library-icon შთა

დიმიტრი უზნაძის შესახებ

3 ლექცია, ხანგრძლივობა: 46 წუთი 48 წამი
eye

1,949

1 /

კურსის შესახებ: ნინო ჯავახიშვილი , ნინო ჯავახიშვილი დიმიტრი უზნაძის შესახებ (ნაწ. III)

3 ლექცია, ხანგრძლივობა: 46 წუთი 48 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

ახლა ვისაუბროთ მის ფსიქოლოგიურ მემკვიდრეობაზე. დიმიტრი უზნაძე გახლავთ ქართული ფსიქოლოგიური  სკოლის ფუძემდებელი, ასევე, მისი  მემკვიდრეობა არის მსოფლიო მეცნიერების მონაპოვარი. მაგ: 1944 წელს ჟან პიაჟემ, შვეიცარიელმა მეცნიერმა გამოსცა ნაშრომი,სადაც გამოიყენა ტერმინი „უზნაძის ეფექტი“, ამ ტერმინით მან ილუზია აღწერა, რომელიც ვირტუალურ სფეროში აღმოცენდება. ასევე, მისმა კოლეგამ, ჟან ფრესმა, ერთ-ერთ კონგრესზე, 60-იან წლებში ხაზი გაუსვა უზნაძის მნიშვნელობას და ა.შ.
1940 წელს გამოიცა  ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო, რომელშიც უზნაძემ თავისი ძირითადი იდეები გადმოსცა. მას ეს წიგნი თავებად აქვს დაყოფილი,  ემოციის თავი აქვს ცალკე, რომელიც წინ უსწრებს ქცევის თავს. მისთვის ემოცია არის ქცევის განმაპირობებელი. ასეთი თანმიმდევრობით სახელმძღვანელოებში თავებს ვერ შეხვდებით.
პირველი, ეს ნაშრომი შედგება, როგორც ფილოსოფიური, ასევე ფსიქოლოგიური იდეებისაგან და ეს უნდა განვაცალკევოთ. მან განათლება ჯერ ფილოსოფიაში მიიღო და შემდეგ გადავიდა ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგია თავიდან ფილოსოფიიდან აღმოცენდა, ასევე იყო  სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, ფსიქოლოგია ფილოსოფიის ფაკულტეტს ეკუთვნოდა.  ადრე ფილოსოფია და ფსიქოლოგია ჰუმანიტარულ სფეროს ეკუთვნოდა. ფსიქოლოგია არის სოციალური მეცნიერება, როგორც სოციოლოგია, პოლიტოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ. ფსიქოლოგიას ჰუმანიტარული მეცნიერებისაგან განასხვავებს ის, რომ ფსიქოლოგია დამყარებულია ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტი არის წამყვანი კვლევის მეთოდი ფსიქოლოგიაში. როგორც აღვნიშნე, ვილჰელმ ვულდტი გახლავთ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, მისი მოწაფე იყო უზნაძე. სწორედ ამ გზას გაჰყვა უზნაძეც. დღეისათვის ექსპერიმენტული მეთოდი არის მაგისტრალური, წამყვანი მეთოდი, ძირითადი დასკვნები და მიგნებები ფსიქოლოგიაში, სწორედ, ექსპერიმენტის მეთოდის გამოყენებით ხდება. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისათვის მნიშვნელოვანია ცდის პირი, ცვლადი და ა.შ. ახლა უნდა ვისაუბრო ცვლადის შესახებ, რადგან, ეს ცნება განწყობს თეორიის ასახსნელად დამჭირდება.
ცვლადი თვითონ სიტყვიდან გამომდინარე გასაგებია, რომ ნიშნავს ყველაფერს, რაც იცვლება. მაგალითად, სიმაღლე, ყველას სხვადასხვა სიმაღლე აქვს, ან სიჩქარე. ყველაფერს თავისი და განსხვავებული სიჩქარე აქვს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიას ის ცვლადები აინტერესებს, რომელიც მისი კვლევის საგანში შედის, მაგ:. ემოციის შესახებ, ადამიანის განვითარების შესახებ, განვითარების ეტაპების აღწერით სხვადასხვა ფაზების, კოგნიტური პროცესის აღმწერი ცვლადები. კოგნიტური პროცესებია მაგ. ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და ა.შ.
ფსიქოლოგებისთვის მნიშვნელოვანი არამარტო ამ ცვლადების აღწერაა, არამედ ჩვენ ვსწავლობთ თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ცვლადები. მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, დავინახოთ სხვადასხვა ცვლადს შორის კავშირი და აღვწეროთ და ვაჩვენოთ ეს კავშირები. მაგ:. თუ თქვენ ტექსტში შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადამიანს აქვს ხანმოკლე მეხსიერება და ის ასეთი და ასეთია, ეს იქნება ერთი ცვლადის აღწერა. მაგრამ, თუ თქვენ შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადამიანის ემოცია ზემოქმედებს მის ხანმოკლე მეხსიერებაზე, ეს უკვე  იქნება ინფორმაცია ცვლადებს შორის კავშირის შესახებ. ერთი ცვლადი იქნება ემოცია, მეორე - მეხსიერება. ჩვენ ვამბობთ, რომ მათ შორის არათუ მხოლოდ კავშირია, არამედ მიზეზ-შედეგობრივიც. ემოცია იწვევს მეხსიერებას. მეცნიერულ ენაზე მათ ჰქვია დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადი. ემოცია, ის, რომელიც ზემოქმედებს მეხსიერებაზე,  გახლავთ დამოუკიდებელი ცვლადი და მეხსიერება, რომელზეც  ზემოქმედებს ემოცია - დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიაში მრავალი ექსპერიმენტია ჩატარებული, მაგალითისათვის მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი კლასიკური ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარა სოლომონ ახმა დაახლოებით 100 წლის წინ. ეს გახლავთ ექსპერიმენტი კონფორმიზმის შესახებ. ეს საკმაოდ საინტერესო და გავრცელებული ცნებაა. მან ივარაუდა, რომ ადამიანს ახასიათებს და აქვს კონფორმიზმი, რაც ნიშავს იმას, რომ ადამიანი იცვლის თავის მოსაზრებას ჯგუფის მოსაზრების მიხედვით. ადამიანი ფიქრობს, რომ ჯგუფისგან მოდის ინფორმაციული ზეწოლა და ის ცდილობს აჰყვეს მას. კერძოდ, რაში მდგომარეობს ეს? ახმა ცდისპირი შეიყვანა ოთახში, სადაც იყვნენ სხვა ცდისპირებიც, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებული ახთან. მათ აჩვენა სხვადასხვა სივრცის სამი ხაზი. შემდეგ ის მათ ცალკე აჩვენებს კიდევ ერთ ხაზს და ეკითხება: მითხარით, ამ სამი ხაზიდან, რომლის ტოლია ის ერთი ხაზი? თავიდან ყველა სწორ პასუხს ამბობს, მაგრამ შემდეგ, ახთან შეთანხმებული ცდის პირები ასახელებენ არასწორ პასუხებს, ასახელებენ აშკარად მცდარ წრფეს, როგორც სწორ პასუხს. „ნამდვილ“ ცდისპირს ეს პასუხები უკვირს, მაგრამ ყვება სხვებს და ისიც არასწორ პასუხს ასახელებს, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი არ არის, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია ასეთი. ეს კვლევა თავდაპირველად 20-იან წლებში ჩატარდა, შემდეგ ბევრჯერ გაიმეორეს და მუდამ იგივე შედეგებით. საუბარია იმაზე, რომ კონფორმიზმი არის დამოკიდებული ცვლადი, რომელზეც მოქმედებს ჯგუფის ზეწოლა, ანუ დამოუკიდებელი ცვლადი. თუ სხვები ამ პასუხს გამოთქვამენ, მეც იმავეს ვამბობ, ვინაიდან მეც მინდა, ვიყო მეც ჯგუფის წევრი.
უზძნაძის განწყობის თეორია, სწორედ, ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე ამტკიცებს, რომ ადამიანს ახასიათებს გარკვეული მდგომარეობა, რომელსაც მან განწყობა უწოდა. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელიც არის მზაობა ქცევისადმი. ექსპერიმენტების დახმარებით უზნაძე ცდისპირებს შეუმუშავებდა განწყობას.
განვიხილოთ, როგორი იყო ეს ცდები. მათ უზნაძე უწოდებს საგანწყობო ცდებს, საგანწყობო ფაზას, ხოლო როცა მდგომარეობის დემონსტრაცია ხდება, მას უწოდებს კრიტიკულ ფაზას. საგანწყობო ფაზაში ცდისპირებს აწვდიან სხვადასხვა ზომის ბურთს. 2 ბურთია: ერთი - დიდი, მეორე - პატარა. ბურთს ხელი უნდა მოჰკიდონ ცდისპირებმა და თქვან, რომელია უფრო დიდი და რომელი პატარა, ცდები მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ დგება კრიტიკული ფაზა, როდესაც ცდისპირებს აწოდებენ თანაბარი ზომის ბურთებს, სთხოვენ ისინი შეაფასონ და ამ კრიტიკულ ფაზაში ესეც რამდენჯერმე მეორდება და ცდისპირი მცდარად აფასებს ამ ბურთებს, ანუ იქმნება, სწორედ, აღქმის ილუზია. ცდისპირს, ისევ, არათანაბარი ჰგონია ეს ბურთები. ეს გახლავთ უზნაძის კლასიკური ექსპერიმენტი, რომლითაც მან განწყობის არსებობა აჩვენა. მან შემდგომ გააგრძელა ეს ექსპერიმენტები თავის მოწაფებთან ერთადაც. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვადებიან იმის მიხედვით, ვის რამდენი ცდა სჭირდება, რომ ასეთი განწყობა შეუმუშავდეს.
უზნაძემ და მისმა მოწაფეებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს განწყობა სხვადასხვა ტიპის აშლილობებში. მათ შეისწავლეს ეპილეფსიით, შიზოფრენიით დაავადებულთა მდგომარეობა, აქაც ეს კრიტიკული საგანწყობო ფაზები სხვადასხვანაირად უვითარდებათ და განსხვავებულად მიმდინარეობს. ხოლო შემდგომ, განწყობა ქრება და ამას განწყობის ჩაქრობა უწოდა. თუმცა, ესეც ინდივიდუალურად ხდება. როგორც გითხარით, საჭიროა ცდების რაღაც რაოდენობა, რომ განწყობა შემუშავდეს, თუმცა მისი აზრით, განმეორება განმტკიცების ფუნქციას ასრულებს. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ცხოვრებაში კი განწყობა მყისიერად აღმოცენდება. ამისათვის საჭიროა ორი პირობა: მოთხოვნილება და სიტუაცია. მაგალითად, თუ ადამიანის მოსწყურდა, ესაა მოთხოვნილება და თუ სადმე არის წყალი, ეს იქნება სიტუაცია და ეს გამოიწვევს განწყობას. განწყობა კი, თავის მხრივ, ქცევის მზაობაა, ანუ განწყობა უბიძგებს ქცევას. უზნაძის მიხედვით, ქცევა ვერ განხორციელდება თუ  მას წინ არ უსწრებს განწყობა. აქ შემოდის მისი ფილოსოფიური მსჯელობაც,  როდესაც ის ფილოსოფიურ  მიმდინარეობებს იხილავს, კერძოდ, ორ მოდელს: ვიტალისტური და მექანიცისტური. მექანიცისტური ამბობს, იმისათვის, რომ ქცევა განხორციელდეს, საჭიროა გარემო ანუ სიტუაცია, ხოლო  ვიტალისტური ამბობს, რომ  ქცევის განსახორციელებლად საჭიროა თვითონ ადამიანი, ანუ მოთხოვნილება. ორივე ეს მოდელი გახლავთ ორცვლადიანი, გარემო - ქცევა, ორგანიზმი - ქცევა.  უზნაძის  სტრქუტურა კი სამცვლადიანია : გარემო, ორგანიზმი, ქცევა.  იმისათვის, რომ ქცევა გახორციელდეს, საჭიროა სამივე. ხაზგასასმელია ესეც, რადგან იმ დროისათვის კვლევები ძირითადად ორ ცვლადს სწავლობდა. რატომ იყო კვლევები ორი ცვლადით შემოფარგლული? რადგან ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის დამუშავება. ამჟამად ჩვენ უამრავცვლადიანი მოდელების დამუშავება შეგვიძლია სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით. იმ დროს ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო და ესეც  სიახლეა, როდესაც უზნაძემ შემოიტანა მესამაე ცვლადი. 4 ცვლადიც კი გვაქვს: მოთხოვნილება და სიტუაცია ორი ცვლადი, შემდეგ ესენი ზემოქმედებენ და აწარმოებენ განწყობას (მესამე) და განწყობა, თავის მხრივ, წარმოქმნის ქცევას (ესეც მეოთხე). თუ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ტერმინებს მოვიხსენიებთ, გამოვა, რომ მოთხოვნილება და სიტუაცია  არის 2 დამოუკიდებელი ცვლადი, ქცევა არის დამოკიდებული ცვლადი და განწყობა არის გამაშუალებელი ანუ მედიაციური, შუალედური ცვლადი. ამრიგად, ეს მოდელი ძალიან ახალი და აქტუალური მოდელია. ეს თეორია არის საინტერესო თეორია, რომელიც გვეუბნება, როგორ ახორციელებს ადამიანი ქცევას, რა თქმა უდნდა, ეს თემა  ფიზიოლოგებსაც აინტერესებთ, მაგრამ უზნაძის  მოდელი არის სუფთა ფსიქოლოგიური. მისი წვლილი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავიხსენებთ, რა პერიოდში მოღვაწეობდა ის და რა პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა.
დიმიტრი უზნაძის ღვაწლია ფსიქოლოგიის კათედრა, რომელიც უნივერსიტეტში შეიქმნა, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, მან აღზარდა შესანიშნავ მოწაფეთა არაერთი თაობა. ბევრმა გააგრძელა კვლევა მის თეორიაზეც და გაამდიდრა ის. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ  იმ დროს არ არსებობდა ბევრი მაკრო დონის თეორია და ამით ახლაც არ ვართ განებივრებულები., თეორიები ძირითადად მიკრო დონისაა. უზნაძე კი საუბრობს იმაზე, თუ რა არის ქცევის მიზეზი, ამიტომ არის მაკრო დრონის თეორია ფართო მასშტაბის თეორია ფსიქოლოგიაში და, ამის გამო, ორმაგად დასაფასებელია. 1966 წელს აშშ-ში გამოვიდა ინგლისურ ენაზე მისი განწყობის თეორიის წიგნი და ამერიკელი ფსიქოლოგი, ო’კონორი წერდა, რომ საბჭოთა ფსიქოლოგია წარმოდგენილია ვიგოტსკისა და დიმიტრი უზნაძის სკოლის სახით. აქაც ჩანს მისი ღვაწლის მნიშვნელობა იმ დროს. მისი მოწაფეები შემდეგშიც აგრძელებენ მოღვაწეობას უზნაძის განწყობის თეორიაში.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

ნინო ჯავახიშვილი


პროფესორი ნინო ჯავახიშვილი არის პროფესიონალი ფსიქოლოგი სოციალურ მეცნიერებებში კვლევის ოცდახუთწლიანი გამოცდილებით. მან სწავლებისა და კვლევის გამოცდილება მიიღო შემდეგ უნივერსიტეტებში: ოქსფორდის (1996-1997), ჰეთფილდის (1999) – დიდი ბრიტანეთი; ზაარლანდის (2002, 2009, 2011) – გერმანია; ვასედას (2010) – იაპონია; ასევე რატგერსის (2009), კალიფორნიის ლოს ანჯელესისა (2005-2009) და მაიამის (2017-2018) – შეერთებული შტატები – უნივერსიტეტებში. სამაგისტრო კურსებისა და მოხსნებებისათვის მიწვეული იყო ვენის (ავსტრია), ტუშის (იტალია), ჰელსინკის (ფინეთი), გრანადის (ესპანეთი), გლაზგოს (დიდი ბრიტანეთი) პარიზის დიდროს (საფრანგეთი), თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტებში. პროფესორი ჯავახიშვილი ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამას უძღვება. ნინო ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს სტატიები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ გამოცემებში. თანამშრომლობს და რეკომენდაციების აწვდის ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საციალური მომსახურების სააგენტო, World Bank, USAID, SIDA, UNIFEM/UN Women, UNFPA, EBRD და სხვ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგია; გენდერული თანასწორობა; გენდერული ძალადობა

ლექციაში საუბარია ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის შესახებ. პირველი ვიდეო მის ბიოგრაფიასა და იმ ეპოქას ეხება, რომელშიც ის მოღვაწეობდა.
მეორე ნაწილი უზნაძის არაფსიქოლოგიურ მოღვაწეობას ეხება. იგი პროფესიით ისტორიკოსი იყო და გარკვეული პერიოდი ასწავლიდა კიდეც ისტორიას, რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული.
უზნაძე ასევე მოღვაწეობდა ფილოსოფიური მიმართულებითაც და სწორედ ამ დარგში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი.
მესამე ნაწილი ეხება უზნაძის ფსიქოლოგიურ მემკვიდრეობას, რომელიც მან დაუტოვა არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოსაც. ქართულ სინამდვილეში კი იგი გახლავთ ფსიქოლოგიის, როგორც დარგის ფუძემდებელი.
განწყობის თეორიას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სახელმძღვანელოში, რომელიც მან გამოსცა 1940 წელს.

სასწავლო ლექციები

  1. 15:03
  2. 09:01
  3. 22:44