კურსის შესახებ: ნოდარ ლადარია , ნოდარ ლადარია მაკიაველის შესახებ (ნაწილი I )
3 ლექცია, ხანგრძლივობა: 30 წუთი 35 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
ნიკოლო ფრანჩესკო მაკიაველი დაიბადა 1469 წლის 3 მაისს ფლორენციაში. მართალია, მის მახლობლად, მაგრამ მაინც ფლორენციის მოქალაქე იყო. დრო და ადგილი მისი დაბადებისა თავისთავად ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანი უცებ იცნობს ხოლმე, რომ საქმე ეხება იტალიურ რენესანსს. სიტყვა ”რენესანსი” ფრანგულია, გამოიგონეს მე-19 საუკუნის დასაწყისში გერმანიაში, როდესაც ფრანგული ენა იყო ერთგვარად გაიდეალებული. მას აქვს კიდევ მეორე, უკვე მოძველებული სახელწოდება - აღორძინების ხანა. ჩვენი მამებისა და ბაბუების თაობა ხშირად იყენებდა ამ სიტყვას, იმიტომ, რომ მიიჩნეოდა, რომ რენესანსი - დრო, რომელიც დაიწყო მე-15 საუკუნის იტალიაში, იყო ერთგვარი დაბრუნება ანტიკურ საბერძნეთთან და ანტიკურ რომთან და იყო აღორძინება იმ დიადი კულტურისა.
სინამდვილეში, უნდა ვთქვათ ალალად, რომ რენესანსი იგრძნო ალბათ ადამიანების სულ რაღაც ათმა პროცენტმა. დანარჩენი 90 პროცენტი ისე ცხოვრობდა, რომ არც კი უგრძნია, რომ რაღაც შეიცვალა ბუნებაში. ყოველ შემთხვევაში, რენესანსის გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე გაცილებით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე, მაგალითად, ელექტრობის გამოგონებისა და ელექტრობის ჩანერგვისა ადამიანის ყოფაში. მაგრამ ასევე ალალად უნდა ვაღიაროთ - რომ არა იტალიური რენესანსი, არანაირი ელექტრობის გამოგონება არ იქნებოდა, ან ყოველ შემთხვევაში დაგვიანდებოდა ძალიან, რადგანაც ყველაზე მთავარი, რაც მოხდა ამ დროს, იყო აზრის ცვლილება თვითონ ადამიანის შესახებ, რასაც ატარებს ძალიან მნიშვნელოვნად მაკიაველის აზროვნება და მისი პიროვნება. როგორ შეიძლება ეს დავახასიათოთ? მოდით, მაგალითს მოვიყვან. უბრალო მოვლენაა პირველი შეხვედრა ცხოვრებაში სატრფოსთან. გვიანდელი შუასაუკუნეების იტალიელი პოეტი, დანტე ალიგიერი, ამას აღწერს ისე, რომ ვარსკვლავები განეწყვნენ ამისათვის; აი, კოსმოსმა ცხრაჯერ შეასრულა თავისი წრებრუნვა; აი, ჩემს სხეულში ორგანოებიც კი რაღაცნაირად გადასხვაფერდნენ ამ დროს. რატომ აკეთებს ამას? ამართლებს, რომ საკუთარ თავზე წერს. თავის თავზე წერა ხომ უმნიშვნელო რამეა. როგორ შეიძლება, ადამიანმა სხვა ადამიანს დრო წაართვას ამისათვის, როდესაც უნდა წერო ღმერთზე, უნდა წერო მომავალ ცხოვნებაზე და ა.შ.
უკვე შემდგომი თაობის მწერალი, პოეტი, ფრანჩესკო პეტრარკა, არანაირად აღარ იზიარებს ასეთ შეხედულებას და ის უბრალოდ აღწერს ძალიან მარტივად თავის პირველ შეხვედრას ლაურასთან. რატომ? იმიტომ, რომ ის ადამიანია, ის გრძნობს, მას აქვს სიყვარული, მას აქვს ვნებები და ამით უკვე არის საინტერესო სხვებისათვის; მხოლოდ იმით, რომ ის ადამიანია. აი, ეს არის რენესანსის ძირითადი იდეა. რენესანსი ეს არის დრო, როდესაც განვითარდა ძალიან ლიტერატურა; განვითარდა განსაკუთრებით პლასტიკური ხელოვნება - ანუ ფერწერა და ქანდაკება; ნაკლებად - მუსიკა, იმიტომ, რომ მუსიკა მოითხოვს ტექნოლოგიის განვითარებას, რაც ჯერ არ ყოფილა და, გარდა ამისა, იყო დიდი და ძლიერი მონოპოლია მუსიკაზე ეკლესიის მხრიდან. მაგრამ მაკიაველის სიკვდილიდან ასი წლის შემდეგ, როდესაც ფლორენციაში შეიკრიბნენ ჭკვიანი ადამიანები და გამოიგონეს ოპერა, მათ შორის იყო ფრანჩესკო გალილეი დიდი ფიზიკოსის, ექსპერიმენტული ფიზიკის ფუძემდებლის მამა. იდეა ოპერისა იყო შემდეგი: რომ ეს არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ეკლესიაში მღერიან გუნდად და ყველა ერთნაირია, არამედ ადამიანები უნდა გამოხატავდნენ თავიანთ აზრებს მუსიკითა და სიმღერით, მაგრამ მარტო მღეროდნენ; ანუ ეს იყო სოლო სიმღერა. ასეთი განდიდება და ყურადღების ცენტრში დადება პიროვნებისა უკვე ეს არის სწორედ რენესანსის მონაპოვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაკიაველი მთლიანად ამ მონაპოვარს იზიარებს. მთელი მისი ცხოვრება პრაქტიკულად არის, პირდაპირ რომ ვთქვათ, რენესანსული. დაიწყო მან ისე, როგორც იწყებდა ასობით მისი თანამემამულე, ანუ 1476 წელს 8 წლის ასაკში შევიდა უბნის სკოლაში, სადაც დაიწყო ლათინური ენის სწავლა. ეს იყო აუცილებელი. შემდგომ უკვე 10 წლის ასაკიდან სწავლობს არითმეტიკას და 11 წლის ასაკიდან უკვე ისე ფლობს ლათინურს, რომ გადადის ლათინურ სტილისტიკაზე. ეს არის უკვე წინწასული დონე განათლებისა, როდესაც ადამიანი აზრის არა მარტო სწორად, არამედ ლამაზად გამოხატვას სწავლობს.
რას კითხულობდა მაკიაველი?
ეს არის პლუტარქეს ”ბიოგრაფიები”, ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ, რომ იქ არის მოყოლილი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება. ადამიანი, ერთი ადამიანი, გამორჩეული პიროვნება, როგორც მაგალითი - აი, ეს არის რენესანსული ადამიანის ინტერესი. როგორ მოახერხა ადამიანმა გამორჩევა თავისი თანამოძმეებისაგან? როგორ მოახერხა, განსაკუთრებული მიღწევა და განსაკუთრებული წარმატება რომ ჰქონოდა ცხოვრებაში. თვითონ მაკიაველი იზიარებდა იმ აზრს, რომ ადამიანის ბუნება დროთა განმავლობაში უცვლელია და იცვლება მხოლოდ ცხოვრება და მთავარი სწორედ ცხოვრებაა, თვითონ ამ ცხოვრების პროცესი - ანუ განცდები, რომელსაც იღებ, და აზრები, რომელიც წარმოიშობა ამ დროს თავში. მაგრამ პირველი და ყველაფრის საფუძველი მაინც არის ცხოვრება და აქედანაა მისი ცნობილი ლათინური გამონათქვამი PRIUS VIVERE DEINDE PHILOSOPHARE (რაც ნიშნავს: ჯერ იცხოვრე და მერე იფილოსოფოსეო.)
1498 წლიდან მაკიაველი იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ აქტიური პოლიტიკოსი იმდენად არ არის, რამდენადაც თანამდებობა უჭირავს ფლორენციის რესპუბლიკაში. ”რესპუბლიკა” საკმაოდ პირობითად ეწოდება მას, ერთადერთი თვისება აქვს რესპუბლიკის, რომ არჩევნებია იქ. რას ნიშნავს ”არჩევნები”? იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთთან შედიან კონფლიქტში. ადამიანები ერთმანეთს განიხილავენ, როგორც მოწინააღმდეგეებს, მოკავშირეებსაც. მთავარია, რომ იცნო ისინი, ვინ არის შენი მტერი და ვინ პირიქით მეგობარი. ვინ ჩაგიყრის საწამლავს, როდესაც მოგიწვევს ვახშამზე. როგორ უნდა იცნო? რა თქმა უნდა, არავინ აღიარებს ამას, მაგრამ სახის გამომეტყველებით მაგალითად. ამიტომ იწერება დიდი ტრაქტატები იმის შესახებ, როგორი არის ადამიანის სახის გამომეტყველება, როდესაც ის დამწუხრებულია, როდესაც გახარებულია, როდესაც ტყუის და ა.შ. ანუ ისევ ადამიანი დგება ინტერესის ცენტრში და აქედან იწყება ფსიქოლოგია, მაგრამ მანამდე - მხატვრობა. ამიტომ არის სწორედ, რომ დიდი იტალიელი ოსტატების ტილოებზე ადამიანებს ასეთი ცოცხალი გამომეტყველება აქვთ; სწორედ იმის გამო, რომ ყველა ცდილობდა ადამიანის ფარული აზრების და მისი განწყობების გაგებას. ლეონარდო დავინჩიც კი წერს ამაზე, რით განსხვავდება მოტირალი ადამიანის სახე მოცინარისაგან.
მაკიაველი ჩაერთო ამ ორომტრიალში და, უნდა ითქვას, რომ საკმაო წარმატებას მიაღწია სწორედ ცხოვრებაზე დაკვირვებით. 1500 წელს, მაგალითად, ის გააგზავნეს ელჩად საფრანგეთში და დაწერა დიდი ტრაქტატი გალების, ანუ ფრანგების, ბუნების შესახებ. ძალიან აინტერესებდა ეს, იმიტომ, რომ ფრანგებმა დაიპყრეს მისი სამშობლო ფლორენცია. აინტერესებდა, რატომ დამარცხდა სამხედრო ასპარეზზე მისი ქვეყანა, რომელიც ასეთი მშვენიერია და ასე უყვარდა მას - ისე, რომ დაწერა თავის დროზე დიდი ნაშრომი „ფლორენციის ისტორია“. აქაც რენესანსულია ნიკოლო მაკიაველი და მისთვის მნიშვნელოვანი არის სწორედ, როგორ ვითარდება საზოგადოება, არა მარტო ადამიანი, არამედ საზოგადოება. აქ მინდა გამოვყო ერთი მომენტი. როდესაც ის აღწერს ბარბაროსთა შემოსვლას იტალიაში, ანუ რომის იმპერიის დაცემას, ის ამბობს: შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ ეს უკვე სხვა ადამიანები იყვნენ, მათ უკვე აღარ ერქვათ ტიტუსი, მარკუსი... არამედ მატეო, ჯოვანი... ანუ ეს არის უკვე სხვა ერი, სხვა ეთნოსი. ისინი ჯერ კიდევ ეძახიან თავიანთ თავს ლათინებს, ისევე, როგორც რომაელები ეძახდნენ, მაგრამ უკვე არიან იტალიელები.
ვიდეოლექცია ეძღვნება რენესანსის პერიოდის იტალიელ მოაზროვნეს ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) და მის თხზულებას „მთავარი“.
ლექციაში მოცემულია რენესანსის მოკლე და ზოგადი აღწერა: რას ნიშნავს საკუთრივ ტერმინი და მის აღსანიშნავად შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ სიტყვა „აღორძინება“? რით განსხვავდებოდა რენესანსი უფრო ადრინდელი შუა საუკუნეებისაგან? არის თუ არა მათ შორის პრინციპული განსხვავება? რომელ სოციალურ ფენებს შეეხო რენესანსის სიახლეები?
ასევე მოკლედ არის გადმოცემული ნიკოლო მაკიაველის ბიოგრაფია და მისი წვლილი ისტორიულ პროცესებში. ჩამოთვლილი და დახასიათებულია მოაზროვნის ძირითადი თხზულებები.
გადმოცემულია „მთავარის“ შეთხზვის ისტორია და ძირითადი შინაარსი, ასევე - წიგნის გავლენა შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე და მისი ადგილი პოლიტიკური აზრის ისტორიაში.