კურსის შესახებ: ნოდარ ლადარია , ნოდარ ლადარია მაკიაველის შესახებ (ნაწილი (III)
3 ლექცია, ხანგრძლივობა: 30 წუთი 35 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს მაკიაველი?
მას ათას რამეს აბრალებდნენ ცხოვრებაში, მაგალითად, ინგლისის დედოფლის, ელისაბედ პირველის კარზე ის ცნობილია, როგორც BLACKNICK- „შავი ნიკი“.შავი ე.ი. შავბნელი. ადამიანი, რომელიც არის უზნეო, რომელიც გვეუბნება, ჩაიდინეთ ბოროტება, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას... და ა.შ.
არასოდეს არ უთქვამს მაკიაველისასეთი რამე. მის ნაწერებში ეს ფრაზა არ მოიპოვება, რომ ”მიზანიამართლებს საშუალებას”, მაგრამ რატომ, რატომ სძულდათ ის? ხანდახან ამბობენ ასეთ რამეს და, უნდა ითქვას, რომ დიდი იტალიელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი მე-20საუკუნისა, ბენედეტო კროჩე ამბობს, რომ მაკიაველიმ გაათავისუფლა პოლიტიკა ზნეობისაგან. მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკის ზნეობისაგან გათავისუფლება არის შეუძლებელი რამ. პოლიტიკოსს აქვს მიზნები, თუ ეს მიზნები არ არის ზნეობრივი, პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერ მიაღწევს წარმატებას. მას უბრალოდ ხმას არ მისცემენ, მას შეიძულებენ.
მაკიაველი ამბობს, დაე ეშინოდეთ შენი, მაგრამ ნუ შეგიძულებენო, იმიტომ, რომ შიში შენ გაძლიერებს, მაგრამ სიძულვილი ადრე თუ გვიან მოგკლავს; არ შეიძლება პოლიტიკოსი, თუნდაც დიქტატორი, იყოს უზნეო. ეს ყველას ღუპავს.
მაშ ვინ არის მაკიაველი? მაკიაველიმთქვა ძალიან უბრალო რაღაც.
არსებობს ორი ტიპის ზნეობა. ერთი არის ის, რომელიც ისახავს ამქვეყნიურ მიზნებს. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად, საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა გვაძლევდეს გამდიდრების, ჯანმრთელობის და დიდხანს უზრუნველი ცხოვრების საშუალებას; საზოგადოება უნდა იყოს ჯანსაღი და თავდაცვისუნარიანი; მან უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობის აღზრდა. ამას ერთი ტიპის ზნეობა სჭირდება. მაგრამ არის სხვა ზნეობაც, რომელიც გვეუბნება: ადამიანმა უნდა იბრძოლოს პირადი ცხონებისათვის და ეს ცხონება მოდის მისი სიკვდილის შემდეგ. ადამიანმა უნდა შეიყვაროს მტრები. ადამიანი უნდა იყოს აუცილებლად გულმოწყალე დავრდომილთა მიმართ, თუნდაც ეს გულმოწყალება ამცირებდეს მის თავდაცვისუნარიანობას;ადამიანი უნდა იყოს თავგანწირული, არ აფასებდეს თავის ცხოვრებას, რადგანაც ამ ცხოვრების მიზანი არის სიკვდილის შემდეგ და მის მიღმა.
მაკიაველი გვეუბნება ასეთ რამეს: რასაც ამტკიცებს ეს მეორე ზნეობა, არ არის ტყუილი; რაზედაც ქრისტიანები ამბობენ, რომ ეს სიკეთეა, ეს მართლაც სიკეთეა; რაზედაც ქრისტიანები ამბობენ, რომ ეს არის ბოროტება, მართლაც ბოროტებაა. უბედურება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ქრისტიანები ცდებიან ან ტყუიან. უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ვერასოდეს იქნება ისეთი, რომ სრულყოფილად შეასრულოს ქრისტიანული იდეალი; რომ მიაღწიოს მას ისე, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებადაც მათ მოუწოდებს რომ იყვნენ ეკლესია, მაგრამ ადამიანები რეალურად ვერასოდეს ვერ იქნებიან ასეთები. ყველა ხელმწიფე, ყველა პოლიტიკოსი, ზოგადად რომ ვთქვათ, დაღუპა ადამიანის გაიდეალებამ. ანუ სასურველის დასახვამ რეალობად. თუ შენ შეხედავ ადამიანებს ისე, როგორებადაც შენ გინდა, რომ იყვნენ ისინი და არა ისე, როგორებიც არიან სინამდვილეში, შენ ვერასოდეს ვერ მიაღწევ წარმატებას და გააუბედურებ ყველას.
აი, ეს არის მაკიაველისძირითადი იდეა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ამ იტალიელმა მოაზროვნემ გამოხატა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდად. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ის ცდებოდა ან ეს იყო ისეთი სიახლე, რასაც ვერავინ გაიგებდა და ა.შ. მაკიაველიმეს არ გამოხატა და არსად არ თქვა ცხადად. ეს არის შემდგომი დროის მონაპოვარი. შემდგომი ახსნის შედეგი. კაცობრიობას ძალიან დიდი შეცდომების ხარჯზე ძალიან ძნელი გზის გავლა მოუწია, რომ, უბრალოდ, მიმხვდარიყო იმას, თუ რას ეუბნება მას მაკიაველისტექსტები და, შეიძლება ითქვას, რომ თვითონ მაკიაველისკარგად არ ჰქონდა გაცნობიერებული ეს. მან ვერ მოასწრო ამის გაცნობიერება.
ის 1527 წელს, როდესაც მედიჩებისოჯახი კვლავ დაუბრუნდა ფლორენციას, ისევ ქალაქში ჩავიდა და მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. დამარცხდა, რადგანაც ქალაქის პარლამენტში ასეთი თვალსაზრისი გამეფდა, რომ მაკიაველი ვინ არის? ის ხომ მეცნიერია, რაში გვჭირდება მეცნიერები? ის მარხვაში ზის და წიგნებს კითხულობს, იმის მაგიერ, რომ ილოცოსო. მაკიაველი დამარცხდა და მძიმე ფსიქიკური ტრავმამიიღო შედეგად, დაავადდა და სულ რაღაც ორ თვეში გარდაიცვალა.
სიკვდილამდე ათი დღით ადრე მან ჩაწერა თავისი სიზმარი.
სიზმარი იყო ასეთი: თითქოსდა ის გარდაცვალების შემდეგ დგას გზის გასაყარზე და ხედავს ორი სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი ადამიანების ჯგუფს. ერთში არიან ძალიან ღირსეული გარეგნობის, კარგად შემოსილი ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რაღაც მაღალ საგნებზე ან გალობენ და ასევე მიდიან მწყობრად... მეორე ჯგუფში არიან სხვადასხვა სახის ღარიბები, მათხოვრები - ადამიანები, რომლებიც რაღაც უწესრიგოდ და უსისტემოდლოცულობენ, გაიძახიან ერთსა და იმავე ფრაზებს... მაკიაველი ეკითხება მათ: ვინ ხართ თქვენ? პირველ ჯგუფში მყოფნი ეუბნებიან, ჩვენ ვართ კაცობრიობის მთავარი მოაზროვნეები, ადამიანები, რომლებმაც წინ წავწიეთ ცხოვრება, რომლებმაც გავიმარჯვეთ ცხოვრებაში და ჩვენ მივდივართ ჯოჯოხეთში. მეორე ჯგუფში კი ამბობენ: ჩვენ ვართ უკანასკნელნი ამა ქვეყნისანიდა მივდივართ სამოთხეში. მაკიაველი წერს, რომ მე პირველ ჯგუფში ყოფნა ავირჩიეო.
ეს იყო, ასე ვთქვათ, მისი შეგნებული არჩევანი, რითაც მან დაასრულა სიცოცხლე. სამწუხაროა, რომ მაკიაველისწიგნი„მთავარი“იყო წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე უფრო საშინელი დიქტატორების სახელმძღვანელო. ამავე დროს, ეს წიგნი ბევრს რასმე სულის მარგებელს აძლევს დღევანდელი თავისუფალი მსოფლიოს მცხოვრებ ადამიანსაც და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც გვასწავლის მაკიაველი, არის ის, რომ ტექსტის ინტერპრეტაცია, მისი გაგება და განმარტება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი და არჩევანი კი ადამიანის ზნეობაზეა დამოკიდებული.
ვიდეოლექცია ეძღვნება რენესანსის პერიოდის იტალიელ მოაზროვნეს ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) და მის თხზულებას „მთავარი“.
ლექციაში მოცემულია რენესანსის მოკლე და ზოგადი აღწერა: რას ნიშნავს საკუთრივ ტერმინი და მის აღსანიშნავად შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ სიტყვა „აღორძინება“? რით განსხვავდებოდა რენესანსი უფრო ადრინდელი შუა საუკუნეებისაგან? არის თუ არა მათ შორის პრინციპული განსხვავება? რომელ სოციალურ ფენებს შეეხო რენესანსის სიახლეები?
ასევე მოკლედ არის გადმოცემული ნიკოლო მაკიაველის ბიოგრაფია და მისი წვლილი ისტორიულ პროცესებში. ჩამოთვლილი და დახასიათებულია მოაზროვნის ძირითადი თხზულებები.
გადმოცემულია „მთავარის“ შეთხზვის ისტორია და ძირითადი შინაარსი, ასევე - წიგნის გავლენა შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე და მისი ადგილი პოლიტიკური აზრის ისტორიაში.