კურსის შესახებ: თამარ ცხადაძე , თამარ ცხადაძე ჯონ სტიუარტ მილის შესახებ (ნაწ. III)
4 ლექცია, ხანგრძლივობა: 49 წუთი 48 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
ჯონ სტიუარტ მილის თავისუფლების შესახებ ტრაქტატი გამოქვეყნდა 1859 წელს, თუმცა მასზე მუშაობა მან რამდენიმე წლით უფრო ადრე დაიწყო, კერძოდ 1854 წელს, თვითონ ავტობიოგრაფიაში როგორც იხსენებს თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდა ბევრად უფრო მოკლე ტექსტად, შემდეგ მუშაობის პროცესში უფრო ვრცელი ტექსტი გამოუვიდა, ამიტომაც რამდენიმე წელი მოანდომა. ასევე თვითონ თავისუფლების ტრაქტატის შესავალში წერს და ბიოგრაფიაშიც, რომ ეს ტექსტი ნამდვილად არის ის ტექსტი, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი და ჰარიეტის ერთობლივ ნამუშევრად. მართალია სხვა ტექსტების შექმნაშიც მნიშვნელოვნად მონაწილეობდა მისი მეუღლე, მაგრამ სწორედ ამ ტექსტის შექმნაში მისმა მეუღლემ დიდი როლი შეასრულა. საინტერესოა, თვითონ როგორ ახასიათებს მილი ამ ტექსტის ძირითად თემას თავისივე ავტობიოგრაფიაში. ის წერს ასეთ რამეს, რომ ამ ტექსტის ძირითადი თემა არის ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობა. პატარა ციტატას წაგიკითავთ: ,,ეს არის წიგნი იმაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და საზოგადოებისთვის ხასიათების მრავალფეროვნებას, ადამიანების სრულ თავისუფლებას, იმაში რომ თავიანთი არჩევანის მიხედვით უამრავი სხვადასხვა და კონფლიქტური მიმართულებით განავითარონ თავიანთი ბუნება’’ აი ეს მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალურობის უმაღლესი ღირებულება არის მართლაც ტექსტის გამჭოლი თემა. სათაური გეუბნებათ, რომ ეს არის თავისუფლების შესახებ, მაგრამ თავისუფლების შესახებ მისი არგუმენტების უმრავლესობა სწორედ საბოლოო ჯამში დაიყვანება იმაზე, რომ ხელშეუხებელი და უმაღლესი ღირებულება აქვს ადამიანის ინდივიდუალურობას, თავისუფლებას სწორედ მის არჩევანში - თვითონ დაგეგმოს და თავისი გემოვნების თუ გადაწყვეტილების მიხედვით წარმართოს საკუთარი ცხოვრება.
რაც შეეხება ტექსტს, ასე რომ ვთქვათ პატარა რუკა შევადგინოთ. ტექსტი შედგება 5 ნაწილისგან.
პირველი - შესავალი და მეორე ოთხი თავი, რომელშიც განხილული აქვს თემატურად სხვადასხვა საკითხი.
მეორე და პირველ თავში შესავალში ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა რას ეხება მისი ტექსტი და თავისუფლებაზე ლაპარაკობს,
მეორე თავში - ლაპარაკობს აზრისა და შეხედულების თავისუფლებაზე,
მესამეში - ქმედების თავისუფლებაზე,
მეოთხე თავის ძირითადი თემა არის იმ საზღვრების შესახებ, სადაც მილი ამბობს, თუ რა ფორმებით არის დასაშვები ადამიანის ჩარევა ინდივიდის თავისუფლებაში,
ხოლო ბოლო თავი - გამოყენებები. რამდენიმე კონკრეტული შემთხვევის ანალიზისთვის იყენებს თავის თეორიას და მსჯელობს იმაზე, თუ კონკრეტული შემთხვევებისთვის რა შედეგები აქვს თავისუფლების მის თეორიას. ერთი საინტერესო კითხვა, რომელსაც შესავალში ეხება ეს არის, მაინც რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი ამ ტექსტში. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ჯონ ლოკი, რომელიც უკვე ბევრად ადრე წერდა, ფაქტიურად გვევლინება პოლიტიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთ პირველ ავტორად და ამბობს, რომ სახელმწიფოს მიმართ ინდივიდის თავისუფლება, მისი სინდისის თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს. ამ იდეის პირველი აღმომჩენი მილი ნამდვილად არ არის. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ კანტის ტექსტიდან ,,განმანათლებლობის შესახებ’’ იმიტომ რომ იქაც არის თავისუფლების მნიშვნელობაზე ლაპარაკი. კანტი ამბობს, რომ მინიმალური თავისუფლება გონების საჯარო გამოყენებაშია. ადამიანთა თავისუფლება არის ერთი მხრივ აუცილებელი პირობა და მეორე მხრივ გარანტიაც იმისა, რომ საზოგადოება უმწიფრობიდან გამოვა და საზოგადოება განმანათლებლობის გზას დაადგება, აი ამის ფონზე საინტერესოა, რათქმაუნდა ბევრი სხვა ევროპელი ავტორი წერდა თავისუფლებაზე და თავისუფლების მნიშვნელობაზე, რას ამბობს მილი ასეთ ახალს ან ახლებურად, რის გამოც მისი ტექსტი ასეთი გავლენიანი და პოპულარული გახდა? ეს არის საინტერესო კითხვა. თვითონ მილი დასაწყისშივე გვეუბნება, რომ თავისუფლების შესახებ ჩემი ტექსტის მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ რა კითხვას ვეხები მე. ერთი მხრივ მას თავიდან ძალიან ზოგადად დართული აქვს ისტორიული მიმოხილვაც, მეორე მხრივ კითხვა შეიძლება ეხებოდეს ტირანული სახელმწიფოსგან, პოლიტიკურ ძალაუფლებასთან მიმართებაში ინდივიდების, მოქალაქეების/მოსახლეობის თავისუფლებას. მილი ამბობს, რომ თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ მსოფლიოს უკეთეს ადგილებში მაინც, მას მხედველობაში აქვს, რასაკვირველია, დასავლური სამყარო, სადაც უკვე სახელმწიფო არის გამომხატველი ხალხის ნებისა. აქ კითხვა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დაუპირისპირდეს ხალხს და ხალხის უფლებების დაცვაზე ლაპარაკი სახელმწიფოსგან უფრო პროგრესულ ნაწილში სამყაროსი, როგორც თვითონ მილი ამბობს, აღარ არის საკამათო. ყოველშემთხვევაში ეს უკვე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია, ანუ ხალხის/მოსახლეობის ნებას გამოხატავს სახელმწიფო, მაგრამ რჩება კიდევ მილისთვის მეორე მთავარი კითხვა, ეს არის ინდივიდის თავისუფლება დანარჩენ საზოგადოებასთან მიმართებაში ანუ ჩვენ თუ დავუშვებთ იმას, რომ საზოგადოება მთლიანობაში, როგორც მილი მას უწოდებს - საზოგადოების უმრავლესობა, უმრავლესობის ნების წარმომადგენელია სახელმწიფო, კითხვა რჩება იმის შესახებ ამ უმრავლესობას თავისი სახელმწიფო სტრუქტურების აზრი ექნება თუ საზოგადოებრივი აზრიც იქნება, რა ზემოქმედების და რა ტიპის ჩარევის უფლება შეიძლება ქონდეს ინდივიდის თავისუფლებაში აი ეს არის მილის მთავარი კითხვა. ის ასევე ამბობს, რომ ეს კითხვა განსაკუთრებით მტკივნეულია და მნიშვნელოვანია სწორედ მის ეპოქაში. ფიქრობს, რომ მისი ეპოქა არის ისეთი ეპოქა, როდესაც უმრავლესობის აზრის არნახული ბატონობის პერიოდია. ეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც უკვე ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება განსხვავებულობა, არ არის სავალდებულო იყო ასეთი ან ისეთი მილი ამბობს, მაგრამ სავალდებულოა, რომ იყო ისეთ, როგორიც ყველაა. როგორც ყველაა შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ განსხვავებულობა ყველაზე უფრო შეუწყნარებლად მიიღება ამ საზოგადოებაში და აი, ამ პერიოდში მილი ამბობს სწორედ ინდივიდის დაცვას დანარჩენი საზოგადოების ზემოქმედებისგან, ეს არის მისთვის მთავარი და ამავდროულად მისი დროის ყველაზე მტკივნეული საკითხიც. მინდა ისტორიულ კონტექსტზეც შევხედოთ, როდის წერს მილი ამას, რა პერიოდში, ამ პერიოდს XIX საუკუნის შუა წლებს (1859 წელი) უწოდებენ ინგლისის ისტორიაში ვიქტორიანულ ეპოქას, როდესაც დედოფალი ვიქტორია მეფობდა და ვიქტორიანული ეპოქის ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი აღწერა არსებობს, მაგრამ ერთი ძალიან დამახასიათებელი რასაც გამოკვეთენ ვიქტორიანულ ეპოქაში არის ის, რომ რაღაც ტიპის ღირებულებების კომპლექსი, რომელიც გაბატონებული იყო და ძლიერი მოძრაობა იმისკენ, რომ ადამიანთა მეტი და მეტი, უფრო დიდი და დიდი მასა დამორჩილებოდა, გაეზიარებინა ეს ღირებულებები. ვთქვათ ამ პერიოდში მილი თვითონ ტექსტშიც ლაპარაკობს ძალიან ძლიერი იყო თავშეკავების მოძრაობა, რომლის მთავარი მიმართულება ალკოჰოლის აკრძალვა იყო, მაგრამ ცხოვრების სხვა განყოფილებებში საშუალო კლასის ზრდასთან ერთად ინგლისში თანდაყოლილი არისტოკრატიული უპირატესობების თანდათან გაუფასურებასთან. მისი აზრით რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეუძლია სოციალური მობილობა ასე ვთქვათ უფრო და უფრო იზრდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი საშუალო კლასში ამოყოფს თავს, აი ამას თან ახლავს განსაკუთრებით მკაფიო მონოლითური საზოგადოებრივი მორალი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად მოიცავს საზოგადოების ყველა ნაწილს. ეს არის შიში მილის, რომელსაც ის ძალიან აშკარად გამოთქვამს თავის ტექსტში და სხვა ტექსტებშიც. ვიქტორიანული ეპოქის ამ პერიოდს შეიძლება ტოტალიტარიზმი დავარქვათ. საზოგადოებრივი აზრის, ზნეობის ტოტალური გავრცელება და ყველა ინდივიდუალური ინიციატივის მოცვა ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აშიენებს თავის ეპოქაში მილს და სწორედ ამის წინააღმდეგ წერს თავის ტრაქტატს თავისუფლების შესახებ. ეხლა უკვე წარმოგიდგენთ რა ტიპის არის მისი არგუმენტები როგორ არის სტუქტურირებული უკვე ვთქვით, რომ სხვადასხვა თავში სხვადასხვა საკითხს ეხება: ერთი ცენტრალური საკითხი, მეორე - აზრის და შეხედულების თავისუფლება ანუ სიტყვის თავისუფლებას რასაც ვუწოდებთ. დღეს შეიძლება ასე ვთქვათ მოკლედ ის თემა, რომელიც არის მეორე თავის თემა. თვითონ მილი გამოყოფს რამდენიმე სახის თავისუფლებას. ორი სახის არის: ცენტრალური, რომელსაც ცალ-ცალკე აქვს ორგანიზებული თავისუფლების ამ სახეებისთვის თავისი არგუმენტები, ყველაზე ვრცელი თავის არის სწორედ მეორე - აზრისა და შეხედულების თავისუფლება. აქ მილის თვალსაზრისი მოკლედ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ აზრისა და შეხედულების საკითხში ნებისმიერი სახის შეზღუდვა არის დაუშვებელი. ვერანაირ შეზღუდვას ვერ გავამართლებთ იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის რწმენებს, შეხედულებებს, იმას თუ რას დაიჯერებს ადამიანი და რას არ დაიჯერებს, აი ეს არის ძირითადი თეზისი მეორე თავისა და აქაც საკმაოდ ვრცელ არგუმენტებს აგებს მილი. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს არგუმენტები 3 ტიპის შემთხვევა აქვს მას გამოყოფილი და თითოეულს ცალ-ცალკე განიხილავს. ერთი - ის აზრი, რომელსაც ვდევნით ჩვენ ანუ უმრავლესობა, შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, მეორე - შესაძლებლობა, რომ ის აზრი, რომელსაც ვდევნით შესაძლოა მართლაც მცდარი აღმოჩნდეს, მესამე - შესაძლებლობა, რომ ის იყოს შერეული, მასში იყოს ჭეშმარიტების ნაწილები, მაგრამ მასში რაღაც მცდარიც იყოს რაღაც შეხედულებებში და თითოეულის შემთხვევაში მილი ცალკე აგებს არგუმენტს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ვარგა და სავალალო შედეგების მქონეა მისი ასეთი შეხედულების გამოთქმის თუ გაზიარების აკრძალვა. ერთი შემთხვევა არის შემთხვევა, როდესაც შეხედულება, რომელსაც ვდევნით შეიძლება აღმოჩნდეს ჭეშმარიტი და აქ არგუმენტი, რომელსაც მილი აგებს, შეიძლება ვუწოდოთ ფალიბილიზმი ანუ ცდომადობა თანამედროვე ფილოსოფიაში. ამ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ადამიანი არასოდეს არის უტყუარი და ჭეშმარიტი, ჩვენ რაგინდ კარგი არგუმენტებიც არ უნდა გვქონდეს ჩვენი სიმართლის, ყოველთვის შეიძლება აღმჩნდეს, რომ რაღაცაში ვცდებოდეთ და მილს მეცნიერების შედარება მოჰყავს და ამბობს, რომ არ არსებობს ადამიანის ცოდნის არცერთი სფერო, რომელშიც ჩვენ გვექნება გარანტირებული უტყუარობები. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენი გაბატონებული შეხედულება ჩვენ მიერ მიღებული უკვე სანქცირებული და კარგა დროით გამოცდილი შეხედულება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, აუცილებლად მაშინვე გავაცნობიერებთ როგორი მავნებლობა შეიძლება მოსდევდეს განსხვავებული აზრის დევნას, იმიტომ რომ სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს რაც არის ჭეშმარიტი. აქ მილს მოჰყავს რამდენიმე ისტორიული მაგალითი. ერთი - სოკრატეს სიკვდილით დასჯის, მეორე - ქრისტეს ჯვარცმის, მესამე - მარკუს ავრელიუსის შემთხვევა, რომელიც ქრისტიანებს სდევნიდა და გვიყვება ასეთ რაღაცას, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ განსხვავებულ აზრს სდევნიდნენ არ იყვნენ აუცილებლად ცუდი ადამიანები თავის დროში. არც სოკრატეს სიკვდილით დამსჯელი ათენის მოქალაქეები არ იყვნენ ასე ვთქვათ ბოროტისმზრახველები. ისინი დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ სიმართლეში, მათ თავიანთი ქალაქისთვის კარგი უნდოდათ და ფიქრობდნენ, რომ სოკრატე მავნებლობას აკეთებდა და ამიტომ დასაჯეს. იგივეს ამბობს მილი ქრისტეს შემთხვევაზე, რომ იმ პერიოდში ადამიანები ქრისტეს უპირისპირდებოდნენ, რომ დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ საკუთარ ჭეშმარიტებაში, მარკუს ავრელიუსის მაგალითი არის საპირისპირო მაგალითი. მარკუსი ავრელიუსი იყო ერთ-ერთი ყველაზე გონიერი იმპერატორი, რომელმაც ისტორიას თავი დაამახსოვრა ქრისტიანების დევნით. ის ამბობს, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვით ჩვენ, რომ მარკუს ავრელიუსზე მეტად ვინმეს თუნდაც თანამედროვე სამყაროში შეიძლება ჰქონდს საფუძველი იმისა, რომ რასაც ფიქრობს სწორედ იფიქროს, მაგრამ მარკუს ავრელიუსიც კი მცდარი აღმოჩნდა. ეს არის ჭკუის სასწავლებელი მაგალითი ისტორიიდან, როდესაც გაბატონებული აზრი/შეხედულება თითქოს ძალიან კარგად დადასტურებული მცდარი აღმოჩნდა და მისი საპირისპირო აღმოჩნდა ჭეშმარიტი. აქვე მილი განიხილავს ერთ შემთხვევას, რომ ზოგიერთ ასეთ დევნას ამართლებს იმით, რომ ჭეშმარიტება თუ ჭეშმარიტებაა მაინც გაიმარჯვებს, აი როგორც იმ სამ შემთხვევაში და ამბობს, რომ ძალიან სასაცილოა ასეთი არგუმენტის მოსმენა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ზედმეტად ოპტიმისტურია, ალბათ ჭეშმარიტება ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს თუ დროს უსასრულოს ავიღებთ, მაგრამ არსად არ არის გარანტია, რომ ეს მალე გაიმარჯვებს. ჩვენ გვაქვს პირიქით ისტორიაში შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდი ხნით დაითრგუნა ის და მეორე მხრივ ძალიან სასაცილოა ასეთი ადამიანების არგუმენტები, იმიტომ რომ ისინი ფაქტიურად იწონებენ იმ ადამიანების მსხვერპლად შეწირვას, ვინც არიან კაცობრიობისთვის ახალი ჭეშმარიტების მომტანი. ეს ეხებოდა იმ შესაძლებლობებს, რომ აზრი, რომელსაც ვდევნით შეიძლება მართლაც ჭეშმარიტი აღმოჩნდეს. მეორე შემთხვევა, რომელიც აქვს განხილული ვთქვათმართლა ჩვენ ვართ მართლები და აზრი, რომესაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ვდევნოთ და შევავიწროვოთ არის მცდარი. ერთი ვთქვით პირველი არგუმენტიდან, რომ ამაში დარწუნებულები ვერ ვიქნებით, მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ ეს პირობა, რომ მართლები ვართ. მაგალითი მოჰყავს, რომ ხომ შეიძლება ეგზოტიკურ და სადაო საკითხებზე ასე არ იყოს, მაგრამ რაღაც ზნეობის და ამ ბაზისურ საკითხებს შორის ზუსტად ვიცით, რომ მართლები ვართ, რომ რაღაცა დროის გამოცვლილი ზნეობის საკითხები არ შეიძლება მდარე აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში მილს უკვე ოდნავ სხვანაირი არგუმენტი აქვს. ის ამბობს, რომ ჩვენი აზრი მართალიც და ჭეშმარიტიც რომ იყოს მისი საწინააღმდეგო აზრის აკრძალვა ჩვენს აზრს ვნებს. ამ შემთხვევაში მცდარი აზრის აკრძალვა ამ დროს ისევ ჭეშმარიტებას ვნებს და ამ შემთხვევაში იმიტომ რომ უკვე ჭეშმარიტება რომლის დაცვის სარჩულიც ჩვენ ავკრძალეთ მისი საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა გახდება უკვე მკვდარი დოგმა. ჩვენ უკვე ვკარგავთ შესაძლებლობებს იმისას, რომ გავაცნობიეროთ საფუძვლები ამის ჭეშმარიტების, რატომ არის ის სწორი, რატომ ვართ ჩვენ მართლები, ამის გააზრების შანსს ვკარგავთ იმით, რომ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ვკრძალავთ. მას ესეთი მაგალითი მოჰყავს: კათოლიკურ ეკლესიაში დამკვიდრებული პრაქტიკის - ,,ეშმაკის ადვოკატის’’ , როდესაც წმინდანის კანონიზაცია ხდებოდა, ყოველთვის კათოლიკური ეკლესია ერთს ნიშნავდა ეშმაკის ადვოკატად, რომელსაც საწინააღმდეგო თვალსაზრისი უნდა დაეცვა და იმისათვის, რომ წმინდანის კანონიზაციის გადაწყვეტილება მიეღოთ სწორედ ამ შემთხვევაში ჭეშმარიტება დაეცვათ აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ ოპონენტის არგუმენტები ბოლომდე მოესმინათ და ბოლომდე ყოფილიყო უარყოფილი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც შეეფერება მილი ამბობს რაციონალურ არსებას, მის მიერ ჭეშმარიტების გაზიარებას ასე ვთვათ რაციონალური არსების მიერ, რომ ვიცოდეთ ჩვენ საფუძვლები, რისიც აუცილებელი პირობაა საწინააღმდეგო აზრის მოსმენა. და მეორე ქვე არგუმენტი აქვს მილს, რომ იქ, სადაც ჩვენ საფუძვლები არ გვაქვს გააზრებული ჩვენი ჭეშმარიტების, ან ის, რომ გაზიარებული გვაქვს როგორც დოგმა, უბრალოდ როგორც ვიცით, რომ ჭეშმარიტებაა და არ ვიცით რატომ არის ის ჭეშმარიტი, ეს ხდება როდესაც ვკრძალავთ საწინააღმდეგო აზრს ამ შემთხვევაშიის ასევე კარგავს ძალას, იმისა რომ გახდეს ჩვენი ქმედების მოტივი, რომ ასეთ შემთხვევაში ის უბრალოდ სიტყვიერი აღიარების დონეზე რჩება და ჩვენი ქმედების წარმმართველი პრინციპის ძალა უკვე აღარ ექნება, როდესაც საფუძვლები არ არის გათვიცნობიერებული კარგად და ბოლომდე. აი ეს არის მილის არგუმენტები იმის საპირისპიროდ, რომ თუნდაც ნამდვილად მცდარი შეხედულების გამოთქმა და გაზიარება მითუმეტეს აიკრძალოს. მესამე - ამბობს მილი, რომ კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ყველაზე ხშირი შემთხვევაა, ეს არის საერთოდ ბედისწერა ადამიანთა შეხედულების უმრავლესობისა, ის არის, რომ მათი უმრავლესობა არის ისეთი, რომ ნაწილს ჭეშმარიტებას შეიცავს, ნაწილს - მცდარს. ეს ეხება გაბატონებულ აზრსაც და ეს ეხება ერეტიკულ აზრსაც, რომლის დევნასაც ჩვენ მოვინდომებთ და ისევ დევნით ჩვენ აი იმ ჭეშმარიტების ნაწილის გაცნობიერების შესაძლებლობას ვკარგავთ, რომელსაც საწინააღმდეგო მოსაზრება თუ შეხედულება შეიცავდა. ეს არის მილის ასე ვთქვათ ძირითადი არგუმენტები აზრისა და შეხედულების თავისუფლების შესახებ. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ეს არგუმენტები ყველა ემსახურება იმის ჩვენებას რომ არცერთი პირობით, არცერთი გამართლებით ამ სფეროში თავისუფლებას არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება დავუწესოთ.
თამარ ცხადაძე დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს თბილისში.
1989-1995 წლების განმავლობაში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯერ ფიზიკის, შემდეგ ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე - რომელიც დაამთავრა ფილოსოფიის სპეციალობით. 1996-1998 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილსოფიის ისტორიის კათედრაზე. 1998 წლის გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) გაიარა კვლევითი სტაჟირება მოსკოვის სახლმწიფო უნივერსიტეტის დასავლური ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე.
1998-1999 წლებში ასწავლიდა ადამიანის უფლებებს თბილისის #57 საჯარო სკოლაში.
1999 წლის შემოდგომაზე დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2009 წლამდე.
2000-2002 წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით ასწავლიდა ფილსოფიის, ლოგიკის, ბიოეთიკის კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
2001 წლის სექტემბრიდან მუშაობდა უმცროს მასწავლებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (2001 წლიდან ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე, 2004 წლიდან - ლოგიკის კათედრაზე).
2003 წელს (იანვარი-მაისი) მიწვეული მკვლევრის (visiting scholar) სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) ფილოსოფიის და რელიგიის დეპარტამენტში.
2004-2005 წლებში (იანვარი-მაისი 2004, იანვარი-მაისი 2005) მიწვეული მკვლევრის სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა სტენფორდის უნივერსიტეტის(კალიფორნია, აშშ) ფილოსოფიის დეპარტამენტში.
2006 წლის იანვარში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გამოცდილების ინტერსუბიექტურობის პრობლემა კარლ პოპერის ეპისტემოლოგიაში“ და მიენიჭა ფილსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2006-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფილსოფიის მიმართულებით.
2009-2012 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გენდერის კვლევის მიმართულებით.
2009 წლიდან მუშაობს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ზოგადი უნარების ჯგუფის სპეციალისტად.
2012 წლის აგვისტოდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანალიზური ფილოსოფიის მიმართულებით.
ქართლ ენაზე თარგმნილი აქვს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური მნიშვნელობის ტექსტები (მათ შორის: თომას კუნის „სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა“, ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“ და „უტილიტარიზმი“, გოტლობ ფრეგეს „საზრისი და ნომინატი“, საულ კრიპკეს „სახელდება და აუცილებლობა“, მერი უოლსტონკრაფტის „ქალის უფლებების დაცვის“ ფრაგმენტები, ჯუდით ბატლერის „გენდერის პრობლემის“ პირველი თავი, უილარდ ვან ორმან ქუაინის, დონალდ დევიდსონის, ჰილარი პატნემის, დევიდ ლუისის და სხვათა მნიშვნელოვანი სტატიები).
იკვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ანალიზური ფილოსოფიის ისტორიის, ფემინისტური თეორიის, ნორმატიულობის და რაციონალურობის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებზე.
ლექცია ეხება მე-19 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნის, ჯონ სტიუარტ მილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. განხილულია მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტის, პოლიტიკური ლიბერალიზმის კლასიკად აღიარებული ტრაქტატის - „თავისუფლების შესახებ “ (1759) - ძირითადი იდეები, მათი ისტორიული და ინტელექტუალური კონტექსტი. მიმოხილულია მილის სხვა მნიშვნელოვან შრომებში განვითარებული შეხედულებებიც.