კურსის შესახებ: ნოდარ ლადარია , ნოდარ ლადარია მაკიაველის შესახებ ( ნაწილი II )
3 ლექცია, ხანგრძლივობა: 30 წუთი 35 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
1512 წელს მაკიაველის ცხოვრებაში დადგა ძალიან მძიმე დრო. მას დააბრალეს ფლორენციის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა, რაც არ იყო მართალი. გაიყვანეს დაკითხვაზე, მცირედ აწამეს კიდეც, მაგრამ საკმაოდ მალე გაათავისუფლეს და მიუსაჯეს გადასახლება თავისსავე მამულში. აი, სწორედ ამ მისთვის ძალიან მძიმედ გადასატან პერიოდში წერს ის ნაშრომს, რომელსაც იტალიურად ეწოდება IL PRINCIPE. ქართულად არის ნათარგმნი, როგორც „მთავარი“, მაგრამ მე უფრო ვიტყოდი, რომ ეს არის “ხელმწიფე”, რადგანაც იტალიური სიტყვა PRINCIPE რეალურად აღნიშნავს სახელმწიფოს პირველ პირს იმ დროს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ აკონკრეტებს მის ტიტულს. ეს შეიძლება იყოს ჰერცოგო, შეიძლება იყოს მეფე. ანუ უფრო შესაბამისი ეკვივალენტი თავისი ზოგადობით არის ქართული სიტყვა “ხელმწიფე”.
ვინ არის ეს? ეს არის პერსონაჟი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაკიაველის ტექსტისა, და ადამიანი, რომელსაც ის აღწერს და მიმართავს, ასე ვთქვათ, რჩევებს აძლევს. მაგრამ რა სახის რჩევებია ეს? დიდი ხნის განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, კამათობენ მკვლევრები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მაკიაველის ეს წიგნი. ახლა ჩამოვთვალოთ მათი თვალსაზრისები:
ეს არის სატირა, ანუ მაკიაველი ირონიულად მიმართავს რომელიღაც წარმოსახვით ხელმწიფეს და ეუბნება, იყავი ბოროტი, დახოცე ადამიანები და შენ მიაღწევ წარმატებას. ასე ვთქვათ, აძლევს მათ უკუღმართ რჩევას, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მართალი, რადგანაც მაკიაველი უძღვნის წიგნს და კონკრეტულად მიმართავს ადამიანს, რომლისაგანაც მოელის კონკრეტულ წყალობას, ეს არის ჰერცოგი ვალენტინო, რომის პაპის ვაჟი, ჩეზარე ბორჯა. არ შეიძლება ასე დასცინო ადამიანს, რომლისაგანაც მოელი თანამდებობაზე აღდგენას.
მეორე, რომ ეს არის გაფრთხილება, ანუ კაცობრიობას აფრთხილებს, ნუ იქნებით ასეთი ბოროტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ. მაგრამ, ამისათვის საჭირო არის, ძალიან კარგად შეიგნო, როგორც იტყვიან რეფლექსია მოახდინო, გაიაზრო შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს შენს ქმედებას. თანაც ის პირველი უბრალო შედეგები კი არა, არამედ შორეული შედეგებიც. ამგვარი რამ ჯერ კიდევ არ არსებობდა, გასააზრებელი იმდენი არ იყო. მაკიაველი ვერ გააფრთხილებდა ვერავის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ევროპული პოლიტიკური ისტორიის დასაწყისში. ეს მე-20 საუკუნეში შეიძლება გააფრთხილოს ადამიანები ინგლისელმა მწერალმა, მაგალითად, ორუელმა თავისი რომანით, ან მოთხრობით. მაკიაველის დროს ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო და თვით ჟანრიც არ არსებობდა.
რომ ეს არის მორალური დარიგება, როგორც, მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანის წიგნში „სიბრძნე სიცრუისა“, სადაც ზრდიან უფლისწულს და ასწავლიან მას ქვეყნის მართვის ხელოვნებას. მაგრამ თვითონ ტექსტის თვისებები არ იძლევა ამის საშუალებას, იმიტომ, რომ, მართალია, აქ არის რჩევები, მაგრამ რჩევები არის, ასე ვთქვათ, უკვე ზრდასრული ადამიანისადმი. გარდა ამისა, ეს ადამიანები, რომლებსაც განიხილავს მაკიაველი, ანუ ეს ხელმწიფეები, წარმოსახვითად გამოყვანილი ამ ტექსტში, იმდენად მრავალფეროვანნი არიან, რომ ეს წიგნი ვერ იქნება დარიგება. დარიგება არის იმ ადამიანის მიმართ, ძირითადად, ერთი ადამიანის მიმართ, რომელსაც ავტორი მიიჩნევს გამოუცდელად და აძლევს მას გამოცდილებას. ასეთი რამ ტექსტში არ შეინიშნება.
მეოთხე თვალსაზრისია, რომ ეს არის ანტი ეკლესიური წიგნი. მაგრამ მაკიაველი არსად არ აკრიტიკებს ეკლესიას პირდაპირ. სხვანაირად არის აქ საქმე, მაკიაველი არ იყენებს საეკლესიო ტერმინებს - არ ლაპარაკობს მოწყალებაზე მაგალითად, არ ლაპარაკობს ცხონებაზე, არ ლაპარაკობს თეოლოგიაზე. მისთვის ეს თითქოს არ არსებობს. ეკლესია და, უფრო ზოგადად, რელიგია, მაკიაველისათვის არის საზოგადოებრივად სასარგებლო ინსტრუმენტი. თუ ის ხელს უწყობს საზოგადოების და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ძლიერებას, მაშინ ეს სასარგებლოა, როგორც იყო წარმართობა, მაგალითად, რომის რესპუბლიკის პირველ საუკუნეებში. მაგრამ თუ ის გვეუბნება, რომ ადამიანის ჭეშმარიტი მიზნები არის მისი სიკვდილის შემდეგ, თუ ის ამბობს, რომ ადამიანმა უნდა შეიყვაროს მტრები, ანუ ისეთ პოზიციაში აყენებს, რომ ამგვარად მოაზროვნე ადამიანების საზოგადოება ხდება სუსტი, მაშინ, აბბობს მაკიაველი, რომ რელიგია არის უბრალოდ დამანგრეველი ძალა საზოგადოებისა და, ამგვარად, ვერასოდეს ააშენებ სტაბილურ სახელმწიფოს.
ვინ არის თვითონ ამ წიგნის ავტორი, ანუ მაკიაველი? როგორ წარმოიდგენს ის საკუთარ თავს?
პირველი თვალსაზრისი, რომელიც გამოთქვეს ამ საუკუნეების განმავლობაში მკვლევრებმა, არის, რომ ის არის ფხიზელი სპეციალისტი, ანუ საღი გონებით უყურებს საკითხს. მაგრამ სპეციალისტი მაკიაველი ვერ იქნება, რადგანაც არავითარი სპეციალობა პოლიტიკა არ არსებობს. თვითონ ტერმინი ”სახელმწიფო”, იტალიურად STATO, არის მაკიაველის შემოღებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუმცა, გამოიყენება მანამდეც. მაგრამ მაკიაველიმ დაუმატა წინ ერთი სიტყვა - RAGION DI STATO, რაც ნიშნავს „სახელმწიფო ინტერესებს“. დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვისმენთ ჩვენ ამ სიტყვას - ”სახელმწიფო ინტერესები”, რაც მაკიაველის შემოღებულია. სახელმწიფო ინტერესები ეს არის ის უდიდესი მიზანი, ის უდიდესი მოსაზრება ან საფუძველი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ხელმწიფე იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას. ასე რომ, მაკიაველის დროს სპეციალობა არ არსებობდა, რომ ის სპეციალისტი ყოფილიყო...
რომ ეს არის პრაგმატული პოლიტიკოსი, ანუ პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და ამ მიზნისკენ ისწრაფვის ის. მაგრამ მაკიაველი რეალურად არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკოსი, ის იყო კანცელარიის უფროსი ფლორენციის რესპუბლიკაში. უნდა ითქვას, რომ მთლიანად მისი პოლიტიკური კარიერა დამთავრდა მარცხით, მიუხედავად მისი პრაგმატიზმისა. მიუხედავად ამისა, რომ დამთავრდა მარცხით, მაკიაველი მაინც აღიარებს პრაგმატიზმს, მაგრამ პოლიტიკოსი არ არის.
კიდევ ერთი დამახასიათებელი სიტყვა, რომლითაც მოიხსენიებენ მაკიაველის, არის È GRANDE APACCIONATO - „დიდი ვნებიანი ადამიანი“. ანუ ადამიანი, რომელიც არის რეალობის გრძნობას მოკლებული, სხვა სიტყვით, მეოცნებე. მაგრამ არც ეს არის მთლად მართალი, იმიტომ, რომ მაკიაველი არასოდეს არ ოცნებობს და არასოდეს არ ვარდება უაზრო გადახვევებში. მისი მსჯელობა ყოველთვის არის ცხადი და ნათელი. ის ამბობს, მაგალითად: ადამიანები, იმისათვის, რომ შეიქმნან წარმოდგენა რეალობაზე, იქცევიან ისე, როგორც მხატვარი - ანუ თუ მას უნდა მთების დახატვა, ის ჩამოდის ბარში და ქვემოდან უყურებს მთებს; თუ მას უნდა შორეული პერსპექტივის დახატვა, ანუ ხეობისა მაგალითად, ის, პირიქით, ადის მთაზე და იქედან გადახედავს ბარს. ანუ მაკიაველი ამ შემთხვევაში აღიარებს დისტანციის აუცილებლობას. მას აქვს გარკვეული მეთოდი. ვნებიან და მეოცნებე ადამიანს არა აქვს მეთოდი.
და ბოლოს, სრულიად სასაცილო თვალსაზრისი, რომ მაკიაველი არის მისტიკოსი, მაგრამ ამის შესაბამის სიტყვებს ის არასოდეს არ იყენებს. ის არასოდეს არ ამბობს, რომ მე ვიცი რაღაცა, მე ვხედავ რაღაცას ისეთს, რასაც თქვენ ვერ ხედავთ. მაკიაველის მოჰყავს ისტორიული მაგალითები და გვთავაზობს თავისებურ ახსნას. ახსნა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მკითხველს, შეიძლება იყოს ავტორის თვალსაზრისისაგან განსხვავებული. მისტიკოსები ასე არ იქცევიან. მისტიკოსები ამბობენ: მე დავინახე ის, რასაც ვერ ხედავთ თქვენ. ასეთი რამ მაკიაველის ნაშრომში არ შეინიშნება.
ვიდეოლექცია ეძღვნება რენესანსის პერიოდის იტალიელ მოაზროვნეს ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) და მის თხზულებას „მთავარი“.
ლექციაში მოცემულია რენესანსის მოკლე და ზოგადი აღწერა: რას ნიშნავს საკუთრივ ტერმინი და მის აღსანიშნავად შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ სიტყვა „აღორძინება“? რით განსხვავდებოდა რენესანსი უფრო ადრინდელი შუა საუკუნეებისაგან? არის თუ არა მათ შორის პრინციპული განსხვავება? რომელ სოციალურ ფენებს შეეხო რენესანსის სიახლეები?
ასევე მოკლედ არის გადმოცემული ნიკოლო მაკიაველის ბიოგრაფია და მისი წვლილი ისტორიულ პროცესებში. ჩამოთვლილი და დახასიათებულია მოაზროვნის ძირითადი თხზულებები.
გადმოცემულია „მთავარის“ შეთხზვის ისტორია და ძირითადი შინაარსი, ასევე - წიგნის გავლენა შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე და მისი ადგილი პოლიტიკური აზრის ისტორიაში.