პირველი ბუნების კანონი, რომელსაც აყალიბებს ჰობსი, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი უნდა ესწრაფოდეს მშვიდობას, თუ ამის იმედი აქვს, მაგრამ თუ არ არის მშვიდობის იმედი, მან ყველანაირი საშუალებით უნდა დაიცვას თავი. ეს კანონი რატომაა კანონი? იმიტომ, რომ ეს სრულიად აშკარაა, სრულიად ბუნებრივია. თუ ადამიანი ჭკუათმყოფელია, გიჟი არ არის, გაიგებს, რომ მშვიდობა ჯობია ომს, იმიტომ, რომ ომში ყოველწუთას შეიძლება მოკვდე, ხოლო მშვიდობაში ხარ დაცული. ამიტომ არ შეიძლება, ჭკუათმყოფელ ადამიანს არ ერჩიოს მშვიდობა ომს. ის ამიტომ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ იყოს მშვიდობაში, მაგრამ თუ არ არსებობს მშვიდობა, რა თქმა უნდა, მან თავი უნდა დაიცვას. ეს იმდენად ცხადია, რომ ვერავინ შეეკამათება, სწორედ ამას ჰქვია ბუნებითი კანონი.
მეორე კანონია (რომელიც პირველიდან გამომდინარეობს გარკვეულად) ის, რომ თუ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანებს შეუთანხმდეს რაღაც პირობებზე, რომლის შედეგი იქნება მშვიდობა, მაშინ ადამიანი ასეთ შეთანხმებაზე უნდა წავიდეს; ანუ იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს ადამიანებს შორის, ადამიანები ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ რაღაც პირობებზე, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს. ასეთ შეთანხმებას, ზოგადად, ადამიანთა შორის შეთანხმებას ჰქვია საზოგადოებრივი ხელშეკრულება. საზოგადოებრივი ხელშეკრულების შინაარსი არის სწორედ ის, რომ არსებობდეს სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ყველანი ნებაყოფლობით გადავცემთ ძალადობის უფლებას, ანუ ჩვენ სახელმწიფოში აღარ გვაქვს უფლება, რომ სხვაზე ვიძალადოთ, სხვის მიმართ ძალა გამოვიყენოთ, სამაგიეროდ, სახელმწიფო ჩვენ ყველას დაგვიცავს. ეს არის საზოგადოებრივი შელშეკრულების შინაარსი. თუ ჩვენ ჭკუათმყოფელი ადამიანები ვართ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევალთ ამ შეთანხმებაში, იმიტომ, რომ ამის ალტერნატივა არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ, სადაც ადამიანის ცხოვრება არის საშინელი, მწარე, ეული, ცხოველური და მოკლე... ამიტომ ადამიანები, რა თქმა უნდა ამ ხელშეკრულებას დადებენ და ამ შეთანხმებას მიაღწევენ.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

გია ნოდია


1976 წელს გია ნოდიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ამავე სპეციალობით 1982 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1980-დან 2001 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, განყოფილების გამგედ. პარალელურად, 1992 წლიდან დღემდე (გარდა 2008 წლისა), ხელმძღვანელობს დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციას – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს.
2008 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით გია ნოდია იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2006 წლიდან გია ნოდია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა ხანგრძლივ კვლევით მივლინებებში, ან ასწავლიდა კურსებს ვუდრო ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტში, დემოკრატიის კვლევის საერთაშორისო ცენტრში (ორივე – ვაშინგტონი), ბერკლის უნივერსიტეტში, ბერლინის „ვისენშაფტკოლეგში“, ბონის უნივერსიტეტის ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრში, ჰქონდა ემილ ფრანკის სტეპენდია ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში, სამჯერ (2013-15) საქართველოს პოლიტიკური განვითარების კურსს ასწავლიდა გლაზგოს უნივერსიტეტში.
გია ნოდია რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრია: Journal of Democracy. Comparative Strategy, Caucasus Survey.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გია ნოდიას სამეცნიერო ინტერესები შეეხება ნაციონალიზმის, დემოკრატიზაციის, ზოგადად, პოლიტიკური განვითარების პრობლემატიკას. ეს ვრცელდება როგორც ამ საკითხების თეორიულ ასპექტებს, ისე საქართველოს, კავკასიისა და პოსტკომუნისტური სამყაროს კონკრეტულ შემთხვევებს.

ლექციის ფარგლებში მსმენელი გაიცნობს თომას ჰობსს, ადამიანს, რომელმაც, ალბათ, ყველაზე მეტად განსაზღვრა ის, თუ როგორ ვსაუბრობთ დღეს პოლიტიკაზე. მისი თეორიები საინტერესოა იმით, რომ თუ, მაგალითად, მაკიაველი პოლიტიკას უყურებდა ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, ჰობსი სახელმწიფო ძალაუფლებას ინდივიდის ინტერესებს უმორჩილებს. იგი სვამს კითხვას და თვითოვე განმარტავს: რაში გვჭირდება ხელისუფლება და რატომ უნდა დავემორჩილოთ მას?

სასწავლო ლექციები

  1. 14:25
  2. 14:57
  3. 15:21