library-icon შთა

პლატონის შესახებ

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი
eye

4,823

1 /

კურსის შესახებ: გიგა ზედანია , გიგა ზედანია პლატონის შესახებ (ნაწ. II)

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

მეორე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჰქონდა სოკრატეს ფილოსოფოსობას პლატონისათვის, ეს იყო უშუალოდ ფილოსოფიური განზომილების გათვალისწინება. პლატონმა გააგრძელა სოკრატეს აზროვნების წესი, ოღონდ, მისგან განსხვავებით, ეს უკვე აღარ იყო საუბრის რეჟიმში ფილოსოფოსობა, არამედ ეს იყო ფილოსოფოსობა, რომელიც გულისხმობდა, რასაკვირველია, დაწერილ ტექსტებს. აქაც, სხვათა შორის, პლატონს აქვს ძალიან სპეციფიური მიდგომა, რომელიც შეიძლება გარკვეული გავლენაც იყოს მისი მასწავლებლისა. საქმე ის არის, რომ განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან და მისი მოწაფეებისაგან თუ სხვა მომდევნო ფილოსოფებისაგან, პლატონი არ წერს თავის ტექსტებს არც პოემის და არც ტრაქტატის სახით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, იმიტომ, რომ, ჩვეულებრივ, ჩვენ ველით ფილოსოფოსისაგან, რომ ის თავის აზრებს გადმოსცემს, როგორც მოძღვრებას. მაგრამ ჩვენ უკვე ვთქვით, სოკრატე ამას ასე არ აკეთებდა. მეტიც, არც პლატონი აკეთებს ამას ასე. პლატონი თავის ტექსტებს დიალოგის ფორმას აძლევს, სადაც ყოველთვის რამდენიმე პერსონაჟია, რომელიც ერთმანეთს ელაპარაკება. ცხადია, ერთ-ერთი პერსონაჟი ამ დიალოგებში უფრო დამაჯერებელია, ვიდრე სხვები, მაგრამ ბოლომდე ნათელი მაინც არ არის, ვისი შეხედულებებია საბოლოოდ ჭეშმარიტი და ვისი შეხედულებები ასახავს ბოლომდე პლატონის აზრს. შესაბამისად, საინტერესო განზომილება პლატონის ტექსტებისა არის სწორედ ის, რომ ჩვენ იქ ვხედავთ აზროვნების დაბადებას დისკუსიაში, დისპუტში და არა უბრალოდ უკვე წინასწარ მოფიქრებული აზრების მწყობრად გადმოცემას მოძღვრების სახით. გარდა ამისა, ძალიან დიდი ერთგულება პლატონისა სოკრატეს მიმართ იმაშიც ვლინდება, რომ თითქმის ყველა მის დიალოგში სოკრატე, როგორც პერსონაჟი, თამაშობს განმსაზღვრელ როლს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ხშირად ჩვენ არ ვიცით, ვის აზრებს გადმოსცემს სოკრატე - პლატონის აზრებს თუ იმ აზრებს, რომელიც მან ისტორიულად მართლაც რაღაც საუბარში გადმოსცა, და ხშირად რთულია, მივხვდეთ, სად მთავრდება სოკრატე და სად იწყება პლატონი, ყოველ შემთხვევაში, ადრეულ დიალოგებში მაინც პლატონისა. უკვე გვიანდელი დიალოგები ერთმნიშვნელოვნად თვითონ პლატონის ფილოსოფიურ მოსაზრებებს გადმოსცემს, ეს ცხადია. ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ფილოსოფოსობისადმი, განსაკუთრებული იმ აზრით, რომ მუდმივად იგრძნობა ტექსტში გადაჯაჭვა და, გარკვეული აზრით, დაპირისპირება, კონფლიქტი სხვადასხვა შეხედულებებს შორის, აქცევს პლატონის ტექსტს იმად, რადაც შეიძლება შეაფასა მეოცე საუკუნის ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ, როდესაც თქვა, რომ, პრინციპში, ყველაზე უეჭველი დახასიათება ევროპული აზროვნებისა არის ის, რომ ეს აზროვნება სხვა არაფერია, თუ არა შენიშვნები მიწერილი პლატონის ტექსტზე. აქ იგულისხმება ის კი არა, რომ ყველა მომდევნო მოაზროვნე პლატონს უბრალოდ იმეორებდა და მისი გავლენის ქვეშ იყო (თუმცაღა ძალიან ბევრ შემთხვევაში ასეც ხდებოდა და ძალიან ბევრ პლატონიკოს თუ პლატონის ირიბი გავლენის მქონე ფილოსოფოსს ვიცნობთ ჩვენ), არამედ საქმეც ის არის, რომ პლატონის ტექსტში მოცემულია მთელი მრავალფეროვნება შესაძლებელი პოზიციებისა და ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ის ადამიანი, ვინც პლატონიზმს აკრიტიკებს, სინამდვილეში ტექსტში უკვე ჩაწერილია, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი, ვინც ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად, თავად პლატონისავე თუ სოკრატეს აზრებს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღესაც პლატონის ტექსტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვაზროვნებთ ჩვენ სამყაროს შესახებ, საზოგადოების შესახებ, ეთიკის შესახებ, ესთეთიკის შესახებ და ა.შ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი პლატონის კორპუსში არის ტექსტი „სახელმწიფო“, რომლის მეტაფიზიკურ ნაწილსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ. ”მეტაფიზიკურს” რომ ვახსენებთ, ეს მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ, რომ, პირველ რიგში, პლატონს აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა სფეროს შესახებ დაწერილი - ისევ ვიმეორებ: ეთიკის შესახებ, პოლიტიკის შესახებ, ესთეტიკის შესახებ და ა.შ. მაგრამ გულისგული პლატონის მოძღვრებისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შემდეგ ეფუძნება მისი სხვა ყველა თეორია, არის მისი მეტაფიზიკა. ”მეტაფიზიკა” არის ძველბერძნული სიტყვა და ეტიმოლოგიურად ეს ნიშნავს იმას, რაც ფიზიკის მიღმაა. მეტაფიზიკას ფილოსოფიაში უწოდებენ მოძღვრებას, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ რა არის ხილული გრძნობადი სამყაროს საფუძველში და რა განსაზღვრავს მას. პრინციპში, პლატონი არის ფილოსოფოსი, რომელიც ყველაზე მკვეთრად და ნათლად აყალიბებს მეტაფიზიკის პრინციპებს, რომელთაც შემდეგ ხშირად გაიმეორებენ როგორც ფილოსოფოსები, ისე თეოლოგები. „სახელმწიფოში“ მეტაფიზიკის გადმოცემას ეთმობა მე-5-მე-6 თავები და სწორედ აი ამ კონკრეტული ტექსტის ირგვლივ ვიტრიალებთ ჩვენ პლატონის მეტაფიზიკის განხილვისას. სანამ აქამდე მივალთ, მანამდე გავაგრძელოთ სოკრატეს მიერ პრობლემის დასმის ხაზი. მოგეხსენებათ (როგორც უკვე აღვნიშნეთ), რომ სოკრატე კითხვას უსვამდა თავის მოსაუბრეებს იმის შესახებ, თუ რა არის ესა თუ ის ფენომენი და მნიშვნელოვანწილად იმაზე გაღიზიანება იყო მიზეზი, რომ სოკრატე დაისაჯა; გაღიზიანება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ კარგად ჩამოყალიბებული პასუხები იმ სფეროს შესახებ, რომლებსაც სინამდვილეში ისინი კარგად უნდა იცნობდნენ: რა არის, მაგალითად, პოეზია, რა არის სამართლიანობა, რა არის სიქველე და ა.შ. საქმე ის იყო, რომ სოკრატეს რაც უნდოდა ამ კითხვის შედეგად მიეღო, ეს იყო მყარი ცოდნა და სოკრატემ აღმოაჩინა, რომ ძალიან რთულია, ილაპარაკო სიმყარეზე, როდესაც საქმე გაქვს სამყაროსთან, რომელშიც მუდმივად რაღაცა იცვლება. აქ პლატონი აგრძელებს თავისი მასწავლებლის ხაზს და ამბობს, რომ ეს სამყარო იმდენად ცვალებადია, რომ შეუძლებელია მყარი, ნამდვილი უეჭველი ცოდნა მოიპოვო მის შესახებ - ყოველ შემთხვევაში, თუ ლაპარაკია იმ სამყაროზე, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ. მაგალითად, ჩვენ რომ გვინდოდეს ადამიანზე ვთქვათ, რომ ის არის მშვენიერი - მუდმივად ვამბობთ, ხომ, ამას: ეს ადამიანი ძალიან ლამაზია. თუ კარგად დავაკვირდებით, გვეუბნება პლატონი, აღმოვაჩენთ, რომ სრულყოფილად ლამაზი ადამიანი არ არსებობს და ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია, პრედიკატი, ანუ სილამაზის თვისება, მივაწეროთ ადამიანს შეზღუდვების გარეშე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ადამიანზე, რომ ის ძალიან ლამაზია, მაგრამ ყოველთვის მოვნახავთ რაღაცა პერსპექტივას, რომლიდანაც ის ლამაზი არ გამოჩნდება. ანუ ჩვენი ცოდნა, რომელიც გამოთქმულია ჩვენს წინადადებებში, სინამდვილეში აღმოჩნდება არაზუსტი, დასაზუსტებელი, გადასასინჯი, კრიტიკისადმი დაქვემდებარებული და ა.შ. ამიტომაც საჭიროა ახალი მოდელი როგორც სამყაროსი, ისე ცოდნისა, რომელიც ჩვენ შეგვაძლებინებს, ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა არის სინამდვილე და ზუსტად შეგვეძლოს მისი აღწერა და სწორედ აქ ცდილობს პლატონი დაგვეხმაროს იმით, რომ გვთავაზობს სამ შედარებას, სამ სურათ-ხატს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ უნდა გავიგოთ, პირველ რიგში, როგორ არის სამყარო მოწყობილი და მეორე, როგორ ვიმეცნებთ ჩვენ ამ სამყაროს.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

გიგა ზედანია


დაბადების ადგილი და თარიღი: თბილისი, 1 აპრილი, 1977

განათლება და კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხები:

2000 - 2004: ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია, ფილოსოფიის დოქტორი;
1999 - 2000: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი;
1998 - 2000: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი;
1994 - 1998: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრი;
1996 - 1997: ბარდის კოლეჯი, აშშ.
პროფესიული გამოცდილება:
2014 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2002 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, პროფესორი;
2010 - 2014: მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი,ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009 - 2010: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2008 - 2009: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2006 - 2008: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2005 - 2009: სამოქალაქო განათლებისა და კულტურის კვლევების მიმართულების კოორდინატორი, ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო";
2006 - 2008: გადაცემა "ღამის საუბრების" წამყვანი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.


გამოქვეყნებული შრომების სია:

წიგნები: მონოგრაფია
Von Einheit zu Pluralität. Nikolaus von Kues als Interpret der Schriften des Dionysius Pseudo-Areopagita. Leipzig 2008. 
გამოცემული კრებულები
Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012.
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012.
სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012.
მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009.
ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009.
საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007.
ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006.

სტატიები:
Political Elites and Political Culture in Post-Soviet Georgia”, in:.). Political Culture and Culture of Political Elites in Eastern Europe, ed. by N. Gallina et al. Bern / Berlin 2014 (იბეჭდება).
„რუსეთი კულტურასა და ცივილიზაციას შორის“, წიგნში: ო. ფაიჯესი, ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია. თბილისი 2014 (იბეჭდება).
„Modernization as a Project and a Process“, in: Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
“Differentiation and Dedifferentiation in Contemporary Georgia”, in: Soziale Systeme 2014 (იბეჭდება).
“Informality and the Question of Modernization: the Case of Georgia“, in: Informality in Eastern Europe: Structures, Political Cultures and Social Practices. Ed. By C. Giordano, N. Haoyz. Bern / Berlin 2013, 469-484.
„Batumi: Meer und die Moderne“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 7-8, 2013.
„ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 87-101.
“პოლიტიკური თეოლოგია და მოდერნულობის საკითხი”, წიგნში:
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012, 5-23.
„სექსუალობა: ტრადიციას, მოდერნულობასა და პოსტმოდერნს შორის“, წიგნში: სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012, 156-164.
„Societal Values in Georgia: Twenty Years Later“, in: Twenty Years After the Breakdown of Communism, ed. By N. Hayoz, L. Jesie and D. Koleva, Bern / Berlin 2011, 253-272.
„The Rise of Religious Nationalism“, in: Identity Studies 3, 2011, 120-128.
„Nationalismus und Religion in Georgien“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 6, 2011, 12-21.
“Stimme des Freundes. Freiheitsbegriff in Martin Heideggers Sein und Zeit“, in: Freiheit in Philosophie und Sozialwissenschaften, Leipzig 2011, 149-159.
“შესავალი მოდერნულობის შესწავლაში”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
“ნიკლას ლუმანის დაკვირვებები მოდერნულობაზე”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
„შესავალი“, წიგნში: ივანე ჯავახიშვილი. ნაწერები უნივერსიტეტზე. თბილისი 2010.
„სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“, წიგნში: სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009, 4-14.
„ნაციონალური ფორმა და იდენტობის საკითხი“, წიგნში: ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009, 104-112.
“Jacques Derrida”, in: Philosophenlexikon, Reclam 2009.
“საქართველოს პოლიტიკური ელიტა: სიმბოლური გაცვლა და სოციალური მითოლოგია“, წიგნში: საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007, 6-23 (გ. თევზაძის თანაავტორობით).
“ღირებულებების სისტემატური და შედარებითი შესწავლა”, წიგნში: ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006, 7-17.
"Ein Dilemma der Cusanus-Forschung", in: Georgica 7 (2006), 155-24.
"ლუდვიგ ვიტგენშტაინი: შესავალი", in: ლუდვიგ ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები. თბილისი 2003, 7-26.
"არა-სხვის კუზანისეული ცნება", in: ფილოსოფიური რეფლექსიები 2, 2003, 90-121. 
"საზრისის ფენომენოლოგიური თეორია და მისი დეკონსტრუქცია", ჟურნალში: მითოლოგია და ფილოსოფია 1, 1999, 55-65.
"საზრისის ჰუსერლისეული თეორია", ჟურნალში: მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 2, 1999, 26-34.
თარგმანები
ი. კანტი. „პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 31-47.
მ. ფუკო. „რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 49-85.
ლ. ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები, შესავლითა და შენიშვნებით. თბილისი 2003.
მ. ფუკო. „რა არის ავტორი?“, ჟურნალში: პარალელური ტექსტები 1997, 105-124. 
თარგმანების რედაქტორობა
პ. ვიდმერი. შვეიცარია როგორც განსაკუთრებული შემთხვევა. თბილისი 2012.
რ. პატნემი. როგორ ვამუშაოთ დემოკრატია. სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში. თბილისი 2005

როგორც ვიცით, აზროვნების სხვადასხვა ტრადიცია არსებობს: ინდური, ჩინური და ა.შ., მაგრამ ამ კურსის მიზანი ევროპული აზროვნების შესწავლაა, ამიტომ ლოგიკურია, ის პლატონით დავიწყოთ.
პირველ ლექციაში მსმენელი გაიგებს საინტერესო ცნობებს პლატონის ბიოგრაფიიდან. მოაზროვნის, რომელთანაც ძველი ბერძნული კულტურის ფილოსოფიური, კულტურული და სააზროვნო ტენდენციები ყალიბდება და ასევე, თუ ვინ იყვნენ მისი წინამორბედები. პლატონის მასწავლებლისა და დიდი ფილოსოფოის, სოკრატეს გავლენას მასზე

სასწავლო ლექციები

  1. 10:13
  2. 09:43
  3. 10:34
  4. 08:48