კურსის შესახებ: ნინო ჯავახიშვილი , ნინო ჯავახიშვილი დიმიტრი უზნაძის შესახებ (ნაწ. I)
3 ლექცია, ხანგრძლივობა: 46 წუთი 48 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის შესახებ. პირობითად, ლექცია სამ ნაწილად დავყავი. ჯერ ვისაუბრებ მისი ცხოვრების შესახებ, ბიოგრაფიაზე და იმ ეპოქაზე, რომელშიც უზნაძეს ცხოვრება და მოღვაწეობა მოუწია. შემდგომ, ვისაუბრებ მის პედაგოგიურ და ფილოსოფიურ ღვაწლზე და ბოლო ნაწილს დავუთმობთ უშუალოდ მის ფსიქოლოგიურ მოღვაწეობას და განწყობის თეორიას.
უზნაძის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა, ვინაიდან, მას ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის სამ პერიოდში მოუწია. პირველი მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, არ გახლდათ დამოუკიდებელი ქვეყანა. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ იმ დროს განათლება ძირითადად რუსულ ენაზე იყო და შესაბამისად, ძირითადი ენაც რუსული. უზნაძემ, რომელიც 1886 წელს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში, თავდაპირველი განათლება მიიღო ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელშიც, რაღაც ეტაპიდან განათლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. საქართველოს ისტორიისთვის ეს დაწესებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ მოღვწეობდნენ სპეციალისტები, რომელთათვისვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული იდეების გატარება. სწორედ, ამის გამო არამარტო განათლების მიღება ხდებოდა ქართულ ენაზე, არამედ ამისათვის პირობების შექმნაც. პეტრე ოცხელი, რომელიც გიმნაზიას ჩაუდგა სათავეში, აარსებს სპეციალურ გამომცემლობას, რათა ქართულ ენაზე გამოეცათ სახელმძვანელოები მოსწავლეებისთვის. მოგვიანებით, ამ საქმეში წვლილი უზნაძემაც შეიტანა. თავის დროზე, ამ გიმნაზიაში სწავლობდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა და ბევრი სხვა ცნობილი ქართველი მოღვაწე.
ვინაიდან იმ დროს უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში არ იყო, დიმიტრი გაემგზავრა შვეიცარიაში, ჯერ ჟენევაში, შემდეგ შვეიცარიიდან გადავიდა გერმანიაში და სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. ყველა, ვისაც განათლების საფუძვლიანი მიღება სურდა, მას ევროპაში ან რუსეთში იღებდა, შესაბამისად, ამ ამბავში ახალი და გასაკვირი არაფერი იყო. ლაიფციგში უზნაძე ფილოსოფიის განხრით სწავლობდა, თუმცა, პარალელურად იქვე გადიოდნენ ფსიქოლოგიას და მას ასწავლიდა ვილჰელმ ვუნდტი, რომელიც გახდლდათ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და, შეიძლება ითქვას, პირველი ფსიქოლოგი. ე.ი. უზნაძეს განათლება მიღებული ჰქონდა, როგორც ფილოსოფოსს, და რამდენიმე ფსიქოლოგიური კურსი ჰქონდა გავლილი., შემდეგ მან მოღვაწეობა ფილოსოფიის კუთხითაც განაგრძო.
უზნაძემ ლაიფციგში სწავლა დაამთავრა და დაიცვა დისერტაცია, რომელიც ისევ ფილოსოფიის სფეროდან იყო. მისი ნამუშევარი ეხებოდა რუსი ფილოსოფოსის, ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიურ ნაშრომებს, მის იდეებს, რომლებმაც შემდეგ დიდი გავლენა მოახდინა უზძნაძის მოსაზრებებზე. დისერტაცია 1909 წელს გერმანიის ქალაქ ჰალეში დაიცვა და დაბრუნდა ქუთაისში. დაიწყო აქტიური მოღვაწეობა, ასწავლიდა ერთდროულად სამ სკოლაში, შემდგომ თვითონაც დააარსა სკოლა გოგონებისათვის - „სინათლე“. იმ დროს განათლებას ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე იღებდნენ, შესაბამისად, იყო ქალთა და ვაჟთა სკოლები. ამ დროისათვის მას უკვე რამდენიმე ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული და გააჩნდა საკუთარი შეხედულებები პედაგოგიკაში.
1913 წელს ამან ექსტერნად დაამთავრა ხარკოვის უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც, ასევე, საინტერესო უნივერსიტეტია, შეიძლება ითქვას, რომ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უძველესი, 1805 წელსაა დაარსებული. ეს უნივერსიტეტი სამმა ნობელის პრემიის ლაურეატმა დაამთავრა. შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ უზნაძეს ისტორიკოსის დიპლომიც ჰქონდა, რადგან აქ ისტორიას სწავლობდა. უზნაძე ასწავლიდა ისტორიას სკოლაში და სახელმძღვანელოებიც გამოსცა.
1917 წელს უზნაძე თბილისში გადავიდა, აქ კი შეიძლება, ვთქვათ, რომ იწყება მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდი - 1917-21, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდი, ამ დროისთვის იგი 32 წლის გახლდათ. გამოსარჩევია ისიც, რომ 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დოკუმენტს. უზნაძე პოლიტიკითაც იყო დაინტერესებული და საკმაოდ აქტიურადაც იყო ჩაბმული. სწორედ, 1918-19 წლებში გამოსცა მან ისტორიის სახელმძღვანელოები გიმნაზიისათვის, ეს გახლავთ ძველი მსოფლიოს ისტორია, რომისა და საბერძნეთის ისტორია, მან გამოიყენა გერმანულენოვანი და რუსულენოვანი სახელმძღვანელოები. ეს წიგნები ახლახან თავიდან გამოიცა და შეგიძლიათ, ნახოთ მაღაზიებში.
იმის მიუხედავად, რომ 4 წელი ძალიან მცირე დროა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ვინაიდან ამ დროს დაარსდა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძემ დააარსა ფსიქოლოგიის კათედრა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას და აღიზარდა ყველა ქართველი ფსიქოლოგი, უზნაძის ყველა მოწაფე.
მესამე პერიოდი, შეიძლება გამოვყოთ, როგორც საქართველო-საბჭოთა კავშირის ნაწილის პერიოდი (1921-დან თავად უზნაძის გარდაცვალებამდე -1950). ამ პერიოდში დიმიტრი უნზაძემ დაიწყო მუშაობა განწყობის თეორიაზე. 20-იან წლებში დაიწყო და დაახლოებით 30 წლის მანძილზე მუშაობდა. რაც შეეხება პრაქტიკულ საქმიანობას, 1927 წელს მან დააარსა ფსიქოლოგთა საზოგადოება, რაც მიუთითებს იმას, რომ მის ირგვლივ გარკვეული რაოდენობის ფსიქოლოგები შემოკრებილები იყვნენ და არსებობდა წრე, რომელსაც საზოგადოების შექმნა შეეძლო. ის, ასევე, მუშაობდა ქუთაისის იმდროინდელ ბაზაზე არსებულ ფსიქოლოგიის კათედრაზე, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გახლდათ კათედრის გამგე 1933-42 წლებში. 1941 წელს არსდება ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. დიმიტრი კი გარდაცვალებამდე მისი დირექტორი გახლდათ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან აქ მოიყარეს თავი მან და მისმა მოწაფეებმა და აქ ხორციელდებოდა კვლევები განწყობის თეორიაში. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, რადგან საბჭოთა ხელისუფლება თავს იმკვიდრებდა საქართველოში, მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. შესბაბამისად, ხდებოდა საბჭოთა იდეოლოგიის გაბატონება, მათ შორის მეცნიერებაშიც. მაგალითად, როდესაც უზნაძის შრომებს გადახედავთ, ნახავთ ხშირად ციტირებულ ლენინის, ენგელსის, მარქსის ციტატებს, შრომებსა და იდეებს, ეს, სწორედ. იმ პერიოდმა განაპირობა, რომელშიც უზნაძეს უწევდა მოღვაწეობა. მაშინ ამ ავტორების ციტირება სავალდებულო იყო. ასევე, ხშირად წააწყდებით ტერმინს „ბურჟუაზიული მეცნიერება“ ანუ, რომელიც არსებობდა კაპიტალისტურ ქვეყნებში და „სოციალისტური მეცნიერება“, რომელიც საბჭოთა ქვეყნებში არსებობდა. საბჭოთა კავშირი ემიჯნებოდა ბურჟუაზიულ იდეებს. საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით, ბურჟუაზიული იდეოლოგია იყო დაბალი დონის და მცდარ იდეებს ქადაგებდა. ითვლებოდა, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქის ღირებულებები და მორალი არის უფრო მაღალი დონისა და ჭეშმარიტი, ვიდრე ბურჟუაზიული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, უზნაძე თვითონ ასე არ ფიქრობდა, მით უმეტეს, განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული, თუმცა, იგი იძულებლი იყო, რაღაც დოზით მაინც, ეს ინფორმაცია შეეტანა თავის შემოქმედებაში. მახსოვს ჩემი ერთ-ერთი პროფესორის, გიორგი კეჩხუაშვილის ნათქვამი, რომ რუსეთიდან პერიოდულად ჩამოდიოდა კომისია, რომელიც თავად ამოწმებდა უზნაძის ნაშრომებს, იმას, თუ რამდენად გამართული იყო ისინი იდეოლოგიურად. მოხდა ისე, რომ ნაწილი იყო თარგმნილი იყო რუსულად, ნაწილი - არა. კომისიამ, რა თქმა უნდა, არ იცოდა ქართული და მათ იქვე უთარგმნიდნენ ქართველი ფსიქოლოგები. მაშინდელი ფსიქოლგოგები სპეციალურად ცვლიდნენ ტექსტის რაღაც ანაწილებს, რათა არ ეთქვა კომისიას, რომ იმ ეპოქისათვის შეუსაბამო ნაშრომი იყო (არ აეკრძალათ). ეს ყველაფერი ხდებოდა უნზაძის სიცოცხლის დროს და გრძელდებოდა გარდაცვალების შემდეგაც. ეს სიტუაცია აღწერილი აქვს თავის რომან: „ბურუსში“ (1954) თანამედროვე ქართველ მწერალს, ოთარ ჩხეიძეს. ამ რომანში აღწერილია უზნაძის ნაშრომების გადამოწმება კომისიის წევრების მიერ. დიმიტრი უზნაძე 1950 წელს გარდაიცვალა.
პროფესორი ნინო ჯავახიშვილი არის პროფესიონალი ფსიქოლოგი სოციალურ მეცნიერებებში კვლევის ოცდახუთწლიანი გამოცდილებით. მან სწავლებისა და კვლევის გამოცდილება მიიღო შემდეგ უნივერსიტეტებში: ოქსფორდის (1996-1997), ჰეთფილდის (1999) – დიდი ბრიტანეთი; ზაარლანდის (2002, 2009, 2011) – გერმანია; ვასედას (2010) – იაპონია; ასევე რატგერსის (2009), კალიფორნიის ლოს ანჯელესისა (2005-2009) და მაიამის (2017-2018) – შეერთებული შტატები – უნივერსიტეტებში. სამაგისტრო კურსებისა და მოხსნებებისათვის მიწვეული იყო ვენის (ავსტრია), ტუშის (იტალია), ჰელსინკის (ფინეთი), გრანადის (ესპანეთი), გლაზგოს (დიდი ბრიტანეთი) პარიზის დიდროს (საფრანგეთი), თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტებში. პროფესორი ჯავახიშვილი ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამას უძღვება. ნინო ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს სტატიები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ გამოცემებში. თანამშრომლობს და რეკომენდაციების აწვდის ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საციალური მომსახურების სააგენტო, World Bank, USAID, SIDA, UNIFEM/UN Women, UNFPA, EBRD და სხვ.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგია; გენდერული თანასწორობა; გენდერული ძალადობა
ლექციაში საუბარია ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის შესახებ. პირველი ვიდეო მის ბიოგრაფიასა და იმ ეპოქას ეხება, რომელშიც ის მოღვაწეობდა.
მეორე ნაწილი უზნაძის არაფსიქოლოგიურ მოღვაწეობას ეხება. იგი პროფესიით ისტორიკოსი იყო და გარკვეული პერიოდი ასწავლიდა კიდეც ისტორიას, რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული.
უზნაძე ასევე მოღვაწეობდა ფილოსოფიური მიმართულებითაც და სწორედ ამ დარგში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი.
მესამე ნაწილი ეხება უზნაძის ფსიქოლოგიურ მემკვიდრეობას, რომელიც მან დაუტოვა არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოსაც. ქართულ სინამდვილეში კი იგი გახლავთ ფსიქოლოგიის, როგორც დარგის ფუძემდებელი.
განწყობის თეორიას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სახელმძღვანელოში, რომელიც მან გამოსცა 1940 წელს.