კურსის შესახებ: ნინო ჯავახიშვილი , ნინო ჯავახიშვილი დიმიტრი უზნაძის შესახებ (ნაწ. II)
3 ლექცია, ხანგრძლივობა: 46 წუთი 48 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
მეორე ნაწილში შევეხები უზძნაძის არაფსიქოლოგიულრ მოღვაწეობას. როგორც უკვე ვთქვი, მას ისტორიკოსის დიპლომი ჰქონდა და ასწავლიდა ისტორიას, გამოსცა სახელმძღვანელოებიც, ასევე, იგი მოღვაწეობდა ფილოსოფიაში. შესაბამისად, მას ბევრი ფილოსოფიური ნაშრომი აქვს გამოცემული, რომლებიც შემდეგ 2 ტომად შეიკრა. 1909 წელს მან დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში ვადიმერ სოლოვიოვზე. საინტერესო იყო ერთი მხრივ, რადგან 1900 წელს გარდაიცვალა სოლოვიოვი და ეს იყო ერთ-ერთი პირველი სერიოზული ნაშრომი მის ფილოსოფიაზე. მეორე მხრივ, უზნაძემ ყურადღება მიაქცია არაცნობიერის ფენომენს და საუბრობს ამ თემაზე ამ ნაშრომში. არაცნობიერზე თქვენ ფროიდის ლექციებიდან მოისმენდით და გექნებათ წარმოდგენა მის შესახებ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მანამდეც, 1907 წელს, უზნაძე დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით , როგორც ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც გააკეთა ნაშრომი ლაიბნიცის ფილოსოფიაზე. ეს გახლავთ ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი გერმანელი ფილოსოფოსი, ასევე, მათემატიკოსი და მას ჰქონდა ფსიქოლოგიური პასაჟებიც, რომელზეც ყურადღებას ამახვილებდა უზნაძე. შემდეგ, შრომა ჰქონდა ფრანგ ფილსოლოფოსზე, ანრი ბერგსონზე, რომელიც უზნაძის თანამედროვე იყო. გარდა ამისა, ის მუშაობდა ისეთ საკითხებზეც, როგორებიცაა ომის ფილოსოფია, აინტერესებდა პოეზიის ფსიქოლოგია, ზოგადად, ხელოვნების საკითხები. ახლა ვისაუბროთ მის პედაგოგიურ მემკვიდრეობაზე. პედაგოგიკას ამჟამად, განათლების მეცნიერებებს ვუწოდებთ. უზნაძისათვის პედაგოგიკა იყო თეორიულიც და პრაქტიკული საქმეც. მთელი ცხოვრება ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და, პარალელურად, მას ჰქონდა შრომები ამ სფეროში. მისი შრომები შეიძლება ორად გაიყოს: ფსიქოლოგია პედაგოგიკაში და განათლების ადმინისტრაცია. განათლების მეცნიერებაში ადმინისტრაცია ნიშნავს იმას, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა იყოს აწყობილი სასწავლო პროცესი, სკოლა. ერთ-ერთი მისი მოსაზრება ამ კუთხით იყო ის, რომ სკოლაში უნდა არსებობდეს თვითმმართველობა. მისი იდეები არის ძალიან ინოვაციური იმ პერიოდში, რადგან ამ ყველაფრის შესახებ პირველად ჩვენ ათი წლის წინ გავიგეთ, ოროცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს მუშაობა. მეორე მხარეა უზნაძე, როგორც ფსიქოლოგი, რას ფიქრობდა, როგორ ვითარდება ბავშვი, მოსწავლე, ადამიანი. აქ იგულისხმება, როგორც ვითარდება ის კოგნიტურად და ემოციურად და როგორ უნდა მოვარგოთ ამას განათლების სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის განათლების ფსიქოლოგიაში და აქვს უამრავი მნიშვნელოვანი ნაშრომი ამ კუთხით. ერთ-ერთი მისი მოსაზრება გახლავთ თამაშის შესახებ. მას აქვს შემუშავებული თამაშის თეორია, რომელიც საინტერესო და განსხვავებულია რუსი ფსიქოლოგის ვიგოტსკის თეორიებისაგან. თამაშის კუთხით, დღემდე ამ ორი ადამიანის ეს 2 ხაზი ვითარდება. ვიგოტსკისთვის თამაში არის განვითარებისთვის, სიახლეებისთვის და წინსვლისთვის, უზნაძესთვის ზოგადი ფუნქციობის ტენდენციის გამოსავლენადაა, რომელიც არის ბავშვში და არაა აუცილებელი ყველა თამაშმა განავითაროს ბავშვი. შემდეგში მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი განვითარდეს დამოუკიდებლად და გამოუმუშავდეს კრიტიკული უნარი და ყველანაირად ცდილობდა, როდესაც იყო მასწავლებელი თუ დირექტორი, ხელი შეეწყო მოსწავლეებში დამოუკიდებლობის ინიციატივისათვის, მათთვის თვითმმართველობის სახით მიეცა „ხმის“ უფლება. აღზრდისა და სწავლების დღეისათვის ინოვაციური მეთოდები მისთვის მე-20 საუკუნეშიც არ იყო უცხო და ეს აღნიშვნის ღირსია. როგორც გითხარით, მას უკვე ჰქონდა ნაშრომები განათლების სფეროში. მაგალითად, „ექსპერიმენტული პედაგოგიკა“, რუსულ ენაზე „საშუალო სკოლის ორგანიზაცია“. მოგვიანებით „ბავშვის ფსიქოლოგია“, ასევე, 1933 წელს გამოშვებული „პედოლოგია“, რომელიც აიკრძალა საბჭოთა კავშირში, როგორც დასავლური იდეების მატარებელი ანუ უღირსი ბურჟუაზიული იდეების გამტარებელი წიგნი.
პროფესორი ნინო ჯავახიშვილი არის პროფესიონალი ფსიქოლოგი სოციალურ მეცნიერებებში კვლევის ოცდახუთწლიანი გამოცდილებით. მან სწავლებისა და კვლევის გამოცდილება მიიღო შემდეგ უნივერსიტეტებში: ოქსფორდის (1996-1997), ჰეთფილდის (1999) – დიდი ბრიტანეთი; ზაარლანდის (2002, 2009, 2011) – გერმანია; ვასედას (2010) – იაპონია; ასევე რატგერსის (2009), კალიფორნიის ლოს ანჯელესისა (2005-2009) და მაიამის (2017-2018) – შეერთებული შტატები – უნივერსიტეტებში. სამაგისტრო კურსებისა და მოხსნებებისათვის მიწვეული იყო ვენის (ავსტრია), ტუშის (იტალია), ჰელსინკის (ფინეთი), გრანადის (ესპანეთი), გლაზგოს (დიდი ბრიტანეთი) პარიზის დიდროს (საფრანგეთი), თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტებში. პროფესორი ჯავახიშვილი ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამას უძღვება. ნინო ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს სტატიები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ გამოცემებში. თანამშრომლობს და რეკომენდაციების აწვდის ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საციალური მომსახურების სააგენტო, World Bank, USAID, SIDA, UNIFEM/UN Women, UNFPA, EBRD და სხვ.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგია; გენდერული თანასწორობა; გენდერული ძალადობა
ლექციაში საუბარია ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის შესახებ. პირველი ვიდეო მის ბიოგრაფიასა და იმ ეპოქას ეხება, რომელშიც ის მოღვაწეობდა.
მეორე ნაწილი უზნაძის არაფსიქოლოგიურ მოღვაწეობას ეხება. იგი პროფესიით ისტორიკოსი იყო და გარკვეული პერიოდი ასწავლიდა კიდეც ისტორიას, რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული.
უზნაძე ასევე მოღვაწეობდა ფილოსოფიური მიმართულებითაც და სწორედ ამ დარგში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი.
მესამე ნაწილი ეხება უზნაძის ფსიქოლოგიურ მემკვიდრეობას, რომელიც მან დაუტოვა არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოსაც. ქართულ სინამდვილეში კი იგი გახლავთ ფსიქოლოგიის, როგორც დარგის ფუძემდებელი.
განწყობის თეორიას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სახელმძღვანელოში, რომელიც მან გამოსცა 1940 წელს.