კურსის შესახებ: დიმიტრი ჯაფარიძე , დიმიტრი ჯაფარიძე ადამ სმიტის შესახებ (ნაწ. V)
5 ლექცია, ხანგრძლივობა: 48 წუთი 50 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
მეოთხე თავი მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ შუა საუკუნეებში ევროპული ქალაქების აღმოცენებამ რა დადებითი გავლენა იქონია ჩამორჩენილ სასოფლო ტერიტორიების წინსვლაზე. განსაკუთრებით, აი ამ სასოფლო არეალში დამკვიდრებული ფეოდალური თავგასულობის ცხოვრების წესზე. ძალზედ საინტერესოდ და ღრმად აღწერს ამ პროცესებს ავტორი, ისევე როგორც ნებისმიერ ეკონომიკურ ნიუანსს და მოვლენას, რომელსაც იგი ამჩნევს და ძალიან გასაგები ფორმით გადმოგვცემს. კერძოდ, უპირველესი სარგებელი ქალაქების განვითარებისა სოფლისადმი გახლდათ ის, რომ თეზისები შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული ავტორს: პირველი ის, რომ ქალაქი წარმოადგენდა სოფლისთვის ბაზარს, შესაბამისად ქალაქის ზრდა იწვევდა სოფლის ზრდას, მოთხოვნის ზრდას მის პროდუქტზე, მის საქონელზე, მის მომსახურებაზე და ამგვარად, სოფლის მასშტაბიც თანდათანობით იზრდებოდა. მეორე გახლდათ ის, რომ ქალაქში დაგროვილი კაპიტალი, ხელოსნობით, მანუფაქტურებით დაგროვილი კაპიტალი, რეინვესტირების ობიექტების ძიებისას პირველყოვლისა სოფელს აკითხავდა და ახორციელებდა აი ამ ინვესტიციებს სასოფლო დანიშნულების მიწებში, მიწათმოქმედებაში და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო აქტივობაში. და მესამე, ძალზედ მნიშვნელოვანი ის, რომ ვაჭრობისა და მანუფაქტურების განვითარებამ თანდათანობით სოფელთან ურთიერთობაში გამოიწვია ქალაქიდან სოფლისაკენ გონივრული მმართველობის და ცივილური წესების გადატანა და ამ გზით უკვე თანდათანობით აღმოფხვრა ის შუა საუკუნეების შავ-ბნელი პერიოდიდან მომავალი ფეოდალური მანკიერებანი, რაც აგრე მკვრივად იყო ჩამჯდარი სასოფლო ცხოვრებაში. ჩვენ შევჩერდებით აი ამ მესამე თეზისზე, ის თუ როგორი წარმატებით და როგორი გონივრულობით, შეიძლება ითქვას დაძლია ახალმა ცხოვრებამ ვაჭრობისა და მანუფაქტურების განვითარებამ სოფლის დრომოჭმული ცხოვრების ხასიათი და მოდელი. კერძოდ, ვაჭრობის განვითარებამ საშუალება მისცა მსხვილ მემამულეებს, ფეოდალებს, გარკვეულწილად თვითონაც ჩაბმულიყვნენ ვაჭრობაში. როგორ იყო ადრე, აქ იყო ასეთი წესი სოფლად გამეფებული, რომ ფეოდალებს თავიანთი მოსავლიდან, სასოფლო-სამეურნეო ამონაგებიდან, შეეძლოთ, შეზღუდული ვაჭრობისა გამო, შეეძლოთ მხოლოდ ის გაეკეთებინათ, რომ იმ გარდამეტიდან, რაც მათ ოჯახებს არ სჭირდებოდათ, ეს პროდუქტი მიემართათ მათ კმაყოფაზე მყოფი გლეხებისა და სხვადასხვა კატეგორიის, ასე ვთქვათ დამოკიდებული ადამიანების შესანახად, მათი ფიზიკური ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ეს საკმაოდ დიდ მასშტაბებს აღწევდა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად სმიტს მოყვანილი ჰყავს მაგალითი, ინგლისში გრაფი ვორვიკის შემთხვევაში, მის კმაყოფაზე იყო დაახლოებით 30 000 ყმა გლეხი. შესაძლებელია ეს ციფრები არ არის მთლად ზუსტი, ოდნავ გადამეტებული, თუმცა ფაქტია, რომ იგი თვალნათლივ გვაჩვენებს ჩვენ იმ დიდ მასშტაბს, თუ რა, ასე ვთქვათ რაოდენობის დამოკიდებულ პირებთან ჰქონდათ საქმე მსხვილ მემამულეებს. სწორედ ისინი, მემამულეები ამარაგებდნენ მათ, ასე ვთქვათ უბრუნებდნენ ამ პროდუქტს და ეს პროდუქტი იყო და სხვა შემოსავალი ამ გლეხებს არ გააჩნდათ, სწორედ ეს პროდუქტი იყო მათი ცხოვრების ძირითადი საარსებო წყარო. ამგვარად, მდიდრულ სასახლეებში ირეოდნენ სხვადასხვა ჯურის დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც სასიცოცხლოდ კრიტიკულად იყვნენ მიბმული თავიანთ ბატონებზე და ასეთი კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში მათ ელემენტარულად, მათ ოჯახებს შიმშილით ამოხოცვა ემუქრებოდათ. ახლა ჩვენ წარმოგვიდგენია, თუ რა უდიდესი ზეგავლენა ჰქონდათ ამ ფეოდალებს ამ გლეხებზე გამომდინარე იქიდან, რომ სასიცოცხლოდ, ასე ვთქვათ ჰყავდათ მიმაგრებული აი ეს რაოდენობა მოსახლეობის და განკარგავდნენ მათ ბედს და სრული ბატონ-პატრონი იყვნენ ისინი გლეხობის, მათი ოჯახების და მათი შთამომავლობის ცხოვრებაში. ავტორს საკმაოდ საინტერესო მაგალითები ჰყავს მოყვანილი ამ ძლევამოსილების, ამ ძალაუფლების თვალსაჩინოებისათვის. მაგალითად, იმდენად დამოკიდებულები იყვნენ გლეხები ასეთ ფეოდალებზე, რომ ნებისმიერ საქმეში წამყოლი იყვნენ როგორც იტყვიან და ერთ-ერთი შოტლანდიელი დიდგვაროვანის მაგალითია აქ მოყვანილი, გრაფი ლოჩიელის, რომელიც თავისი რეგალიებით არც თუ ძალიან დაწინაურებული გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი კონფლიქტის შემთხვევაში შეძლო გამოეყვანა საბრძოლველად დაახლოებით 800 გლეხი. მთლიანობაში ფეოდალები იყვნენ უპირობო ბატონ-პატრონები მათზე დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებისა და მათ მამულებში ეწეოდნენ, ასე ვთქვათ ადგილობრივ მმართველობას სრულფასოვნად, მათ შორის მართლმსაჯულებასაც კი, იქნებოდა ეს სისხლის სამართლებლივ თუ სამოქალაქო სფეროებში. სწორედ ისინი ჭრიდნენ ფულს და ნებისმიერი ადგილზე ცხოვრებისეულ საკითხს წყვეტდნენ თვითონ ერთპიროვნულად. ძალზედ მნიშვნელოვანია ასევე გავიხსენოთ ის, რომ რომის იმპერიის დაცემის შემდგომ მდიდარმა ფეოდალებმა ცხოვრება დაიწყეს უკვე თავიანთ მამულებში, განსხვავებით იმისა როგორიც იყო იმპერიის აღზევების პერიოდში, როდესაც დიდ ქალაქებში ისინი ცხოვრობდნენ ერთად, საერთო გალავანის შიგნით და ასე არეგულირებდნენ თავიანთ უსაფრთხოებას. არა, იმპერიის დაცემის შემდგომ უკვე გადაინაცვლეს ფეოდალებმა თავიანთი ტერიტორიების, მამულების სიღრმეში ააგეს იქ სასახლეები და პრაქტიკულად აი ამ გლეხებს და ყმებს შორის აი ამ ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ აწარმოებდნენ თავიანთ მმართველობით საქმიანობას. მოკლედ, ჩვენ შეგიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ მთელი შემოსავალი, რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო იგი, ფეოდალის მიერ მიემართებოდა მხოლოდ და მხოლოდ მის კმაყოფაზე მყოფი ადამიანების შესანახად, ანუ იგი დაზოგვას ვერ ახორციელებდა და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ვაჭრობა შეზღუდული იყო და მათ წვდომა არ ჰქონდათ ფართო სავაჭრო ურთიერთობებთან. მოგვიანებით უკვე სავაჭრო ურთიერთობის განვითარებასთან ერთად მოხდა ამ ურთიერთობის სოფელში გადატანა და ფეოდალები დადგნენ არჩევანის წინაშე, რომ გაცვლის მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო შემოსავალი ექციათ დანაზოგებად. თავდაპირველად ეს იყო ისეთი რაღაც ფეოდალური სიხარბისა და ეგოს ხელის შემწყობი ურთიერთობები, როდესაც მათ სთავაზობდნენ ისეთ ფუფუნების საგნებს, რომელსაც განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა მათთვის შეიძლება არ ჰქონდა, მაგრამ დაზოგვისთვის, ასე ვთქვათ გამოსადეგ საგანს წარმოადგენდა. მაგალითად, ძვირფასეულობა, ძვირფასი ლითონები, მოყვანილია აქ მაგალითი, როდესაც ბრილიანტის აბზინდაში ფეოდალს შეეძლო მთელი წლის სარჩო-საბადებელი მიეცა. ანუ ამგვარად თანდათანობით ფეოდალებისათვის შეუმჩნევლად დადგნენ ისინი ასეთი ალტერნატივის წინაშე, ან გაეგრძელებინათ ეს მფლანგველი ცხოვრება, უდარდელი ცხოვრება, ან მათ თანდათან დაეწყოთ დაზოგვა, თავიანთი გარდამეტის გაცვლით, სასაქონლო გაცვლით ან ფულადი ურთიერთობით უკვე თანდათანობით მხოლოდ და მხოლოდ ის შეენარჩუნებინათ რაც სჭირდებოდათ, მოსავლის ის ნაწილი, დანარჩენი ექციათ დანაზოგად. და მათთვის შეუმჩნევლად, უკვე მათ დაიწყეს უპირატესობის მინიჭება ისეთი აქტიური სავაჭრო ურთიერთობისათვის, რაც მათ საშუალებას აძლევდა ეკონომიკური ეფექტი მიეღოთ თავიანთი უძრავი ქონებიდან, თავიანთი მამულებიდან, თუმცა კი მათთვის შეუმჩნევლად უკვე მათ დაიწყეს ძალაუფლების დაკარგვა, ეს იყო ის ძალაუფლება როდესაც მათზე მთელი თავისი ცხოვრებით უპირობოდ დამოკიდებული იყვნენ ის ყმა გლეხები და მოსახლეობა, ვინც მათ მამულებში ცხოვრობდნენ.
დიმიტრი ჯაფარიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. ილიაუნისთან თანამშრომლობს 2006 წლიდან დღემდე. აღნიშნულ პერიოდში ახორციელებდა როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობას. კერძოდ, იყო ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სპორტის აკადემიის დირექტორი. ამჟამად არის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი (beri.iliauni.edu.ge) და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2012 წლიდან დღემდე - მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით.
მის მიერ მომზადებული სალექციო კურსები განკუთვნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამებისათვის: გლობალური პოლიტიკური ეკონომია, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველოს ეკონომიკა, კავკასიის ეკონომიკა, სსრკ ეკონომიკის ისტორია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ბიზნესის კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი და ა.შ.
მის კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეწარმეობა, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ინოვაციები, ტექნოლოგიების გადაცემა, საწარმოთა კონკურენტუნარიანობა, რეგიონალური ეკონომიკური განვითარება, კორუფცია ეკონომიკასა და ბიზნესში, ინტელექტუალური საკუთრება, საგანმანათლებლო სისტემის მენეჯმენტი და ა.შ.
დიმიტრი ჯაფარიძეს აქვს კორპორატიულ სფეროში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. წლების განმავლობაში იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს კომერციულ საბანკო სფეროში, იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC, Paris) ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოში, გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE, Geneva) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ა.შ. დიმიტრი ჯაფარიძე კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კარნეგის ფონდის კვლევითი სტიპენდიანტია.
ლექციები შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ადამ სმიტის შესახებ