library-icon შთა

პლატონის შესახებ

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი
eye

4,825

1 /

კურსის შესახებ: გიგა ზედანია , გიგა ზედანია პლატონის შესახებ (ნაწ. III)

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

 ამ სამი შედარებიდან პირველი არის მზის შედარება, მზის სურათ-ხატი.
პლატონი ამბობს, რომ ხილულ სამყაროში, გრძნობად სამყაროში, მზე ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმიტომ, რომ მზის გარეშე ჩვენ, პირველ რიგში, ვერც ვერაფერს დავინახავდით, იმიტომ რომ სინათლე არ იქნებოდა, მაგრამ, გარდა ამისა, არც არაფერი იქნებოდა დასანახი, იმიტომ, რომ ცოცხალი არსებები მზის სინათლისა და სითბოს გარეშე არ იარსებებდნენ. ახლა პლატონი ცდილობს, წარმოიდგინოს, რა უნდა იყოს მზის შესატყვისი საგანი იმ სამყაროში, რომელიც ჩვენს გრძნობად და ხილულ სამყაროს სცილდება. რატომ სცილდება? იმიტომ, რომ (ჩვენ ხომ ვთქვით) შეუძლებელია, ზუსტად იცოდე რაღაც, რაც მუდმივ ცვალებადობაშია, ამიტომაც, საჭიროა, არსებობდეს რაღაც რეალობა, რომელიც უცვლელია და რომელსაც მუდმივად შეესატყვისება ჩვენი ცოდნა. შესაბამისად, პლატონი უშვებს არსებობას საგნებისა, რომელსაც ის ეძახის იდეებს. იდეა - ეს არის პასუხი კითხვაზე „რა“. როდესაც სოკრატე ეკითხებოდა თავის თანამოქალაქეს, თუ რა არის სამართლიანობა, რა არის სიკეთე, რა არის პოეზია, პრობლემა, რომელიც ამ მოპასუხეებს უჩნდებოდათ, იყო ის, რომ მათ არ შეეძლოთ გადმოეცათ პოეზიის, სამართლიანობის თუ სიკეთის იდეა. არადა, ზუსტად ეს იდეაა, რომელიც კონკრეტულ ფენომენს ამ სამყაროში, პირველი - შემეცნებად ხდის და მეორე - საერთოდ იძლევა მისი არსებობის შესაძლებლობას.
მოდი, შევხედოთ, როგორ შეიძლება შევადაროთ ხილული მზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, იდეების სამყაროში რაიმე იდეას.
პლატონის მიხედვით, იერარქიის ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი იდეა იქნება სიკეთის იდეა. ეს არის უცნაური დამოკიდებულება, უცნაური პოზიცია, იმიტომ, რომ სინამდვილეში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ვთქვათ, თუ რატომ უნდა იყოს, მაგალითად, სიკეთის იდეა უფრო მაღალი იდეაა, ვიდრე, მაგალითად, პოეზიის, ან ვიდრე მაგალითად სამართლიანობის ან თუნდაც ვიდრე მაგალითად ხის. საქმე ის არის, რომ როდესაც პლატონი ცდილობს, გაიგოს სამყარო, რასაც ის აკეთებს, არის შემდეგი რაღაც: ის იღებს ადამიანის საყოფაცხოვრებო ყოველდღიურ პრაქტიკებს, აანალიზებს მათ და შემდეგ ეს ცოდნა გადააქვს მთელს სამყაროზე.
მოდით, უფრო კონკრეტულად განვიხილოთ. როგორ ხდება, მაგალითად, ადამიანის მიერ სკამის დამზადება. მარტივად. ადამიანს აქვს სკამის იდეა და შემდეგ ამ იდეის მიხედვით ამზადებს კონკრეტულ სკამს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ეხება არა მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც ადამიანმა დაამზადა, არამედ ნებისმიერ საგანს, მაგალითად, ხესაც. ჯერ არსებობს იდეა და შემდეგ არსებობს კოკნკრეტული ხე; ჯერ არსებობს იდეა და შემდეგ არსებობს, მაგალითად, კოკნკრეტული მშვენიერება, თუ ჩვენ წავალთ ამ მიმართულებით, მაშის სიკეთის იდეა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა იდეებს შორის. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, არსებობს რაღაცა მიზნით, რაღაცა ფუნქციით. მაგალითად, სკამი, რომელსაც ადამიანი აკეთებს, არსებობს იმ ფუნქციით, რომ ის გამოყენებულ უნდა იქნეს დასაჯდომად, მაგიდა - საწერად ან საჭმელად, საწოლი - დასაძინებლად, სახლი -საცხოვრებლად. ეს არის სიკეთე, რომელიც ჩაწერილია თითოეულ ამ საგანში; ეს არის იდეა, რომლის გამოც თითოეული ეს საგანი სასარგებლოა. როდესაც სიკეთეზე ლაპარაკობს, პლატონი, ცხადია, არ გულისხმობს სიკეთეს მხოლოდ მორალური აზრით, რომლითაც ჩვენ ვგულისხმობთ, მაგალითად, როცა ვამბობთ - „კეთილი ადამიანია“. არა, პლატონი გულისხმობს სიკეთეს სიკარგის აზრით; იმ აზრით, რომლითაც რაღაცა რაღაცისათვის სასარგებლოა, გამოყენებადია, კარგია. აი, ეს არის სიკეთის იდეა პლატონისათვის და თუ ეს ასეა, მაშინ სიკეთის იდეა თამაშობს იმავე როლს იდეების სამყაროში, რომელსაც ხილული მზე თამაშობს ჩვენს სამყაროში. როგორც ჩვენი მზე შესაძლებლობაა ნებისმიერი რამის შემეცნებისა და ნებისმიერი რამის არსებობისა, ისეა სიკეთის იდეა შესაძლებლობა ნებისმიერი რაღაცის შემეცნების და არსებობის იმ სამყაროში, სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი ექვემდებარება ამ სიკეთის თუ სიკარგის, კარგიანობის იდეას. ეს არის პირველი შედარება, რომელსაც გვაწვდის პლატონი, რათა უკეთესად დავინახოთ სამყაროს მოწყობა.
მეორე შედარება, რომელსაც წრფის შედარება შეიძლება დავარქვათ, წარმოგვიდგენს სამყაროს ყველა სფეროს. წარმოვიდგინოთ, ამბობს პლატონი, წრფე, რომელიც არის დაყოფილი ოთხ არათანაბარ მონაკვეთად.
პირველი მონაკვეთია ანარეკლების მონაკვეთი, ანუ არსებობს ჩვენს სამყაროში ფენომენები, რომლებსაც მხოლოდ ანარეკლის სტატუსი აქვს; მაგალითად, ჩრდილი, მაგალითად ანარეკლი სარკეში, ან წყალში, მაგ. ხელოვნების ნიმუში (დახატული სკამი არის ასახვა რეალური სკამისა ანუ ანარეკლია). პლატონმა, რასაკვირველია, არ იცოდა, მაგრამ მედიაპროდუქცია (მაგალითად სატელევიზიო, ”იმიჯები” და ა.შ.) ანარეკლების სამყაროს მიეკუთვნება.
მეორე მონაკვეთი არის რეალური საგნების სფერო, ისეთი საგნებისა, როგორიც არის სკამი, მაგიდა, ხე, სახლი, საწოლი და ა.შ. ჩვენ ვიცნობთ ამ საგნებს, შევიგრძნობთ მათ, ვხედავთ, ვეხებით და ა.შ.
მესამე მონაკვეთი ეს არის მათემატიკური ობიექტების სამყარო, ანუ სამყარო იმ ობიექტებისა, რომლებიც რეალური არ არის, ანუ იდეალურია, მაგრამ წარმოადგენს ასევე იმ ფორმებს, რომელთა მიხედვითად რეალური საგნებია აგებული: სამკუთხედი, კვადრატი და ა.შ. რატომ არის იდეალური? იმიტომ, რომ არც ერთი სამკუთხედი არ არის ნამდვილად ზუსტი სამკუთხედი. ყოველთვის არის მიახლოება და ყოველთვის შეიძლება უფრო სრულყოფილად გამოსახო სამკუთხედის არსი, იმიტომ, რომ თვითონ სამკუთხედი იდეალურია.
და ბოლო, მეოთხე მონაკვეთი ეს არის იდეების სფერო, რომლებიც არის რეალური საგნების არსი. იმისათვის, რომ აჩვენოს პრიორიტეტი ამ სფეროებს შორის, პლატონი ამბობს, რომ იდეებისა და მათემატიკური ობიექტების მონაკვეთი არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე გრძნობადი საგნების და მათი ანარეკლების მონაკვეთი და იდეების მონაკვეთი არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე მათემატიკური საგნების მონაკვეთი, ხოლო გრძნობადი საგნების მონაკვეთი ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ანარეკლების მონაკვეთი. ეს რას ნიშნავს? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იდეები უფრო მეტია, ვიდრე გრძნობადი საგნები, არამედ ნიშნავს იმას, რომ იდეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გრძნობადი საგნები; მათემატიკური ობიექტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანარეკლები. ამიტომაც, მათ ამ წრფეზე უფრო დიდი მონაკვეთი ერგებათ, რათა ჩვენ ნათლად დავინახოთ პრიორიტეტი როგორც არსობრივი, ისე შემეცნებისეული - ნამდვილსა და მის ანარეკლს შორის. ნამდვილი არის იდეა, ანარეკლი არის, მაგალითად, გრძნობადი საგანი.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

გიგა ზედანია


დაბადების ადგილი და თარიღი: თბილისი, 1 აპრილი, 1977

განათლება და კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხები:

2000 - 2004: ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია, ფილოსოფიის დოქტორი;
1999 - 2000: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი;
1998 - 2000: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი;
1994 - 1998: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრი;
1996 - 1997: ბარდის კოლეჯი, აშშ.
პროფესიული გამოცდილება:
2014 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2002 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, პროფესორი;
2010 - 2014: მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი,ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009 - 2010: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2008 - 2009: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2006 - 2008: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2005 - 2009: სამოქალაქო განათლებისა და კულტურის კვლევების მიმართულების კოორდინატორი, ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო";
2006 - 2008: გადაცემა "ღამის საუბრების" წამყვანი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.


გამოქვეყნებული შრომების სია:

წიგნები: მონოგრაფია
Von Einheit zu Pluralität. Nikolaus von Kues als Interpret der Schriften des Dionysius Pseudo-Areopagita. Leipzig 2008. 
გამოცემული კრებულები
Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012.
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012.
სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012.
მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009.
ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009.
საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007.
ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006.

სტატიები:
Political Elites and Political Culture in Post-Soviet Georgia”, in:.). Political Culture and Culture of Political Elites in Eastern Europe, ed. by N. Gallina et al. Bern / Berlin 2014 (იბეჭდება).
„რუსეთი კულტურასა და ცივილიზაციას შორის“, წიგნში: ო. ფაიჯესი, ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია. თბილისი 2014 (იბეჭდება).
„Modernization as a Project and a Process“, in: Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
“Differentiation and Dedifferentiation in Contemporary Georgia”, in: Soziale Systeme 2014 (იბეჭდება).
“Informality and the Question of Modernization: the Case of Georgia“, in: Informality in Eastern Europe: Structures, Political Cultures and Social Practices. Ed. By C. Giordano, N. Haoyz. Bern / Berlin 2013, 469-484.
„Batumi: Meer und die Moderne“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 7-8, 2013.
„ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 87-101.
“პოლიტიკური თეოლოგია და მოდერნულობის საკითხი”, წიგნში:
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012, 5-23.
„სექსუალობა: ტრადიციას, მოდერნულობასა და პოსტმოდერნს შორის“, წიგნში: სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012, 156-164.
„Societal Values in Georgia: Twenty Years Later“, in: Twenty Years After the Breakdown of Communism, ed. By N. Hayoz, L. Jesie and D. Koleva, Bern / Berlin 2011, 253-272.
„The Rise of Religious Nationalism“, in: Identity Studies 3, 2011, 120-128.
„Nationalismus und Religion in Georgien“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 6, 2011, 12-21.
“Stimme des Freundes. Freiheitsbegriff in Martin Heideggers Sein und Zeit“, in: Freiheit in Philosophie und Sozialwissenschaften, Leipzig 2011, 149-159.
“შესავალი მოდერნულობის შესწავლაში”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
“ნიკლას ლუმანის დაკვირვებები მოდერნულობაზე”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
„შესავალი“, წიგნში: ივანე ჯავახიშვილი. ნაწერები უნივერსიტეტზე. თბილისი 2010.
„სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“, წიგნში: სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009, 4-14.
„ნაციონალური ფორმა და იდენტობის საკითხი“, წიგნში: ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009, 104-112.
“Jacques Derrida”, in: Philosophenlexikon, Reclam 2009.
“საქართველოს პოლიტიკური ელიტა: სიმბოლური გაცვლა და სოციალური მითოლოგია“, წიგნში: საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007, 6-23 (გ. თევზაძის თანაავტორობით).
“ღირებულებების სისტემატური და შედარებითი შესწავლა”, წიგნში: ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006, 7-17.
"Ein Dilemma der Cusanus-Forschung", in: Georgica 7 (2006), 155-24.
"ლუდვიგ ვიტგენშტაინი: შესავალი", in: ლუდვიგ ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები. თბილისი 2003, 7-26.
"არა-სხვის კუზანისეული ცნება", in: ფილოსოფიური რეფლექსიები 2, 2003, 90-121. 
"საზრისის ფენომენოლოგიური თეორია და მისი დეკონსტრუქცია", ჟურნალში: მითოლოგია და ფილოსოფია 1, 1999, 55-65.
"საზრისის ჰუსერლისეული თეორია", ჟურნალში: მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 2, 1999, 26-34.
თარგმანები
ი. კანტი. „პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 31-47.
მ. ფუკო. „რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 49-85.
ლ. ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები, შესავლითა და შენიშვნებით. თბილისი 2003.
მ. ფუკო. „რა არის ავტორი?“, ჟურნალში: პარალელური ტექსტები 1997, 105-124. 
თარგმანების რედაქტორობა
პ. ვიდმერი. შვეიცარია როგორც განსაკუთრებული შემთხვევა. თბილისი 2012.
რ. პატნემი. როგორ ვამუშაოთ დემოკრატია. სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში. თბილისი 2005

როგორც ვიცით, აზროვნების სხვადასხვა ტრადიცია არსებობს: ინდური, ჩინური და ა.შ., მაგრამ ამ კურსის მიზანი ევროპული აზროვნების შესწავლაა, ამიტომ ლოგიკურია, ის პლატონით დავიწყოთ.
პირველ ლექციაში მსმენელი გაიგებს საინტერესო ცნობებს პლატონის ბიოგრაფიიდან. მოაზროვნის, რომელთანაც ძველი ბერძნული კულტურის ფილოსოფიური, კულტურული და სააზროვნო ტენდენციები ყალიბდება და ასევე, თუ ვინ იყვნენ მისი წინამორბედები. პლატონის მასწავლებლისა და დიდი ფილოსოფოის, სოკრატეს გავლენას მასზე

სასწავლო ლექციები

  1. 10:13
  2. 09:43
  3. 10:34
  4. 08:48