კურსის შესახებ: თამარ ცხადაძე , თამარ ცხადაძე ჯონ სტიუარტ მილის შესახებ (ნაწ. IV)
4 ლექცია, ხანგრძლივობა: 49 წუთი 48 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
გადავიდეთ მეორე სახის თავისუფლებაზე, ეს არის უკვე ქმედების თავისუფლება მილისთვის და აქ უკვე მილი გარკვეულ შეზღუდვას უშვებს, ის ამბობს, რომ ადამიანის ქმედებებში დასაშვებია და საჭიროა შეზღუდვა. საზოგადოებამ, სახელმწიფომ თუ სხვა ადამიანებმა ადამიანი უნდა შეზღუდუნ იმდენად და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მისი ქმედებები სხვა ადამიანებისათვის არის ვნების მომტანი და სხვა ადამიანისავე ანალოგიურ თავისუფლებას ხელყოფს. აი, ეს არის ერთადერთი შესაძლო გამართლება თავისუფლების შეზღუდვისათვის თვითქმედებაშიც. მილი ამბობს, არცერთი სხვა არგუმენტი და მტკივნეულად უდგება იმ არგუმენტს - ქმედების შეზღუდვისა ასეთი გამართლებით, რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი რაღაცა ისეთს აკეთებს, რაც მისთვის მავნეა და დავუშალოთ მას ამის გაკეთება. მილი ამბობს, ასეთი რამ არასოდეს იქნება გამართლება ქმედების თავისუფლებაში. ერთადერთი მაშინ არის, როდესაც ის სხვას ვნებს რამეს და არა მაშინ, როდესაც ის ჩვენი აზრით თავს ვნებს და აქაც რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს. ერთი არგუმენტი აზრისა და შეხედულების თავისუფლების სასარგებლო არგუმენტის პარალელურია. ის ამბობს, რომ ჩვენი როგორც ცოდნა და შეხედულებები, ასევე ჩვენი წარმოდგენები, იმაზე თუ როგორი ქმედება არის სასარგებლო და როგორი მავნე არის ცდომადი და ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ რა არის სხვისთვის კარგი ან ცუდი, თუნდაც ჩვენი თავისთვის. ამიტომ მარტო საკუთარი შეხედულების საფუძველზე სხვისთვის რაიმეს აკრძალვა ამიტომაც არ არის გამართლებული. მეორე უფრო საინტერესო არგუმენტი მილის არის არგუმენტი რომელიც დასაწყისში ვახსენე მილის განსაკუთრებული მახვილი მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალურობის ღირებულებაზე. ის ამბობს, რომ აი ამ ქმედების შეზღუდვა იმის მიხედვით, რომ უმრავლესობას მიაჩნია, რომ რაღაცა ტიპის ცხოვრება არის საუკეთესო სახე ცხოვრებისა, რაღაცა ტიპის მოქმედებები არის ყველაზე კარგი ადამიანისათვის და მისი დავალდებულება მილი ამბობს, რომ ეს ნიშნავს, რომ ექსპერიმენტირება ავუკრძალოთ ადამიანს. მილი ექსპერიმენტებს ცხოვრებისეულ ექსპერიმენტებს უწოდებს. მას აქვს უდიდესი ღირებულება ერთი მხრივ, როგორც ადამიანის რეალიზაციის განხორციელებისთვის და მეორე საზოგადოების წინსვლისთვის. ის ამბობს, რომ ჯერ არაფერი კარგი გაკეთებულა კაცობრიობის ისტორიაში, რაც ვიღაცამ ოდესღაც პირველმა არ გააკეთა, ჩვენ რომ ავკრძალოთ ყველანაირი სიახლე, ჩვენ ამით გავწირავთ თავს მარადიული სტაგმაციისთვის საზოგადოების. ეს არის ერთი არგუმენტი საზოგადოების პროგრესისთვის აუცილებლობა, მაგრამ მეორე როგორც უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი მილისთვის არის, რომ თვითონ ადამიანის ცხოვრებისთვის მისი თავისუფლების აუცილებლობა. ის ამბობს, რომ ჩვენ როგორც ზნეობრივი არსებები, როგორც რაციონალური არსებები, ჩვენი ცხოვრების არსის აუცლებელი ნაწილია ის, რომ ჩვენ გავაკეთოთ არჩევანი, ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება და პასუხიმგებლობა ვატაროთ ამისათვის, ჩვენ თუ ბრმად მივდევთ ადათებს იმიტომ რომ ყველა ასე აკეთებს და ვაკეთებთ, ამით ჩვენ ზუსტად უარს ვამბობთ ჩვენი როგორც ადამიანის, როგორც ზნეობრივი და რაციონალური აგენტის ცხოვრების აუცილებელ ასპქტზე და ჩვენი უნარების განვითარებაზე. კიდევ ერთი, რასაც მილი ამბობს საინტერესოს, არის ის რომ ჩვენ ვერ ვიფიქრებთ რომ არსებობს რაღაც ობიექტური ვითარება იმის შესახებ, თუ როგორია ერთი ტიპის ცხოვრება რომელიც არის ყველასთვის კარგი, არ უნდა ვიფიქროთ რომ ადამიანები ისეთი არსებები ვართ, რომ არსებობს იდეალური ცხოვრების წესი, რომელიც ერთნაირად კარგი იქნება ყველასთვის. რაც ერთისთვის კარგია მილი ამბობს, ის ვერ იქნება მეორესთვის კარგი და ამიტომაც ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ თავისუფლება თვითონ აირჩიონ თუნდაც საკუთარი რისკის ფასად და საკუთარი პასუხისმგებლობის საფუძველზე, თვითონ აირჩიონ საკუთარი ცხოვრების წესები. ის ასეთ შედარებას აკეთებს, რომ ადამიანი თავის სარგო პალტოს ვერ იშოვის, თუ სპეციალურად არ შეუკერეს ან ათასი ცალისგან არ აქვს ასარჩევი და როგორ უნდა ვიფიქროთ რომ ცხოვრების წესი და ცხოვრების სტილი უფრო იოლია მოვარგოთ ადამიანს ვიდრე პალტო ანუ ცხოვრების წესი ადამიანთა თავისებურებების მიხედვით ძალიან სხვადასხვანაირი აღმოჩნდება თითოეულისათვის საუკეთესო. მილი ასევე ამბობს, რომ ,,ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის მისეული წესი საუკეთესოა არა იმიტომ, რომ ის საუკეთესოა თავისთავად, არამედ იმიტომ რომ ის არის მისი საკუთარი’’. მილი ასე დაჟინებულად ამტკიცებს ამ ამბავს, რომ გაცილებით უფრო უკეთესია თუნდაც ჩვენი აზრით სულელურად და ისე როგორც მას მიაჩნია საჭიროდ გაატაროს ადამიანმა ცხოვრება ვიდრე ჩვენ გადავწყვიტოთ, რა ჯობია მისთვის და დავაძალოთ მას ისე მოქცევა როოგრც ჩვენ მიგვაჩნია თუნდაც მისი კეთილდღეობისათვის აუცილებლად, ეს არის მილის თვალსაზრისი. დავამატებ ერთს და ამით შეიძლება უკვე დავამთავროთ ამ საკითხზე მსჯელობა, ეს ინდივიდუალურობა და თავისუფლება ადამიანებისა მილი ამბობს - არის თავისთავად და ღირებულება ყველგან და ყველა ეპოქაში, მაგრამ თანამედროვე სამყაროში როდესაც უმრავლესობის ტირანია არნახულად გაიზარდა, თანამედროვე სამყაროში სადაც ადმიანებს ეშინიათ გამორჩეულები იყვნენ და უფრო და უფრო ძლიერდება საზოგადოებრივი აზრის წნეხი ადამიანების ინდივიადუალურობაზე. მილი ამბობს, ექსტრენციკულობამ უკვე თავისთავადი ღირებულება შეიძინა ის ამ სიტყვას ხმარობს პირდაპირ. იმიტომ კი არ არის ინდივიდუალურობა და ორიგინალურობა კარგი რომ ის ან მისთვის არის კარგი ან საზოგადოებისთვის იქნება რამე საინტერესო გაკვეთილი, არამედ უკვე თვითონ გამორჩეულობა გახდა თავისთავადი მნიშვნელობის მქონე ამ ერთნაირობის ნორმალურობის სამყაროში. აი ეს არის მილის კიდევ ერთი აზრი, სხვათაშორის უტილიტარიზმზე როდესაც ვლაპარაკობდი და ბენტერის იდეის გადასინჯვა სწორედ ამასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია მილის ეს დაჟინება ადამინების ინდივიდუალური თავისებურებების და ინდივიდუალური არჩევანის ღირებულებაზე. ამით მე დავამთავრებ თავისფლების შესახებ ტრაქტატში გამოთქმულ იდეებს. როგორც ვთქვით დანარჩენ თავებში ის ლაპარაკობს უკვე კონკრეტულ საკითხებზე, იმაზე თუ - ადამიანისა სხვა ადამინების წინაშე პასუხისმგებლობა რა საგანგებო ვითარებას ქმნის ამ თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ასევე კონკრეტულ გამოყენებებზე ვთქვათ კონკრეტულ იმ დროს მიმდინარე მოვლენებთან რა შედეგების მქონეა თავისუფლების მისი თეორია, მაგრამ რომ შევაჯამოთ ის ამბობს, რომ ქმედება მხოლოდ იქ უნდა შევუზღუდოთ ადამიანს, სადაც ის ამით აშკარად ვნებს სხვა ადამიანს, ხოლო აზრი და შეხედულება როგორც ასეთ შემთხვევაში არცერთ შემთხვევაში არ უნდა შევუზღუდოთ თუ ეს არ იქნება ქმედება, იქ მილი ამბობს, რომ თუ ადამიანი მაგალითად ლაპარაკობს ამბოხებული ბრბოს წინაშე, გამოდის მიწათმფლობელის მავნებლობების შესახებ სიტყვით ეს ფაქტიურად შეიძლება გავიგოთ მოწოდებად მიწათმფლობელის სახლის გადაწვისაკენ, მაშინ შეიძლება, მაგრამ ეს არის არა აზრის და შეხედულების შეზღუდვა არამედ არის უკვე ქმედების შეზღუდვა მილისათვის, ეს რაც შეეხება თავისფლების შესახებ მის იდეას. რათქმაუნდა ბევრი შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ და ბევრი ადგილი მოგვხვდება თვალში მილის ტექსტისა რომელიც ცოტა უხერხულად ჟღერს თანამედროვე თვალსაზრისიდან განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადგილებს, სადაც ის ლაპარაკობს ევროპელი ხალხისა და დანარჩენი სამყაროს ურთიერთმიმართებაზე ბევრმა შემდგომში მილი გააკრიტიკა იმისათვის, რაც მასში დაინახეს - აშკარა კოლონიალისტური იდეოლოგიის გამართლება და აშკარა ევროპოცენტრიზმი, აშკარა ხედვა იმისა რომ ევროპა არის პროგრესის წყარო მთელ დანარჩენ სამყაროშიც, რომ ის თვისებრივად უკეთესი ადგილია/უკეთესი საზოგადოებები. მეოცე საუკუნეში განსაკუთრებით კოლონიალიზმის კრიტიკის კონტექსტში დიდი ყურადღება მიაქციეს მილის ამ ადგილებს, უხერხულობა ამ ტექსტში არსებობს, მაგრამ რათქმაუნდა გავითვალისწნოთ ისიც, რომ მილი მეცხრამეტე საუკუნეში წერს, მისი ტექსტის და მის იდეებთან სერიოზულ დამოკიდებულება არ ნიშნავს უკრიტიკოდ მივიღოთ ყველა მისი პასაჟი, მაგრამ ჩემი აზრით მილის ტექსტის აი ეს უხერხული მომენტები თუ ის ადგილები რომლებსაც ჩვენ ალბათ დღეს აშკარად აღარ დავეთანხმებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თვითონ მილისავე მტკიცებას, იმის შესახებ რომ ადამიანის შეხედულებები არასდროს არის სრული ჭეშმარიტება და უკეთეს შემთხვევებში ისინი შეიცავს ძვირფას მარცვლებს ჭეშმარიტებისა, შერეულს ბევრ ისეთ რამეში, რაც შემდგომში გადაისინჯება და ალბათ მცდარად ჩაითვლება.
თამარ ცხადაძე დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს თბილისში.
1989-1995 წლების განმავლობაში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯერ ფიზიკის, შემდეგ ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე - რომელიც დაამთავრა ფილოსოფიის სპეციალობით. 1996-1998 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილსოფიის ისტორიის კათედრაზე. 1998 წლის გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) გაიარა კვლევითი სტაჟირება მოსკოვის სახლმწიფო უნივერსიტეტის დასავლური ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე.
1998-1999 წლებში ასწავლიდა ადამიანის უფლებებს თბილისის #57 საჯარო სკოლაში.
1999 წლის შემოდგომაზე დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2009 წლამდე.
2000-2002 წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით ასწავლიდა ფილსოფიის, ლოგიკის, ბიოეთიკის კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
2001 წლის სექტემბრიდან მუშაობდა უმცროს მასწავლებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (2001 წლიდან ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე, 2004 წლიდან - ლოგიკის კათედრაზე).
2003 წელს (იანვარი-მაისი) მიწვეული მკვლევრის (visiting scholar) სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) ფილოსოფიის და რელიგიის დეპარტამენტში.
2004-2005 წლებში (იანვარი-მაისი 2004, იანვარი-მაისი 2005) მიწვეული მკვლევრის სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა სტენფორდის უნივერსიტეტის(კალიფორნია, აშშ) ფილოსოფიის დეპარტამენტში.
2006 წლის იანვარში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გამოცდილების ინტერსუბიექტურობის პრობლემა კარლ პოპერის ეპისტემოლოგიაში“ და მიენიჭა ფილსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2006-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფილსოფიის მიმართულებით.
2009-2012 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გენდერის კვლევის მიმართულებით.
2009 წლიდან მუშაობს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ზოგადი უნარების ჯგუფის სპეციალისტად.
2012 წლის აგვისტოდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანალიზური ფილოსოფიის მიმართულებით.
ქართლ ენაზე თარგმნილი აქვს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური მნიშვნელობის ტექსტები (მათ შორის: თომას კუნის „სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა“, ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“ და „უტილიტარიზმი“, გოტლობ ფრეგეს „საზრისი და ნომინატი“, საულ კრიპკეს „სახელდება და აუცილებლობა“, მერი უოლსტონკრაფტის „ქალის უფლებების დაცვის“ ფრაგმენტები, ჯუდით ბატლერის „გენდერის პრობლემის“ პირველი თავი, უილარდ ვან ორმან ქუაინის, დონალდ დევიდსონის, ჰილარი პატნემის, დევიდ ლუისის და სხვათა მნიშვნელოვანი სტატიები).
იკვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ანალიზური ფილოსოფიის ისტორიის, ფემინისტური თეორიის, ნორმატიულობის და რაციონალურობის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებზე.
ლექცია ეხება მე-19 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნის, ჯონ სტიუარტ მილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. განხილულია მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტის, პოლიტიკური ლიბერალიზმის კლასიკად აღიარებული ტრაქტატის - „თავისუფლების შესახებ “ (1759) - ძირითადი იდეები, მათი ისტორიული და ინტელექტუალური კონტექსტი. მიმოხილულია მილის სხვა მნიშვნელოვან შრომებში განვითარებული შეხედულებებიც.